ეს გეიმინგ კომპიუტერი იმდენად ბევრ ენერგიას მოიხმარს, რომ კალიფორნიაში აკრძალულია
Alienware გეიმერებში კარგად ცნობილი ბრენდია, ის Dell-ს ეკუთვნის და ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ გეიმინგ PC-ებს (პერსონალურ კომპიუტერებს) აწარმოებს. დღეს კი Alienware უკვე იმდენად მძლავრ პერსონალურ კომპიუტერებს ყიდის, რომ რამდენიმე შტატში მის ყიდვას ვერ შეძლებთ, რადგან ახალი კანონებით, ისინი ზედმეტად ბევრ ენერგიას მოიხმარენ.
ახლადმიღებული კანონის გამო, რომელიც ზღუდავს პერსონალური ელექტრონიკის მიერ გარკვეულ რაოდენობაზე მეტი სიმძლავრის მოხმარებას, Alienware Aurora Ryzen Edition R10 ან R12 კალიფორნიასა და კიდევ რამდენიმე სხვა შტატში ლეგალურად ვეღარ გაიყიდება. ამ კანონით კალიფორნია გვახსენებს, თუ რამხელა ეფექტი აქვს ჩვენს გაჯეტებს ბუნებასა და კლიმატზე.
"ახალი კანონების თანახმად, ამ პროდუქტის მიწოდება ვერ მოხდება კალიფორნიაში, კოლორადოში, ჰავაიზე, ორეგონში, ვერმონტში ან ვაშინგტონი", — ვკითხულობთ Dell-ის ონლაინ მაღაზიის გვერდზე.
ამ კანონის განხილვა კალიფორნიამ 2016 წელს დაიწყო, ძალაში კი ის 2021 წლის ივლისში შევიდა.
Dell-ის მონაცემებზე დაყრდნობით Aurora R12-ის შეკვეთა 1 000 ვატიანი კვების ბლოკით შეიძლება, ეს საკმაოდ დიდი რიცხვია, ასეთ კვებას სამომხმარებლო კონდინციონერები საჭიროებენ. თუმცა, სიმართლე რომ ითქვას, ეს პერსონალური კომპიუტერი 1 000 ვატ დენს მხოლოდ სრულ დატვირთვაზე, მძიმე დავალებების შესრულებისას მოიხმარს, სხვა შემთხვევაში დენის მოხმარება ამხელა არ არის.
ირონიულია, რომ ახალი კანონით გათვალისწინებული შეზღუდვები შესაძლოა არ შეეხოს ბევრად უფრო ენერგოინტენსიურ და ბუნების დამაზიანებელ კრიპტო მაინერებეს. კანონში ბუნდოვნად ჩანს ეხებათ თუ არა ახალი შეზღუდვები პროფესიონალ მაინერებს, რადგან არ არის დაზუსტებული, მოიხსენიებიან ისინი "პერსონალურ ელექტრონიკად", თუ არა.
კომენტარები