პორტუგალიელი ქალი იღლიიდან რძეს გამოყოფს — რამდენად ხშირია პოლიმასტიის დიაგნოზი
მშობიარობის შემდგომ ქალი იღლიის არეში ტკივილმა შეაწუხა, გამოკვლევის შემდეგ კი დამატებითი სარძევე ქსოვილი აღმოაჩნდა.
მშობიარობას არაერთი უცნაური ცვლილების გამოწვევა შეუძლია დედის ორგანიზმში, მაგრამ ორსულობის შემდგომი პერიოდი პორტუგალიელი ქალისათვის საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა — ახალ მოხსენებაზე დაყრდნობით, მან იღლიიდან რძის გამოყოფა დაიწყო.
The New England Journal of Medicine-ის მოხსენების თანახმად, მშობიარობიდან ორ დღეში 26 წლის ქალმა ექიმებს შეატყობინა, რომ მარჯვენა იღლიაში ტკივილი დაეწყო, ადგილის გამოკვლევის შემდეგ კი ექიმებმა ქალის იღლიაში მრგვალი მასა აღმოაჩინეს. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მასა "დაჭერისას თეთრ სეკრეტს გამოყოფდა", როგორც ავტორები წერენ წმინდა მარიას საავადმყოფოდან, ლისაბონში.
ქალს პოლიმასტიის დიაგნოზი დაუსვეს, რაც სხეულში დამატებითი სარძევე ქსოვილის არსებობას გულისხმობს. 1999 წელს ჟურნალ Mayo Clinic Proceedings-ში გამოქვეყნებული ნაშრომის თანახმად, "დამატებითი" სარძევე ქსოვილით ქალების 6 პროცენტზე მეტი იბადება. ზოგიერთ შემთხვევაში ქსოვილზე კერტი ან არეოლაც (შეფერილი ადგილი კერტის გარშემო) შეინიშნება, სხვა დროს კი მხოლოდ სარძევე ქსოვილია, Live Science-ის ადრინდელ მოხსენებაზე დაყრდნობით.
American Journal of Roentgenology-ის 2014 წლის ნაშრომის მიხედვით, მოვლენა ჩანასახოვანი განვითარებისას ხდება, როცა სარძევე ჯირკვლების წინამორბედი უჯრედები "რძის ზოლის" გაყოლებაზე ყალიბდება, რომელიც იღლიიდან საზარდულამდე ვრცელდება სხეულის ორივე მხარეს. როგორც წესი, ზოლები მკერდის გარდა ყველგან ქრება, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სხეულზე ნაშთური სარძევე ქსოვილი რჩება. ამასთანავე, დამატებითი ქსოვილი ყველაზე ხშირად იღლიაში იჩენს თავს.
1999 წლის ნაშრომზე დაყრდნობით, თუ დამატებით ძუძუს კერტი ან არეოლა არ ახლავს, შესაძლოა ადამიანმა მისი არსებობა ვერც კი შენიშნოს, სანამ არ დაორსულდება ან ძუძუთი კვებას არ დაიწყებს. ამ შემთხვევაში, რძე დამატებით სარძევე ქსოვილშიც ისევე ჩნდება, როგორც ჩვეულებრივ ძუძუში, ხოლო ქალებმა შესაძლოა ამ ადგილას დასიება ან ტკივილი იგრძნონ.
ზოგიერთ მათგანს დამატებითი სარძევე ქსოვილიდან რძის გამოწველაც კი შეუძლია: ნაშრომის ავტორებმა 18 წლის ქალის შემთხვევა აღწერეს, რომელიც იღლიაში არსებული ქსოვილიდან რძეს 8 კვირის განმავლობაში იწველიდა, დისკომფორტის შემცირებისა და ძუძუთი კვების გაგრძელების მიზნით.
ექიმებმა პორტუგალიელი ქალი დაარწმუნეს, რომ მდგომარეობა კეთილთვისებიანია და ასევე უთხრეს, რომ ძუძუს კიბოს სკრინინგისას დამატებითი სარძევე ქსოვილიც ისე უნდა გამოეკვლიათ დაავადებაზე, როგორც ჩვეულებრივი. შეუძლია თუ არა ქალს დამატებითი ძუძუდან ბავშვის გამოკვება ან რძის გამოწველა, ჩვენთვის უცნობია.
კომენტარები