კოსმოსში გასული უხუცესი ადამიანი — 82 წლის უოლი ფანკი
20 ივლისს Blue Origins-ის დამფუძნებელი და მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანი, ჯეფ ბეზოსი კოსმოსში გაფრინდა. მასთან ერთად გაფრინდნენ მისი ძმა მარკი, უცნობი ადამიანი რომელმაც ბილეთი 28 მილიონად იყიდა და 82 წლის ქალი, უოლი ფანკი, რომელიც კოსმოსში გასამგზავრებლად 60 წელი ემზადებოდა. თუმცა, ოცნების ასრულება მხოლოდ ახლა, მაგრამ არა გვიან — 82 წლის ასაკში შეძლო.
კოსმოსური რაკეტა გაფრინდა ტეხასის უდაბნოდან, თბილისის დროით 17 საათზე. 82 წლის ასაკში ფანკი გახდა უხუცესი ადამიანი, ვინც გაიარა 62 მილი დედამიწიდან. ეს მანძილი 1960-იან წელბში დაამტკიცეს, როგორც საზღვარი დედამიწის ატმოსფეროსა და გარე სამყაროს შორის.
ამ მოგზაურობას სხვა დატვირთვაც ჰქონდა. ეს იყო ისტორიული მიღწევა იმის დასამტკიცებლად, რომ ყველას შეუძლია კოსმოსში გაფრენა, ასაკის მიუხედავად.
უოლი ფანკი 1961 წლის თებერვალში მონაწილეობდა პროგრამაში, "მერკურ 13", იგივე "ქალები კოსმოსურ პროგრამაში". მას გავლილი ჰქონდა ყველა ტრენინგი და ტესტირება, რაც საჭირო იყო კოსმოსში მოსახვედრად. თუმცა, პროგრამა, რომელშიც 13 ქალი მონაწილეობდა, გაუქმდა, მისი ოცნება ვერ ასრულდა და ის კოსმოსში ვერ წავიდა.
ფანკმა გაატარა 10 საათი და 35 წუთი სენსორულ იზოლირებულ ავზში, "მერკურ 13"-ის ტესტირებისას, სადაც ცნობილ ასტრონავტს ჯონ გლენს აჯობა. მას აქვს დიდი გამოცდილება პილოტად მუშაობის კუთხითაც. The New York Times-ზე დაყრდნობით, ფანკმა 19 600 საათზე მეტი დრო გაატარა ფრენაში და დაახლოებით 3000 ადამიანს ასწავლა ის.
აღსანიშნავია, რომ 2019 წელს ფანკმა შეიძინა ბილეთი ბორტზე, რომელიც აშენდა რიჩარდ ბრენსონის კომპანიის, Virgin Galactics-ის მიერ, რომელიც არის Blue Origins-ის კონკურენტი. ჯერ კიდევ უცნობია, აპირებს თუ არა ფანკი Virgin Galactics-თან გაფრენას, მას შემდეგ რაც მან ჯეფ ბეზოსთან ერთად კოსმოსში უკვე იმოგზაურა.
თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში — შემდეგი ჯგუფი.
კომენტარები