NASA-მ მფრინავი ტაქსის გამოცდა დაიწყო — როდის გახდება სერვისი ხელმისაწვდომი
ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნულმა სააგენტომ (NASA) ვერტიკალური აფრენისა და დაშვების სისტემით აღჭურვილი ტაქსის გამოცდა დაიწყო. ელექტროძრავზე მომუშავე აპარატი, რომლის ტესტირებასაც სპეციალისტები მომდევნო 2 კვირის განმავლობაში გეგმავენ, აშშ-ის კალიფორნიის შტატში დაფუძნებული კომპანიის Joby Aviation მიერ არის შექმნილი.
აშშ-ის კოსმოსური სააგენტო მფრინავ ტაქსის საკუთარი პროგრამის Advanced Air Mobility National Campaign ფარგლებში, Joby Aviation-ის ბაზაზე ცდის. აღსანიშნავია, რომ ეს პირველი მსგავსი პრეცედენტია. მათი მიზანი იმის გარკვევაა, თუ როგორ ფუნქციონირებს საჰაერო მოძრაობისთვის განკუთვნილი აპარატი, რამდენად ხმაურიანია გადაადგილებისას და ა.შ. ეს მონაცემები NASA-ს ავიაციის მომავლის განსაზღვრაში, მოსალოდნელი გამოწვევების დადგენასა და კომპანიებისთვის დღესდღეობით დაწესებულ რეგულაციებში არსებული ხარვეზების გამოვლენაში დაეხმარება.
როგორც ცნობილია, NASA-ს ინჟინრები მფრინავი ტაქსის მიერ სხვადასხვა ეტაპზე გამოცემულ ხმას სპეციალურად აწყობილი მოძრავი აკუსტიკური ბაზიდან დააკვირდებიან, სადაც 50-ზე მეტი მიკროფონი იქნება დამონტაჟებული. მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, მეცნიერები აპარატის ხმაურს დრონების, თვითმფრინავებისა თუ ვერტმფრენებისთვის დამახასიათებელ ხმაურს შეადარებენ.
Joby Aviation-ის საჰაერო ტაქსი იმგვარადაა შექმნილი, რომ ფრენისას ნაკლებად იხმაუროს. მას 6 პროპელერის მეშვეობით 241 კილომეტრ მანძილზე გადაადგილება შეუძლია, მაქსიმალური სიჩქარე კი საათში 321 კილომეტრს შეადგენს. აპარატი 4 მგზავრსა და 1 პილოტს იტევს. ის გარემოში გამონაბოლქვს არ გამოყოფს. 2017 წლიდან დღემდე მოდელის პროტოტიპებს 1 000-ზე მეტი სატესტო ფრენა აქვთ შესრულებული.
Joby Aviation-ში აცხადებენ, რომ მათ მფრინავ ტაქსის საქალაქთაშორისო მგზავრობისთვის ან ტვირთის გადაზიდვისთვის გამოიყენებენ. ისინი იმედოვნებენ, რომ 2023 წელს აშშ-ის ავიაციის ფედერალური ადმინისტრაციისგან კომერციული საქმიანობისთვის საჭირო ნებართვას მიიღებენ, 2024 წელს კი ეს სერვისი უკვე ხელმისაწვდომი გახდება.
კომენტარები