დისიდენტი სპორტსმენების რეპრესიები ბელარუსში — რატომ მოითხოვა ოლიმპიადაზე წასულმა სპრინტერმა თავშესაფარი
ოლიმპიური ასპარეზობის დასრულებიდან მალევე ტოკიოს თამაშების მონაწილეებს ქვეყნის დატოვება და სამშობლოში დაბრუნება უწევთ. წესი კოვიდრეგულაციებს უკავშირდება, ამიტომ, მართალია, მასშტაბურ ღონისძიებასთან გამოთხოვება რთულია, თუმცა, წესის წინააღმდეგ არავინ არ მიდის...
...ბელარუსი კრისტინა ტიმანოვსკაიას გარდა. 24 წლის სპრინტერი ტოკიოს აეროპორტში ძალით წაიყვანეს თავის ქვეყანაში დასაბრუნებლად. ბორტზე ასვლის ნაცვლად, ტიმანოვსკაიამ აეროპორტში პოლიციას მიმართა, მოგვიანებით კი, იაპონიაში პოლონეთის საელჩოში მივიდა და ევროპაში თავშესაფარი მოითხოვა. პოლონეთის მთავრობამ მას ჰუმანიტარული ვიზა მისცა.
რა იყო მიზეზი, რის გამოც ბელარუსის ოლიმპიურმა ნაკრებმა თავისი თანაგუნდელის სამშობლოში სასწრაფოდ დაბრუნება განიზრახა, ტიმანოვსკაიამ კი განაცხადა, რომ სამშობლოში დაბრუნების შემთხვევაში მას მკაცრად დასჯიდნენ?
სპორტსმენის თქმით, ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ოლიმპიური ნაკრების ხელმძღვანელობის ქმედებები გააკრიტიკა. ამ ქმედებას, თავის მხრივ, კრიტიკა მოჰყვა თავის სამშობლოში, სადაც მომხდარს სახელმწიფოს დაქვემდებარებაში მყოფი მედია გამოეხმაურა.
ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ ვიდეოში ტიმანოვსკაია ამბობს, რომ მწვრთნელებმა იგი 4×400 მეტრის დისტანციაზე სირბილში შეჯიბრში დაარეგისტრირეს, იმის მიუხედავად, რომ იგი ამ პირობისათვის არ მომზადებულა. მწვრთნელების გადაწყვეტილებას წინ უძღოდა რამდენიმე სპორტსმენისათვის შეჯიბრებაში მონაწილეობის უფლების ჩამორთმევა, რადგან ათლეტების ნაწილმა არასაკმარისი დოპინგტესტი გაიარა.
"ზოგიერთი გოგო აქ არ ჩამოსულა, რადგან 4×400 დისტანციაზე სირბილში შეჯიბრში მონაწილეობის უფლება არასაკმარისი დოპინგტესტის გამო ვერ მიიღეს", — განაცხადა ტიმანოვსკაიამ აეროპორტში, — "ამიტომ, მწვრთნელმა გაფრთხილების გარეშე დამამატა ამ კატეგორიაში. როცა ამის შესახებ ღიად განვაცხადე, მთავარი მწვრთნელი მოვიდა და მითხრა, რომ 'ზემოდან მოსული' ბრძანების გამო, მე თამაშებიდან მოხსნილი ვიყავი".
24 წლის სპრინტერი ბელარუსის ოლიმპიური ნაკრების ხელმძღვანელობამ 200-მეტრიან დისტანციაზე შეჯიბრიდანაც მოხსნა, რითიც ტიმანოვსკაია წლევანდელ ოლიმპიადას ერთბაშად გამოეთიშა.
სწორედ ამის შემდეგ გადაწყდა მისი აეროპორტში წაყვანა და ბელარუსისკენ მიმავალ თვითმფრინავზე დასმა. თუმცა, ტიმანოვსკაიას მწვრთნელების გეგმა არ შედგა — სპორტსმენი ჯერ პოლონეთის საელჩომ შეიფარა, ჰუმანიტარული ვიზის მიღების შემდეგ კი იგი 4 აგვისტოს, გვიან, მინსკის ნაცვლად ვარშავაში მიემგზავრება. უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, ფრენის დეტალები უცნობია.
სანამ მთელი მსოფლიოს ყურადღება ტიმანოვსკაიასკენაა მიმართული, ბელარუსის ოლიმპიური კომიტეტი ამტკიცებს, რომ სპორტსმენი შეჯიბრიდან მწვრთნელების გადაწყვეტილებით და ექიმების შეფასებით "მისი ემოციური, ფსიქოლოგიური მდგომარეობის" გამო მოიხსნა.
თუმცა, ოლიმპიადიდან მოხსნის მიზეზს სხვა სავარაუდო საფუძველი შეიძლება გამოეძებნოს, თუ გავიხსენებთ რომ ტიმანოვსკაია ერთ-ერთია იმ 2 000 ბელარუსი სპორტსმენიდან, ვინც ხელახალი არჩევნების ჩატარებისა და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით ღია წერილს ხელი მოაწერა.
გამოხმაურება მოვლენებზე
როგორც ცნობილია, სპორტსმენის დასახმარებლად რამდენიმე ქვეყანას მიმართეს, პირველი კი, რომელმაც თხოვნას გამოეხმაურა, პოლონეთი იყო.
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, მარჩინ ფშიდაჩის განცხადებით, სპორტსმენი ქვეყნის დიპლომატიური სამსახურის დაცვის ქვეშ რჩება.
"პოლონეთი, რაც საჭიროა, ყველაფერს გააკეთებს, რათა მას სპორტული კარიერის გაგრძელებაში დაეხმაროს", — წერს ფშიდაჩი.
ამასთან, მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, რომ თუკი ტიმანოვსკაია კარიერის პოლონეთში გაგრძელებას მოისურვებს, ამას დაუბრკოლებლად შეძლებს.
პოლონეთში სპორტსმენს თავისი ქმარი და მწვრთნელი, არსენი ზდანევიჩიც შეუერთდება. როგორც მან AFP-სთან ინტერვიუში აღნიშნა, მისი ქვეყანაში დარჩენა უსაფრთხო არ იყო, ამიტომ ბელარუსი უკვე დატოვა და ამჟამად თავს უკრაინას აფარებს.
იმავდროულად, პოლონეთის საელჩომ გაერთიანებულ სამეფოში, ბელარუსში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით რამდენიმე განცხადება გააკეთა.
"ბელარუსში სამოქალაქო საზოგადოებასა და თავისუფალ მედიას ბოლო 30 წელია, მხარს ვუჭერთ, რადგან გვჯერა რომ ამ ქვეყნის ხალხს აქვს უფლება, იცხოვროს დემოკრატიულ, სუვერენულ, დამოუკიდებელ სახელმწიფოში. ჩვენ განვაგრძობთ ამ მხარდაჭერას", — წერს საელჩო ტვიტერზე.
ამასთან, SkyNews-თან ინტერვიუში ფშიდაჩმა განაცხადა, რომ ისინი ლუკაშენკოსა და ბელარუსის ხელისუფლებისგან ოპოზიციასა და ხალხთან დიალოგის დაწყებას მოელიან, რათა ქვეყანაში დემოკრატიზაციის პროცესი დაიწყოს.
"ჩვენც და ევროკავშირიც დახმარებისათვის მზად ვართ", — აცხადებს მინისტრის მოადგილე.
მოვლენებს გამოეხმაურა ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი და ამჟამად ლტოლვილი, სვეტლანა ტიხანოვსკაია. მან საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს სპრინტერის დაცვისკენ მოუწოდა და ლუკაშენკოს რეჟიმს ტიმანოვსკაიას "მოტაცებაში" დასდო ბრალი.
"მას საერთაშორისო დაცვისა და ოლიმპიადაზე ასპარეზობის გაგრძელების უფლება აქვს", — განაცხადა ტიხანოვსკაიამ, — "ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ გამოიძიონ ბელარუსის ოლიმპიური კომიტეტის ქმედებები, რომლებიც სპორტსმენების უფლებებს არღვევს".
"უმჯობესია, სულ არ დაბრუნდეთ"
პრეზიდენტ ლუკაშენკოსაც და მის შვილსაც, ვიქტორსაც (რომელიც ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტია) ოლიმპიურ თამაშებზე დასწრება აეკრძალათ. მიზეზი სპორტსმენების პოლიტიკური შეხედულებების გამო მათი დევნაა.
ტოკიოს თამაშების დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, ლუკაშენკომ სპორტული გუნდების ხელმძღვანელებსა და ათლეტებს მიმართა და საკუთარი მოლოდინები გაუმხილა.
"წასვლამდე ამაზე იფიქრეთ", — განაცხადა მან, — "თუკი არაფრით ჩამოხვალთ, უმჯობესია, საერთოდ არ დაბრუნდეთ".
ბელარუსში სპორტსმენების საქმიანობა უმეტესად სახელმწიფო დაფინანსებაზეა დამოკიდებული, თუმცა, არაერთმა ცნობილმა ათლეტმა ოპოზიციას ღიად დაუჭირა მხარი. ამისთვის მათ დიდი ნაწილს ეროვნული ნაკრებები დაატოვებინეს. ნაწილი კი, მათ შორის კალათბურთელი ელენა ლევჩანკა და ათჭიდელი ანდრეი კრავჩანკა, ციხეში მოხვდა.
თუმცა, ტიმანოვსკაიას თავისი საქმიანობისა და პოლიტიკის დაკავშირება არ სურს.
"პოლიტიკაში ჩართვა არ მინდა", — ამბობს იგი, — "ჩემთვის ჩემი კარიერა და მხოლოდ სპორტია მნიშვნელოვანი. ახლა მარტო ჩემს მომავალზე ვფიქრობ, როგორ შევძლებ საქმიანობის გაგრძელებას".
სპრინტერი ასევე დასძენს, რომ იგი ეროვნული ნაკრებიდან გარიცხვასაც მოელის, თუმცა, ერთადერთი, რაც ამჟამად ადარდებს, საკუთარი უსაფრთხოებაა.
რეპრესიები ბელარუსში
სანამ ბელარუსის მოქალაქეები თავშესაფარს ეძებენ, მათ, ვინც ქვეყნის დატოვების მსურველებს გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანაში ეხმარება, კლავენ.
უკრაინის პოლიციამ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ბელარუსი აქტივისტი და არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი, რომელიც თანამოქალაქეებს ქვეყნიდან გაქცევაში ეხმარებოდა, კიევის ერთ-ერთ პარკში ჩამომხრჩვალი იპოვეს.
აქტივისტები ვარაუდობენ, რომ ეს ამბავი ბელარუსის რეჟიმის მიერ "კარგად დაგეგმილი ოპერაცია" იყო და ისინი მკვლელობის თვითმკვლელობად წარმოჩენას ცდილობენ.
ლუკაშენკოს რეჟიმი, რომელიც ბელარუსში უკვე 27 წელია, არსებობს, გასულ წელს ჩატარებული არჩევნების შემდეგ კიდევ ერთხელ მოექცა მსოფლიოს ყურადღების ცენტრში. არჩევნების გაყალბებაში ხელისუფლების დადანაშაულების შემდეგ ქვეყანაში მასშტაბური დემონსტრაციები დაიწყო, არაერთი დისიდენტი, მათ შორის ლუკაშენკოს ოპონენტები არჩევნებში, ან ციხეში მოხვდა, ან ქვეყნიდან გაიქცა.
ამგვარი რეპრესია კვლავაც გრძელდება — მაისის თვეში თვითმფრინავი, რომელშიც დისიდენტები ისხდნენ და საბერძნეთიდან ლიეტუვისკენ მიფრინავდა, მინსკისკენ წაიყვანეს. აეროპორტში დასმისთანავე ჟურნალისტი რამან პრატასევიჩი თავის პარტნიორთან ერთად დააკავეს.
რამდენიმე კვირის წინ გადაადგილების პრობლემა შეექმნა პირველ ბელარუს ნობელიანტ მწერალს, სვეტლანა ალექსიევიჩსაც. იგი პოლონეთში მიფრინავდა კიდევ ერთ ნობელიანტთან, ოლგა ტოკარჩუკთან, შესახვედრად, რა დროსაც ბომბის თანქონის ეჭვით ბერლინის აეროპორტში დააკავეს. ამის შემდეგ მას პოლონეთამდე გზის მანქანით გაგრძელება მოუხდა და აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი კვლავაც ლუკაშენკოს რეჟიმს უკავშირდებოდა. თავად ალექსიევიჩი უკვე წლებია, უპირისპირდება როგორც ამ რეჟიმს, ასევე საბჭოთა სენტინემენტებს ქვეყანაში, რის გამოც მუქარების სამიზნე არაერთხელ ყოფილა. მათ შორის, გასულ წელს, როცა მის სახლში დასაცავად არაერთი ქვეყნის დიპლომატი მივიდა.
"ეს რეჟიმი გამუდმებით არღვევს უკვე საზღვრებს", — ამბობს ოპოზიციონერი ტიხანოვსკაია, — "ტერორი მხოლოდ ბელარუსის საზღვრებში აღარაა მოქცეული. თავდაპირველად, ევროკავშირის ერთი დედაქალაქიდან მეორეში მიმავალი თვითმფრინავი გაიტაცეს. ახლა კი სხვა სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიაზე მიმდინარე მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიებისას საკუთარი მოქალაქეების მოტაცებას ცდილობენ. ეს რეჟიმის დაუსჯელობის შედეგია.
"ეჭვგარეშეა, რომ კრისტინა ტიმანოვსკაია ჩვენი გმირია. მას სიმამაცე ეყო, რომ ხმა აემაღლებინა და სწორედ ამ გამბედაობისთვის გახდა რეპრესიების სამიზნე. ჩვენ მის გვერდით უნდა ვიდგეთ და სოლიდარობა გამოვხატოთ. ამასთან, ეს ბოროტმოქმედები უნდა დაისაჯონ და ნებისმიერ საერთაშორისო ღონისძიებაზე მონაწილეობა უნდა აეკრძალოთ.
"თუმცა, ეს შემთხვევა იმაზეც მიუთითებს, რომ არცერთი ბელარუსი, ვინც ქვეყანა დატოვა, არც ახლაა უსაფრთხოდ. მიუხედავად ამისა, მეორე მხრივ, ეს სისტემის სიმყიფესა და დაუცველობაზეც მეტყველებს", — დასძენს ტიხანოვსკაია, — "ვიმედოვნებ, ეს იმის ნიშანიცაა, რომ რეჟიმის გარდაუვალი ჩამონგრევა მოახლოებულია".
კომენტარები