პანდემიისას ბავშვებს ახლომხედველობა 2.5-ჯერ უფრო ხშირად განუვითარდათ, ვიდრე პანდემიამდე — კვლევა
კარანტინისას სახლში, ეკრანის პირისპირ დახარჯული წელიწადის გამო ახლომხედველობის შემთხვევები ბავშვებში 2.5-ჯერაა გაზრდილი.
შესაძლოა მშობლები მართლები იყვნენ, როცა გვაფრთხილებდნენ, რომ მთელი დღის განმავლობაში ტელევიზორის ყურება თვალებს გვატკენდა.
ფილმების, ტელევიზორისა და ვიდეოთამაშების ცქერაში დახარჯული, შინ გატარებული წელიწადის შემდეგ, მეცნიერები აცხადებენ, რომ ბავშვებში ახლომხედველობა და მხედველობის სხვა პრობლემები იმატებს.
The Guardian-ის მოხსენებით, მიუხედავად იმისა, რომ კარანტინისათვის დამახასიათებელი დაძაბული თვალები კოვიდ-19-ის სხვა საშინელებებს არც კი შეედრება, ექიმები და მეცნიერები ჯანმრთელობის ხანგრძლივ გართულებებს აკვირდებოდნენ ბავშვებში, რომელთაც ზრდა-განვითარება კარანტინში მოუწიათ. სამწუხაროდ, British Journal of Ophthalmology-ში ორშაბათს გამოქვეყნებული ახალი კვლევის თანახმად, პანდემიისას ბავშვებს მიოპია, იგივე ახლომხედველობა 2.5-ჯერ უფრო ხშირად უვითარდებოდათ, ვიდრე პანდემიის დაწყებამდე.
"ჰონგ-კონგში სკოლა თვეობით დაიკეტა და მას სარეკრეაციო ობიექტები, სათამაშო და სპორტული მოედნები, ასევე ღია ცის ქვეშ მდებარე ტურისტული ბანაკები და ქალაქგარე პარკებიც მიჰყვა. ბუნებრივია, რომ კითხვაზე, ტელევიზორის ყურებაზე, კომპიუტერების, სმარტფონებისა და სხვა ციფრული მოწყობილობების გამოყენებაზე უფრო მეტი დრო დაიხარჯა", — განაცხადა კვლევის თანაავტორმა, ჰონგ-კონგის ჩინური უნივერსიტეტის ოფთალმოლოგმა ჯეისონ იამმა The Guardian-თან საუბრისას.
იამის გაფრთხილებით, მიოპია სამყაროს დასასრული არ არის, მაგრამ შესაძლოა მომავალში უფრო სერიოზულ ჯანმრთელობის პრობლემებზე მოასწავებდეს.
"კვლევამ აჩვენა, რომ ღია ცის ქვეშ ნაკლები დროის გატარება და დროის ახლო დისტანციიდან სამუშაო საქმეებზე დახარჯვა, მათ შორის ეკრანთან, ახლომხედველობის, მიოპიის უფრო სწრაფ პროგრესირებასთან ასოცირდება, რაც უწყინრად ჟღერს, მაგრამ სინამდვილეში შესაძლოა ერთიდან მრავლამდე ოკულარული გართულებისაკენ განავითაროს მიდრეკილება და მომავალში მხედველობის შეუქცევადი დაკარგვის რისკიც კი გაზარდოს", — აღნიშნა იამმა.
კომენტარები