ირმის ნახტომის კიდეში უიშვიათესი, გიგანტური ჰიპერნოვას აფეთქება დააფიქსირეს
მეცნიერებმა ერთ-ერთი უძველესი და უიშვიათესი, გიგანტური ჰიპერნოვას აფეთქება დააფიქსირეს — მისი ფორმირება დიდი აფეთქებიდან მილიარდ წელზე ნაკლებში დაიწყო.
ეს აფეთქდება 10-ჯერ უფრო ნათელი იყო და ამდენადვე მეტი ენერგია იქნა გამოყოფილი, ვიდრე ტიპური სუპერნოვების აფეთქების შემთხვევაში ხდება ხოლმე.
"ვარსკვლავები, რომლებიც ასე ფეთქდებიან ზემასიურებია და ჩვენ მზეზე ათჯერ ან ბევრად მეტჯერ დიდი მასა აქვთ. ისინი თავიანთი ღერძის გარშემო უსწრაფესად ბრუნავენ და გარშემო უძლიერეს მაგნიტურ ველს ქმნიან. ასეთი ვარსკვლავის აფეთქებისას კოლოსალური ენერგია გამოიყოფა, თვითონ ვარსკვლავისგან კი სხვადასხვა ელემენტების ღრუბელი რჩება, რაც თავისმხრივ ახალი ვარსკვლავების დაბადებისათვის აუცილებელი მასალაა", — ვკითხულობთ კანბერას უნივერსისტეტის ასტრონომის, დევიდ იონგის მოხსენებაში.
იონგმა და მისმა კოლეგებმა იპოვეს შორეული ვარსკვლავი, რომელიც ირმის ნახტომის კიდეში მდებარეობს და აერთიანებს ისეთ ქიმიურ შენაერთებს, რომლის წარმოშობაც მხოლოდ ასეთი, გიგანტური ვარსკვლავის აფეთებით აიხსნება.
სუპერნოვას სახელია J200322.54-114203.3 — შემოკლებით J2.
J2 მზისგან 7 500 სინათლის წლითაა დაშორებული. მკლევრების თქმით, მისი ფორმირება დაახლოებით 13 მილიარდი წლის წინ ანუ სამყაროს შექმნიდან 800 მილიონი წლის შემდეგ დაიწყო. ასეთი ასაკის მქონე ვარსკლავები სამყაროს ერთ-ერთი უძველესი ობიექტებია.
ახალ კვლევაში, მეცნიერებმა ზუსტად გაანალიზეს ვარსკვლავის შემადგენელი ქიმიური ელემენტები. ამ გაზომვებისთვის მათ ატაკამას უდაბნოში განთავსებული, მაგელანის გიგანტური ტელესკოპი გამოიყენეს. ასტრონომებმა აღმოაჩინეს, რომ სხვა, ასეთივე ასაკის მქონე ვარსკვლავებთან შედარებით J2 ძალიან ცოტა რკინას შეიცავს, თუმცა მასში კოლოსალური რაოდენობითაა კონცენტრირებული თუთია, ურანი და ეუროპიუმი, რაც რკინასთან შედარებით უფრო მძიმე ელემენტებია.
ასეთი რაოდენობით მძიმე ელემენტების არსებობა შესაძლოა ნეიტრონული ვარსკვლავების (ვარსკვლავები, რომლებსაც შეიძლება მზის მასა ქონდეთ, თუმცა ზომით პატარა ქალაქის ხელაა) შეერთების თეორიით ავხსნათ, თუმცა მკვლევრების თქმით, J2-ში შემავალი მძიმე ელემენტები იმდენად ბევრია, რომ ნეიტრონული ვარსკვლავების შეერთებით ეს მოვლენა ვერ აიხსნება.
ავტორების თქმით, ერთადერთი ახსნა, რაც მძიმე ელემენტების თავმოყრას შეიძლება მოვუძებნოთ, აფეთქებული ჰიპერნოვას ზემასიურობაა. ასეთი მასის მქონე ვარსკლავის აფეთქება, როგორც უკვე ვთქვით, აქამდე დაფიქსირებული არ ყოფილა.
ეს აღმოჩენა უბრალო აფეთქებაზე მეტია. ასეთი დიდი აფეთქება გალაქტიკების ფორმირების ადრეულ პერიოდში უნდა მომხდარიყო. ეს ფაქტი ასევე ცხადყოფს იმასაც, რომ სამყაროს შექმნის საწყის ეტაპზე ჰიპერნოვები ვარსკლავების ფორმირებაში დიდ როლს ასრულებდნენ.
კომენტარები