გაქაჩავს თუ არა შენი PC Windows 11-ს — ნახე მინიმალური სისტემური მოთხოვნები
Microoft-მა Windows 11 ოფიციალურად დააანონსა. Windows 11 განახლებულ სამომხმარებლო ინტერფეისსა და უამრავ ახალ ფუნქციას მიიღებს და ალბათ, გაინტერესებთ, რა მონაცემების მქონე კომპიუტერი დაგჭირდებათ მის გასაშვებად.
საბედნიეროდ Microsoft-მა მინიმალური მონაცემების დოკუმენტიც გაგვიზიარა. სისტემური მოთხოვნები ცოტათი გაზრდილია, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ Windows 7-ის შემდეგ მონაცემები დიდად აღარ იზრდება.
პირველ რიგში, გაიზარდა მინიმალური RAM-ის მოთხოვნა და Windows 11-ის გასაშვებად თქვენ 4გბ ოპერატიული მეხსიერება დაგჭირდებათ, რაც ასევე ნიშნავს იმასაც, რომ სისტემა მხოლოდ 64 ბიტიანი იქნება. ასევე, Windows 11-ის ჩასაწერად 32გბ შიდა მეხსიერება აღარ გეყოფათ და მის ჩასაწერად 64გბ შიდა მეხსიერება დაგჭირდებათ.
როგორც უკვე ვთქვით, Windows 11-ის გასაშვებად 64 ბიტიანი პროცესორი დაგჭირდებათ. პროცესორს ორი ან მეტი ბირთვი უნდა ჰქონდეს, რაც დღეს გასაკვირი ნამდვილად აღარაა.
თუმცა, პროცესორების შემთხვევაში ყველაფერი ასე მარტივად არ არის. Microsoft-ს სპეციალური სია აქვს იმ პროცესორებისა, რომლებზეც Windows 11-ის დაყენება იქნება შესაძლებელი. უხეშად რომ ვთქვათ — თქვენ დაგჭირდებათ მინიმუმ Intel-ის მერვე თაობის ან უფრო ახალი პროცესორი, AMD-ის Zen 2 ან უფრო ახალი და Qualcomm-ის Snapdragon 850 ან უფრო თანამედროვე მოდელი.
Microsoft დაგვპირდა, რომ გადახედავდა თავის გადაწყევტილებას Intel-ის მეშვიდე თაობის პროცესორებთან და AMD-ის Zen 1-თან დაკავშირებით, თუმცა ჯერ ამ მხრივ სიახლე მხოლოდ ისაა, რომ სიას, მეშვიდე თაობიდან, Core X და Xeon პროცესორები დაემატა, ასევე ერთ-ერთი პოპულარული i7-7820HQ, რომელსაც Microsoft Surface Studio 2-ში ვხვდებით. ასევე, მიუხედავად იმისა, აკმაყოფილებს თუ არა პროცესორი ამ მოთხოვნებს, მას უნდა ჰქონდეს TMP 2.0. ეს Windows 10 1607 ვერსიაზე მომუშავე პროცესორებსაც სჭირდებათ. მისი შემოწმება და გააქტიურება BIOS-დან შეგიძლიათ.
Windows 11 — სისტემური მოთხოვნები
პროცესორი — 1 გიგაჰერციანი ან უფრო ჩქარი, მინიმუმ 2 ბირთვიანი, 64 ბიტიანი;
RAM — 4 გიგაბაიტი;
შიდა მეხსიერება — 64გბ;
TMP — Trusted Platform Module (TPM) 2.0;
ვიდეო ბარათი — DirectX 12-ისა და WDDM 2.0-ის მხარდაჭერით;
ეკრანი — მაღალი გარჩევადობის (720p HD), 9 ინჩზე დიდი, 8 ბიტიანი ფერთა არხით;
ინტერნეტი და Microsoft-ის ექაუნთი — Windows 11 Home-ის პირველ ჯერზე ჩასართავად ინტერნეტი და Microsoft-ის ექაუნთი დაგჭირდებათ. ინტერნეტი Windows-ის ნებისმიერ ვერსიას სჭირდება განახლებებისა და დრაივერების გადმოსაწერად. Microsoft-ის ანგარიშის შეყვანა კი მხოლოდ ზოგი ფუნქციის ასამუშავებლადაა საჭირო.
ეს ის ძირითადი მოთხოვნებია, რომლებიც Windows 11-ის გასაშვებად დაგჭირდებათ — სრული, დეტალური მონაცემების ნახვა კი აქ შეგიძლიათ.
თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე
კომენტარები