ისტორიაში პირველად — Xiaomi-მ Apple-ს გაყიდვებით გადაასწრო
2021 წლის მეორე კვარტლის მონაცემების მიხედვით, Xiaomi მსოფლიოს ნომერ მეორე სმარტფონების მწარმოებელია. ამის შესახებ ინფორმაციას Canalys ავრცელებს. ჩინურმა კომპანიამ გლობალური ბაზრის 17% დაიკავა, მას მხოლოდ სამსუნგი ასწრებ 19%-ით, ხოლო Apple-ს გლობალური ბაზრის 14% უჭირავს.
BBK Electronics-ის მფლობელობაში არსებულმა Oppo-მ და Vivo-მ მეოთხე და მეხუთე ადგილები 10-10 პროცენტით გაინაწილებს.
გასულ წელთან შედარებით, ხუთივე კომპანიის გაყიდვები საგრძნობლადაა გაზრდილი, თუმცა ამ მხრივ Xiaomi-ს ძალიან დიდი უპირატესობა აქვს. ჩინური კომპანიის ზრდამ, გასულ წელთან შედარებით, 83% შეადგინა, Apple-ის გაყიდვები კი მხოლოდ 1%-ით არის გაზრდილი, სამსუნგის კი 15-ით.
"Xiaomi თავის ბიზნესს ძალიან სწრაფად აფართოვებს" — აღნიშნავს Canalys-ის კვლევითი მენეჯერი, ბენ სტანტონი და იმაზე მიანიშნებს, რომ Xiaomi სწრაფად ითვისებს დასავლეთ ევროპის, აფრიკისა და ლათინური ამერიკის ბაზრებს.
Xiaomi-ს წარმატება ნამდვილად მნიშვნელოვანი ამბავია, თუმცა აღსანიშნია ისიც, რომ მათი სმარტფონების ფასი გაცილებით დაბალია, ვიდრე სამსუნგისა და Apple-ის. Xiaomi-ს სმარტფონების ფასი, სამსუნგთან შედარებით, 40%-ით დაბალია, ხოლო თუ Apple-ის საშუალო ფასს შევადარებთ, მაშინ სხვაობა 75%-მდე გაიზრდება. ამიტომ, წელს Xiaomi-ს მთავარი მიზანი ფლაგმანური სმარტფონების გაყიდვების ზრდა იქნება, რაც Xiaomi Mi 11 Ultra-მ უნდა მოახერხოს.
Canalys-ის თქმით, სმარტფონების გლობალური ბაზარი გასულ კვარტალთან შედარებით 12%-ით არის გაზრდილი.
კომენტარები