Xiaomi-მ პირველი კიბერძაღლი გამოუშვა
Xiaomi-მ ახალი რობოტი ძაღლი CyberDog წარადგინა, რომელიც open-source პროექტია, რაც ნიშნავს იმას, რომ დეველოპერებს ექნებათ შესაძლებლობა შექმნან აპლიკაციები რობოტისათვის.
როგორც Xiaomi-ს ბლოგპოსტიდან ვიგებთ, რობოტი აღჭურვილი იქნება Nvidia-ს Jetson Xavier NX-ით, რომელიც მსოფლიოში ყველაზე პატარა AI სუპერკომპიუტერია.
ეს უძლიერესი, ხელოვნურინტელექტიანი მოდული უამრავი აპლიკაციის გაშვების საშუალებას იძლევა. რობოტი შეძლებს ისწავლოს პატრონის ცნობა და მასზე მიყოლა.
კიბერძაღლს 11 სენსორი აქვს, მათ შორის შეხებისა და ულტრაბგერითი, რომელიც მას გარემოსთან ინტერაქციის საშუალებას აძლევს. მას შეუძლია გამოარჩიოს თავისი პატრონი ხალხის მასაშიც კი. მისთვის დაბრკოლებების გადალახვაც არ იქნება ძნელი.
"კიბერძაღლი თავის პატრონს სახის ამოცნობის ფუნქციებით ცნობს, მას შეუძლია აუაროს გვერდი დაბრკოლებებს მაშინ, როდესაც პატრონს უკან მიყვება" — განმარტა Xiaomi-მ თავის პრეს-რელიზში
Xiaomi დასაწყისისთვის 1 000 CyberDog-ს გამოუშვებს ფანებისთვისა და რობოტიკის ენთუზიასტებისთვის, რათა შეისწავლონ CyberDog-ის უდიდესი შესაძლებლობები. საწყის ეტაპზე მნიშვნელოვანია რომ შეიქმნას სხვადასხვა აპლიკაციები რობოტისათვის, სწორედ ამიტომ აირჩია ასეთი გზა Xiaomi-მ.
რაღა თქმა უნდა, შიაომი რობოტებს უფასოდ არ დაარიგებს. თუ თქვენ კიბერძაღლის შეძენას მოისურვებთ, მაშინ მასში დაახლოებით 1 550 ამერიკული დოლარის გადახდა მოგიწევთ.
კომენტარები