8 დღე კიბერსამყაროში — ბაკურიანში კიბერუსაფრთხოების ბანაკი იხსნება
5 ივლისიდან ბაკურიანში სამეცნიერო კიბერუსაფრთხოების ასოციაცია უნიკალურ სასწავლო პროგრამა — კიბერბანაკს იწყებს. კიბერბანაკი კომპიუტერების დარგით დაინტერესებულ სტუდენტებსა და სკოლის მოსწავლეებს კიბერუსაფრთხოებაში, გრაფიკულ დიზაინში, პროგრამირებასა და მსგავს მიმართულებებში გარკვევის შესაძლებლობას აძლევს.
კიბერბანაკისა და ციფრული დიზაინის ბანაკის პროგრამები უკვე მეოთხე წელია, მონაწილეებს სასწავლო და გასართობ აქტივობებს სრულიად განსხვავებულ გარემოში სთავაზობს.
ბანაკის მონაწილეები 8 დღით ერთვებიან კიბერსამყაროში, სადაც მათ უამრავი თავგადასავალი ელით. ეს არის ჰაკერული თავდასხმების რეალური მაგალითები, კიბერ უსაფრთხოების ყველაზე საინტერესო მომენტების განხილვა, საჭირო უნარების მიღება როგორც გრაფიკულ დიზაინში, ასევე პროგრამირებასა და ეთიკურ ჰაკინგში.
ბანაკის მონაწილეებს საშუალება ექნებათ, ეთიკური ჰაკინგისთვის მსოფლიოს წამყვანი პლატფორმებით ისარგებლონ. დაგეგმილია ე.წ. აქტიური პროგრამა, რომელიც ლოგიკურ და სპორტულ თამაშებს, ექსკურსიებსა და პიკნიკებს გულისხმობს.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქტივობა ბანაკის ფარგლებში ორგანიზებული ფინალური შეჯიბრია, რომლის დროსაც მონაწილეები გაიყოფიან ჯგუფებად და მოამზადებენ პროექტებს კიბერუსაფრთხოებისა და კომპიუტერული მეცნიერების მიმართულებით. შეჯიბრში გამარჯვებულებს საშუალება ექნებათ, კიბერუსაფრთხოების ასოციაციაში ანაზღაურებადი სტაჟირება გაიარონ.
„მონაწილეები გაეცნობიან კიბერუსაფრთხოების, პროგრამირების და ხელოვნური ინტელექტის კონცეფციებს, ისწავლიან პროგრამების შექმნასა და ვებდიზაინს. მათ ექნებათ წარმოდგენა იმაზე, თუ როგორ დაიცვან თავი ინტერნეტში, ასევე, გაიგებენ, როგორ აწარმოებენ ჰაკერები სხვადასხვა ტიპის კიბერთავდასხმებს და როგორ უნდა შეძლონ მათი პრევენცია. ამასთან ერთად, პარალელურ რეჟიმში ჩატარდება ციფრული დიზაინის ბანაკის პროგრამაც, რომლის ფარგლებშიც მონაწილეები დაეფლოებიან გრაფიკული დიზაინის ძირითად კონცეფციებს, როგორც რასტრულ, ასევე ვექტორულ გრაფიკაში და, ასევე, შეისწავლიან ციფრული დიზაინის თანამედროვე ტენდეციებსა და მიდგომებს", — აცხადებს სამეცნიერო კიბერუსაფრთხოების ასოციაციის პრეზიდენტი, მაქსიმ იავიჩი.
კიბერბანაკში მოხვედრის მსურველებს რეგისტრაციის გავლა შემდეგ ბმულზე შეგიძლიათ.
კომენტარები