NASA-მ მარსზე უკვე გაუშვა Ingenuity. ის პირველი ვერტმფრენი იყო, რომელიც მარსის ზედაპირიდან აფრინდა, თუმცა ნასა უკვე მუშაობს ახალ, უფრო დიდ და მძლავრ შვეულმფრენზე.

Space.com-ის თქმით, ახალ ვერტმფრენს "Mars Science Helicopter" ერქმევა. ის 6 მზიდი ხრახნით აღიჭურვება. ახალ ვერტმფრენზე იგივე ჯგუფი მუშაობს, ვინც Ingenuity ააგო. მიუხედავად იმისა, რომ NASA-ს ოფიციალურად ჯერ არ დაუდასტურებია აღნიშნული ინფორმაცია, ინჟინრები ამბობენ, რომ ახალი ექვს მზიდიანი ვერტმფრენი წითელ პლანეტაზე კილომეტრების ფრენას შეძლებს, რაც პლანეტის შესწავლის მხრივ ახალი ეპოქის დასაწყისი იქნება.

"ჩვენ შევძლებთ ისეთ ლოკაციებზე მისვლას, სადაც როვერი ვერ მიდის, ეს შეიძლება იყოს მაღალი, ქვიანი მთები ან თუნდაც გამოქვაბულები, რომლებშიც როვერი ფიზიკურად ვერ შევა", — ამბობს თეოდორ ტზანეტოსი Space.com-თან საუბარში.

ახალი ვერტმფრენის აგების იდეა Ingenuity-ს წარმატების შემდეგ გაჩნდა. ამ პატარა მფრინავმა მოწყობილობამ უკვე 9 სატესტო ფრენა შეასრულა წითელი პლანეტის ცაში და ძალიან მნიშვნელოვანი ცნობებიც მოგვაწოდა. უნდა გვახსოვდეს, რომ დასაწყისში ნასას საერთოდ არ ჰქონდა იმედი, რომ შვეულმფრენი მარსზე აფრენას შეძლებდა, რადგან პლანეტას ძალიან თხელი ატმოსფერო აქვს.