Zoom-ის ახალი ფუნქციით, ვიდეოზარისას დამსწრეების თვალიერებას ვეღარ შეძლებთ
ვიდეოზარის მასპინძლები დაინახავენ მონაწილეებს, თუმცა მონაწილეები ერთმანეთს — ვეღარ.
Zoom-მა ახალი ფუნქცია, Focus წარადგინა, რომლის მიზანის ვირტუალური შეხვედრებისას დამსწრეების კონცენტრაციაზე ზრუნვაა. Focus ფუნქციის ჩართვის შემდეგ, ლექტორები (ან შეხვედრის მასპინძლები) დაინახავენ თითოეულ მონაწილეს (რომელსაც კამერა ჩართული აქვს), თუმცა მონაწილეები ერთმანეთის თვალიერებას ვეღარ შეძლებენ.
ეს ფუნქცია ელექტრონული სწავლების პროცესის გარდა, ფართო ვებინარების კუთხითაც სასარგებლო შეიძლება იყოს. გარდა ამისა, Focus რეჟიმის ჩართვა-გამორთვის მართვა მიზნისმიერად შეიძლება. მაგალითად, შეიძლება მასპინძელმა რეჟიმი ჩართოს მანამ, სანამ მხოლოდ თვითონ საუბრობს (ლექციისას, პრეზენტაციისას), დისკუსიის დაწყებისას კი გამორთოს ის და ყველას მისცეს საშუალება კითხვების დასმისას თუ დისკუსიაში ჩართვისას ჩანდეს. The Verge-ის ცნობით, ეს რეჟიმი უფასო ანგარიშისთვისაც ხელმისაწვდომია.
Focus რეჟიმის გააქტიურების შემდეგ, დამსწრეებს შეეძლებათ ორგანიზატორისა და საკუთარი გამოსახულების ნახვა, ასევე, დაინახავენ სხვა მონაწილეების სახელებსა და ემოჯებს, რომლებითაც ისინი გამომსვლელს გამოეხმაურებიან. Focus ფუნქციის გააქტიურება კი ვიდეოზარის მასპინძლებს More ღილაკზე დაჭერის შემდეგ, შესაბამის ფუნქციაზე (Focus) დაკლიკვით შეეძლებათ.
კომენტარები