სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაცია გლობალურ BIT SENTINEL-თან თანამშრომლობას იწყებს
კავკასიის უნივერსიტეტმა და სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციამ მიიღო BIT SENTINEL-ის ექსკლუზიური ერთწლიანი წარმომადგენლობა კავკასიის რეგიონში. BIT SENTINEL არის კიბერ უსაფრთხოების ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია, ასევე ის გახლავთ ევროპის ყველაზე მასშტაბური კიბერ უსაფრთხოების ღონისძიება DefCamp-ის ორგანიზატორი.
თანამშრომლობის ფარგლებში, კავკასიის უნივერსიტეტს და სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციას ეძლევა საშუალება ჩაატარონ ეთიკური ჰაკინგის კურსები BIT SENTINEL-ის მიერ შემუშავებული პროგრამის მიხედვით. მეცადინეობები ჩატარდება სპეციალიზირებულ პლატფორმაზე განთავსებულ რეალურ სავარჯიშო მანქანებზე. სასწავლო პროცესი განხორციელდება BIT SENTINEL მეთვალყურეობით.
კავკასიის უნივერსიტეტში ყოველ სემესტრში დაემატება ეთიკური ჰაკინგის შესაბამისი საგანი. ამასთან ერთად, კავკასიის უნივერსიტეტს და სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციას ეძლევა საშუალება BIT SENTINEL-ის სახელით ჩაატაროს კიბერ უსაფრთხოების ღონისძიებები — ჰაკათონები.
გამომდინარე იქიდან, რომ BIT SENTINEL არის ევროპაში ერთ-ერთი წამყვანი კიბერ უსაფრთხოების ორგანიზაცია, მათ მიერ შემუშავებული პროგრამული და სავარჯიშო ბაზა პასუხობს უმაღლეს სტანდარტებს და არის განახლებადი კიბერ უსაფრთხოების ბაზრის ტენდენციების მიხედვით.
"სწავლება საერთო შემუშავებული მოდულებით საგრძნობლად გაზრდის კიბერ უსაფრთხოების და შეღწევადობის ტესტირების დონეს კავკასიის უნივერსიტეტის და სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციის სტუდენტებში. იმედს ვიტოვებთ, რომ რამდენიმე წელიწადში კიბერ უსაფრთხოების დონის ამაღლება დაეტყობა მთელ რეგიონს", — ამბობს გიორგი იაშვილი, საქართველოს სამეცნიერო კიბერუსაფრთხოების ასოციაციის (SCSA) ტექნიკურ დირექტორი.
უნდა აღინიშნოს, რომ BIT SENTINEL-ის მხარდაჭერით კავკასიის უნივერსიტეტში დაარსდება კიბერ უსაფრთხოების ცენტრი, რომლის ფუნქციებშიც შევა სწავლების ხარისხის კონტროლი და კიბერ უსაფრთხოების ღონისძიებების ორგანიზება.
კიბერ უსაფრთხოების ცენტრში იქნებიან ჩართულები სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციის ტექნიკური დირექტორი და კავკასიის უნივერსიტეტის ლექტორი გიორგი იაშვილი, კავკასიის უნივერსიტეტის და სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციის ტრენერი გიორგი ახალაია და სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციის ტრენერი და შეღწევადობის ტესტერი — სერგეი სიმონოვი. ცენტრის ხელმძღვანელი კი იქნება კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი, სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციის პრეზიდენტი მაქსიმ იავიჩი. პროექტში ასევე აქტიურად ჩართულია კავკასიის უნივერსიტეტის ტექნოლოგიების სკოლის დეკანი, შოთა ნიჟარაძე.
კომენტარები