საერთაშორისო კოსმოსური სადგურისკენ ხომალდი გაფრინდა — მას პიცა და 3 700 კილოგრამი ტვირთი გადააქვს
სამშაბათს, ვირჯინიის აღმოსავლეთ სანაპიროდან კომპანიის Cygnus სატვირთო ხომალდი გაეშვა. მან საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს (ISS) სამშაბათს უნდა მიაღწიოს და სადგურზე 3 700 კილოგრამი ტვირთი უნდა მიიტანოს. ტვირთი მოიცავს ვაშლებს, პომიდვრებს, კივის, ყველის ნაკრებს და პიცას შვიდი ადამიანისთვის. ეს ყველაფერი Northrop Grumman-ის უახლესი კოსმოსური სადგურის მიწოდების სერვისის დახმარებით ხდება.
გარდა საკვებისა, ხომალდი სადგურზე გადაიტანს დასამონტაჟებელ საყრდენებს ახალი მზის პანელებისთვის, რომელთა გაშვებაც მომავალ წელს იგეგმება. ასევე ნივთიერებას, რომლითაც შექმნიან მთვარის მტვრის სიმულაციას. ტვირთში იქნება ლორწოვანი ობიც ფრანგული საგანმანათლებლო ექსპერიმენტისთვის, სახელწოდებით Blob და ინფრაწითელი სხივების დასაფიქსირებელ მოწყობილობაც, რომელიც მომავალი სათვალთვალო სატელიტების პროტოტიპს წარმოადგენს.
აღსანიშნავია, რომ NASA-სთვის ეს Northrop Grumman-ის მიწოდების მე-16 და ყველაზე დატვირთული მისიაა. კომპანიის Antares რაკეტის საშუალებით კაფსულა NASA-ს Wallops Flight Facility კოსმოდრომიდან გაეშვა.
"ალოჰა ელისონ ონიძუკას", — განაცხადა Northrop Grumman-მა გაშვებამდე რამდენიმე წუთით ადრე. კაფსულას პირველი აზიელი ამერიკელის, ონიძუკას სახელი უწოდეს, რომელიც კოსმოსში გაფრინდა და რომელიც 1986 წლის ჩელენჯერის კატასტროფის დროს დაიღუპა.
ISS-ზე გაემგზავრება მალე SpaceX-ის გადამზიდიც. ამჟამად კოსმოსურ სადგურზე სამი ამერიკელი, სამი რუსი, ერთი ფრანგი და ერთი იაპონელი ასტრონავტი იმყოფება.
კომენტარები