Samsung-მა სმარტფონის კამერის 200-მეგაპიქსელიანი სენსორი დააანონსა — ეს ყველაზე მაღალი რეზოლუციის მქონე სენსორია სმარტფონებისთვის, რომელიც აქამდე შექმნილა. სამსუნგის ახალ ქმნილებას ISOCELL HP1 ჰქვია, მას 0.64μm-იანი პიქსელები აქვს და შეუძლია 16 მათგანის გაერთიანება, რაც 12.5-მეგაპიქსელიანი სენსორის 2.56μm პიქსელის ექვივალენტურია.

Samsung HP1-ში გამოყენებულ პიქსელების შემკრებ/გამაერთიანებელ ტექნოლოგიას ChameleonCell-ს უწოდებს. პიქსელების ოთხი-ოთხზე შეკრებით, 12.5-მეგაპიქსელიანი ფუნქცია დაბალი განათების პირობებში გადაღებისთვისაა გამოსადეგი, თუმცა, სენსორს ასევე შეუძლია გადაიღოს 200-მეგაპიქსელიანი რეზოლუციის ფოტოები, ან გამოიყენოს ChameleonCell პიქსელების ორი-ორზე გასაერთიანებლად, ამ გზით კი 50 მეგაპიქსელიანი ფოტოს მიღება იქნება შესაძლებელი.

ეს უკანასკნელი, ანუ ორი-ორზე შეკრებილი პიქსელები, HP1-ს 8K რეზოლუციის ვიდეოების გადაღების საშუალებასაც აძლევს. Samsung-ის თქმით, ამ რეჟიმში სენსორს შეუძლია გადაიღოს 8K ვიდეო კუთხეების შემცირების გარეშე, ანუ 8K სტანდარტში (7,680 x 4,320), მაშინ როცა 50 მეგაპიქსელზე ნაკლებს გამოიყენებს.

გარდა ამისა, Samsung ასევე საუბრობს სხვა ახალ სენსორზე, რომელსაც ISOCELL GN5 ჰქვია. ეს 50-მეგაპიქსელიანი სენსორია, 1.0μm-იანი პიქსელებით. კომპანიის თქმით, ეს პირველი 1.0μm პიქსელის მქონე სენსორია, რომელიც Dual Pixel Pro ტექნოლოგიასთანაა თავსებადი. ეს 1.4μm პიქსელის მქონე GN2-ის მომცრო ვერსიას მოგაგონებთ, ეს უკანასკნელი კი Xiaomi-ს Mi 11 Ultra-შია გამოყენებული და უდიდესი სმარტფონის კამერის სენსორია, რომელიც წელს გახდა ხელმისაწვდომი.

Samsung-ს არ დაუკონკრეტებია, თუ როდიდან დაიწყებს ახალი სენსორების მასპროდუქციას, თუმცა, მისი ნიმუშები უკვე ხელმისაწვდომია სმარტფონების მწარმოებელთათვის.