ავღანელი მეოცნებეები — გოგოებით დაკომპლექტებული რობოტიკის გუნდი ავღანეთის დასატოვებლად იბრძვის
დაუდასტურებელი ინფორმაციით, გოგოების გუნდი დაიკარგა.
ავღანეთის რობოტიკის გუნდი, რომელმაც ამასწინათ თავისი საუცხოო გამოგონებების შესახებ გვაცნობა, დიდი საფრთხის წინაშეა. გუნდი სრულად გოგოებითაა დაკომპლექტებული, მათი მშობლიური ქალაქი, ჰერატი კი, ქვეყნიდან შეერთებული შტატების გასვლის შემდეგ თალიბანმა დაიკავა.
გოგოებს, რომელთაც ავღანელ მეოცნებეებსაც უწოდებენ, ომისა და სიღარიბის მსგავსი არაერთი დაბრკოლება გადაულახავთ, რათა ინჟინერიასა და AI სფეროში საკუთარი მიზნები განეხორციელებინათ, ეს ყველაფერი კი შესაძლოა მალე დასრულდეს.
20 წევრიან გუნდს, რომელიც 12-18 წლამდე გოგოებითაა დაკომპლექტებული, ავღანეთი რობოტიკის გლობალურ ტურნირებზე არაერთხელ წარმოუჩენია. აღსანიშნავია, რომ გოგოებმა გამოყენებული მანქანის ნაწილებით ხელოვნური სუნთქვის აპარატი შექმნეს, რათა ქვეყანას კოვიდ-19-თან ბრძოლაში დახმარებოდნენ და სახელიც ასე გაითქვეს.
ახლა ისინი სასოწარკვეთილნი ცდილობენ, ავღანეთიდან გაღწევის საშუალება გამონახონ. მათი უფლებების დასაცავად საერთაშორისო ადამიანის უფლებების ადვოკატი კიმბერლი მოტლი იბრძვის, რომელიც გოგოების ლტოლვილებად მიღების თხოვნით კანადას მიმართავს.
"ჰერატში თალიბანის წევრები არიან და უნივერსიტეტიდან გოგოებს უშვებენ. ეუბნებიან, რომ აღარ დაბრუნდნენ. ქალები ცხადდებიან სამსახურში და მათაც უკან უშვებენ. რობოტიკის გუნდი კი ამას ხედავს და თვალცრემლიანი შესცქერის, როგორ ნადგურდება მათი ქალაქი", — თქვა მოტლიმ Canadian Broadcast News-ის ვიდეო-ინტერვიუში და ასევე დაამატა, რომ გოგოებს ძალიან ეშინიათ.
თალიბანმა ავღანეთის მთავრობა ხელში კვირას ჩაიგდო, პრეზიდენტმა აშრაფ განიმ კი, მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყანა დატოვა. თალიბანი ქალებისათვის ელემენტარული ადამიანური უფლებების, თუნდაც განათლების წართმევის კუთხითაა ცნობილი და ახალგაზრდა გოგოებში, ბავშვებში ნაადრევ ქორწინებასაც უწყობს ხელს.
მოტლიმ CDC-სთან საუბრისას ხაზი გაუსვა, თუ რამდენად ავის მომასწავებელია სიტუაცია.
"საუბედუროდ, რაც წინა კვირას პატარა გოგოების თავს ხდებოდა, ისაა, რომ თალიბანი პირდაპირ კარდაკარ დადიოდა და ბავშვებს არჩევდა ძალით დასაქორწინებლად", — განაცხადა მან — "ძალიან ვღელავთ იმაზე, რაც რობოტიკის გუნდს ემუქრება — მათ უნდათ ინჟინრები იყვნენ, AI საზოგადოების წევრები და ისინი წარმატების ოცნებასაც ბედავენ".
მომდევნო მოხსენებებში აღნიშნულია, რომ გოგოების გუნდი დაიკარგა, თუმცა ინფორმაცია ჯერჯერობით არ დადასტურებულა.
ინტერნეტში ვირუსულად გავრცელებული ახალი ჩანაწერი აჩვენებს, რომ ხალხი ამერიკულ თვითმფრინავზე აძრომას ცდილობს ქვეყნიდან გასაქცევად, მინიმუმ ორი ადამიანი კი თვითმფრინავიდან ვარდება და კვდება.
აქამდე ქვეყანას ომის უამრავი წელი აქვს გამოვლილი, რამაც ავღანელი გოგოებისათვის განათლების მიღება კიდევ უფრო გაართულა. მაშინ, როცა ავღანელი მეოცნეების მსგავსი მოსწავლეები მსოფლიოზე საკუთარი ნიშის დამჩნევას ცდილობენ, ყველაფრის წყალში ჩაყრა ნამდვილად სამწუხარო იქნება.
კომენტარები