მეცნიერები ბეტონის საფარის შექმნაზე მუშაობენ, რომელიც მოძრავ ელექტრო ავტომობილებს დატენის
გზა, რომელიც მოძრავ ელექტრონულ ავტომობილს ტენის სამეცნიერო ფანტასტიკას ჰგავს, მაგრამ, როგორც ჩანს ეს რეალურია. წარმოიდგინეთ, ელექტრონული ავტომობილით მოძრაობთ, გზის საფარი კი მას ავტომატურად ტენის. ასეთ შემთხვევაში თქვენი ავტომობილი გზაში არასდროს დაჯდება, შესაბამისად, არც გაჩერება და დროის დაკარგვა მოგიწევთ.
მეცნიერების თქმით, ეს ოცნება სულ მალე რეალური გახდება და პირველი ამ მხრივ ინდიანას შტატი იქნება.
ოცნების ასახდენად კი, ინდიანას ტრანსპორტირების დეპარტამენტი (INDOT), პურდუის უნივერსიტეტი და გერმანული სტარტაპი Magment GmbH გაერთიანდნენ. მათ სურთ შექმნან სისტემა, რომელიც ელექტრონულ ავტომობილებს უკაბელოდ დატენის. საბოლოო ჯამში, მათი მიზანია, მსოფლიოში პირველი უსადენო დამტენი ბეტონის საფარის შექმნა.
მკვლევრების ჯგუფის თქმით, პროექტი სამი ძირითადი ეტაპისგან შედგება. პირველი ორი მოიცავს საფარის ტესტირებასა და ანალიზს. ამ ეტაპების დასრულების შემდეგ, აშენდება გზის საფარი, რომლის სიგრძეც დაახლოებით ნახევარი კილომეტრი იქნება. უკვე ამის შემდეგ, საფარზე ელექტრონული ავტომობილების გამოცდა დაიწყება.
"ამ პროექტს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს. მას შეუძლია ელექტრონული ავტომობილების მოხმარება საგრძნობლად გაამარტივოს“, — ამის შესახებ Magment-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, მაურიციო ესგუერმა განაცხადა.
პროექტი ზაფხულის ბოლოსკენ დაიწყება და თუ რამდენ ხანში დასრულდება ის, ამის შესახებ ზუსტად ჯერ არ ვიცით.
თუ სტატიაში განხილული თემა და მეცნიერების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ მეცნიერებასა და ტექნოლოგიებზე.
კომენტარები