ნახეთ ვიდეო: ბალახისმჭამელი გიგანტური კუ ჩიტზე ნადირობისას გამოიჭირეს
მგონი, შეიძლება ითქვას, რომ მკვლევრებმა კამერაზე მტაცებლობის ყველაზე აუჩქარებელი აქტი დააფიქსირეს — გიგანტური კუ, რომელიც ნელა (ძალიან ნელა) მიიწევს მსხვერპლის მოსანადირებლად.
მეტისმეტად გაჭიანურებული შეტაკება მოუქნელ, თითქმის აუჩქარებელ გიგანტურ კუსა (Aldabrachelys gigantea) და მონადირებულ ჩიტს შორის საკმაოდ შემზარავი და, ამავდროულად, სრულებით გამაოგნებელი სანახავია — როდის გინახავთ, კუს რამე მოენადირებინოს?
"ვერ ვიჯერებდი თვალით დანახულს", — აცხადებს ბიოლოგი ჯასტინ გერლახი კემბრიჯის უნივერსიტეტიდან — "ერთდროულად შემზარავი და გასაოცარი სანახაობა იყო".
ჩანაწერი, რომელიც ფრეგატის კუნძულზე გადაიღეს სეიშელების არქიპელაგში, გიგანტურ კუს გვიჩვენებს, რომელიც მომცრო ჩერჩეტი ფრინველის (Anous tenuirostris) ბარტყს ნელა უახლოვდება. აღსანიშნავია, რომ ამ სახეობის ჩიტს ფრენა ბუნებრივად არ შეუძლია.
ახალ კვლევაში, რომელიც შეტაკებას აღწერს, მკვლევრები მიანიშნებენ, რომ თავდასხმამ საერთო ჯამში 7 წუთს გასტანა იმ დროის ჩათვლით, როცა კუმ ბარტყს მორის ზედაპირზე მისდია. ეს პირველი აღწერილი შემთხვევაა, რომ კუ სხვა ცხოველს განზრახ ესხმოდეს თავს და შემდეგ შთანთქავდეს.
ვიდეო ანნა ზორამ, ფრეგატის კუნძულის ორგანიზაციის დაცვის წარმომადგენელმა და მდგრადობის მენეჯერმა გადაიღო. ჩანაწერი მხოლოდ მოვლენის ნაწილს მოიცავს, თუმცა კუს მხრიდან განზრახული, ცალსახა და კარგად გათვლილი თავდასხმის დასანახად ნამდვილად საკმარისია.
"პირდაპირ ბარტყს შესცქეროდა და მიზანმიმართულად მოძრაობდა მისკენ", — ამბობს გერლახი — "უაღრესად უცნაური იყო და კუს ნორმალური ქცევისგანაც ძალიან განსხვავებული".
მაშინ, როცა A. gigantea-ის მსგავსი კუები უმთავრესად ბალახისმჭამელები არიან, მკვლევრების თქმით, არსებობს არაფორმალური ცნობები იმის შესახებ, რომ კუები თავიანთი ბაკნებით ჭყლეტდნენ კიბორჩხალებს, ან ცნობები იმის მანიშნებლად, რომ ბალახისმჭამელ ცხოველებს ჩიტები ან ლეში შეეჭამოთ. მიუხედავად ამისა, წინა კვლევებით მონადირების შემთხვევა რეალური ფაქტებით არასოდეს დადასტურებულა.
"აქამდე ვერანაირად ვერ იტყოდი, კუმ პირდაპირ მოკლა ცხოველი თუ შემთხვევით დააჯდა და შემდეგ გაჭყლეტილი".
ახალი ჩანაწერი საკმაოდ შემზარავი გზით გვპასუხობს კითხვაზე — კუები ნამდვილად ნადირობენ ცოცხალ არსებებზე და არც რაიმე შეცდომას უშვებენ პროცესში. უბრალოდ ამისათვის გარკვეული დრო სჭირდებათ და მსხვერპლიც საკმაოდ მარტივად დასაჭერი უნდა იყოს.
უცნობია, ასეთი რამ რამდენად ხშირად ხდება. მეცნიერებზე დაყრდნობით, გარკვეული მინიშნებები არსებობს, რომ ეს იმაზე ბევრად ხშირია, ვიდრე წარმოგვედგინა, მინიმუმ ფრეგატის კუნძულზე მცხოვრებ კუთა პოპულაციაში მაინც.
"ბარტყთან ასეთი პირდაპირი მიდგომა იმის მანიშნებელია, რომ კუს აქამდეც დაუჭერია წიწილა მსგავს სიტუაციაში", — წერენ მკვლევრები — "ეს ნიშნავს, რომ ამ სახის ურთიერთზემოქმედება ამ ინდივიდისათვის იშვიათი რამ არ არის. სხვა კუებზე დაკვირვება, როდესაც ჩიტებს ინადირებენ და ჭამენ, მიანიშნებს, რომ ეს ქცევა რამდენიმე ინდივიდს ახასიათებს".
კომენტარები