პანდემიისას მოზარდებში უნებლიე მოძრაობებმა იჩინა თავი — ფსიქოლოგიური პრობლემებისა და სოციალური მედიის როლი
TikTok-ზე ახალი ყურადსაღები ტენდენცია ვრცელდება. წინა ტენდენციებისგან განსხვავებით (რძის ყუთის გამოწვევა იქნება ეს თუ ანტივაქსერული ამბები), ამჯერად ექიმები მოზარდთა ნევროლოგიურ ჯანმრთელობაზე ღელავენ.
Motherboard-ის უწყებით, TikTok-ის მომხმარებელთა მზარდ რიცხვს, რომელთა შორისაც გოგოები და ახალგაზრდა ქალები ჭარბობენ, პანდემიის პერიოდში ტიკები (უნებლიე, უაზრო, განმეორებითი მოძრაობები, რომელიც უეცრად ვითარდება და ადამიანის მიერ ნაკლებად კონტროლდება) განუვითარდათ, რომელიც ტურეტის სინდრომისათვის დამახასიათებელ ტიკებს წააგავს. სხვა აშკარა მიზეზების არარსებობის გამო, ექსპერტები ამაში იზოლაციის სტრესსა და ზოგადად კოვიდ-19-ის პანდემიას ადანაშაულებენ. ასევე გასათვალისწინებელია იმ ადამიანების ზეგავლენაც, რომლებიც ტიკებს სოციალური მედიის საშუალებით აჩვენებენ სხვებს.
"ეს ეპიდემიაა პანდემიის ფარგლებში", — განაცხადა კალგარის უნივერსიტეტის ნევროლოგმა დავიდე მარტინომ.
რა თქმა უნდა, ზედაპირულობა იქნება იმის თქმა, რომ თინეიჯერებს ტიკები მხოლოდ ონლაინ ვიდეოების ყურებით უვითარდებათ, თუმცა მეცნიერები საკითხს საკმაოდ სერიოზულად უდგებიან — ჟურნალ Movement Disorders-ში წინა თვეში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ტიკების შემთხვევათა კუთხით 12-25 წლის გოგოებში საერთაშორისო აფეთქება შეინიშნება, რომელიც პანდემიის პერიოდში გამოვლინდა.
მიუხედავად ამისა, ტურეტის სინდრომსა და TikTok-ის მომხმარებელთა შემთხვევებში მაინც მნიშვნელოვანი განსხვავება არსებობს. ტურეტი, როგორც წესი, ადამიანებს უფრო პატარა ასაკში ეწყებათ, იგი უფრო ხშირია ბიჭებთან და ნაკლები სიმძაფრის ტიკებს იწვევს. ამასთანავე, ახლებური ტიკების მქონე ადამიანები იმასაც იუწყებიან, რომ შფოთვისა და გუნება-განწყობილების აშლილობების ისტორიაც აღენიშნებათ.
ამ განსხვავებების გამო მეცნიერებმა ტერმინი "ფუნქციური ტიკისმაგვარი ქცევები" გამოიგონეს, რათა ახალ სიმპტომთა სწრაფი წარმოშობა აღეწერათ. როგორც ექსპერტები Motherboard-თან საუბრისას ახსენებენ, არსებული განსხვავება სიმპტომების რეალურობას ეჭვქვეშ არ აყენებს.
"ჩვენ, რასაკვირველია, ვადასტურებთ, რომ ისინი ტიკებს ვერ აკონტროლებენ", — განაცხადა მარტინომ — "ზოგიერთი პაციენტი და მათი ოჯახები სასოწარკვეთილები არიან; თანაგრძნობა და თავდადება გვესაჭიროება, რათა ვეცადოთ და დავეხმაროთ მათ".
კომენტარები