Google ირწმუნება, რომ მკვლევრებმა კვანტურ კომპიუტერში დროის კრისტალი შექმნეს
მეცნიერები ამბობენ, რომ მათ დროის კრისტალის შექმნის საიდუმლოს საბოლოოდ მიაგნეს. დროის კრისტალებს, რომლებიც მატერიის ახალ ფაზას წარმოადგენენ, აქვთ უნარი, მუდმივად განიცდიდნენ ცვლილებას და ამავდროულად, იყვნენ დინამიკურად სტაბილურები. სხვა სიტყვებით, სტრუქტურის შეცვლისას ისინი ენერგიას არ გამოასხივებენ — ეს ბუნების კანონს ეწინააღმდეგება, რომლის მიხედვითაც ყველაფერი ენტროპიისა და უწესრიგობისკენ მიისწრაფვის.
როგორც ჟურნალი Quanta იუწყება, დროის კრისტალის არსებობა მართლაც შესაძლებელია — ყოველ შემთხვევაში, ამას ამბობს მეცნიერთა გუნდი, რომელიც სტენფორდის, პრინსტონისა და სხვა უნივერსიტეტების მკვლევრებითაა დაკომპლექტებული კვლევის პრეპრინტში, რომელიც გასულ კვირას გამოაქვეყნეს. გუნდი კვლევაზე Google-ის კვანტურ გამოთვლით ლაბორატორიაში მუშაობდა. აღმოჩენამ, შესაძლოა, მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს კვანტური გამოთვლების მიმართულებაზე.
"კვლევის შედეგი საოცარია: თერმოდინამიკის მეორე კანონს ვარიდებთ თავს", — ამბობს კვლევის თანაავტორი და მაქს პლანკის ფიზიკისა და კომპლექსური სისტემების ინსტიტუტის დირექტორი, როდრიკ მესნერი.
როგორც The Next Web იუწყება, კვლევა მიანიშნებს, რომ მის ავტორებს სჯერათ იმის, რაც მათ აღმოაჩინეს და რომ მათ მართლაც გაარკვიეს, თუ როგორ გადმოიტანონ დროის კრისტალები თეორიული აბსტრაქციიდან რეალობაში. აღსანიშნავია, რომ დროის კრისტალის კონცეფცია დაახლოებით 10 წლის წინ გაჩნდა. კვლევის ავტორების თქმით, მათ ისტორიაში პირველად, ექსპერიმენტულად მოახდინეს დროის კრისტალის დემონსტრირება. Quanta აღნიშნავს, რომ ამას აქამდე არაერთი მკვლევარი შეეცადა და მათი ნაწილი ამტკიცებდა კიდეც, რომ დროის კრისტალს დააკვირდნენ, ან შექმნეს იგი. მათ შორისაა მეცნიერთა გუნდი, რომელმაც გასული თვის დასაწყისში ანალოგიურად გადაუმოწმებელი კვლევა გააზიარა, თუმცა არც ეს უკანასკნელი და არც სხვა მოხსენებები აკმაყოფილებდნენ საჭირო სტანდარტს.
იმ შემთხვევაში, თუ ახალი კვლევა ექსპერტების შემოწმებას გაივლის და თუ ვინმე მართლა მოახერხებს ამ დროის კრისტალების კონკრეტული გზით გამოყენებას, მაშინ შეიძლება გადავინაცვლოთ ახალ სამყაროში, სადაც არსებობენ პრაქტიკული, მძლავრი კვანტური კომპიუტერები, რომლებიც მართლა შეძლებენ იმ ყველაფრის შესრულებას, რასაც აქამდე მეცნიერები გვპირდებოდნენ.
კომენტარები