აღმოსავლეთ აზიაში კორონავირუსის ეპიდემია 20 000 წელზე დიდი ხნის წინაც იყო — კვლევა
ბოლო 20 წელია მსოფლიო სხვადასხვა ტიპის კორონავირუსს ებრძვის. გავრცელებული მოსაზრებით, ყველაფერი კორონავირუსის SARS და MERS ვარიანტებით დაიწყო, 2019 წლის ბოლოს კი მას Covid-19-იც მიემატა. ამ უკანასკნელმა ჩვენი ცხოვრება ნამდვილად მნიშვნელოვნად შეცვალა და რაც უფრო სამწუხაროა, უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. თუმცა, როგორც ახალი კვლევა მიუთითებს, კორონავირუსის ერთ-ერთი ვარიანტი ადამიანებს 20 000 წელზე დიდი ხნის წინ, აღმოსავლეთ აზიაშიც გადაჰქონდათ.
კვლევა ჟურნალ Current Biology-ში გამოქვეყნდა და მის ფარგლებში მკვლევრებმა 2 500 ადამიანის გენომი შეისწავლეს, მსოფლიოს 26 სხვადასხვა ადგილიდან. მათი მიზანი იყო აღმოეჩინათ ადამიანის გენომის ყველაზე ადრეული ინტერაქცია კორონავირუსთან. კორონავირუსის უძველესი გენეტიკური ანაბეჭდი კი აღმოსავლეთ აზიაში მცხოვრებ ადამიანებში აღმოჩნდა.
ვირუსები საკუთარ ასლებს ქმნიან, თუმცა ამისთვის მათ საკუთარი ინსტრუმენტები არ აქვთ. "ასე რომ, ისინი დამოკიდებულნი არიან მასპინძელზე და ეს სწორედ ისაა, რის გამოც ისინი თავს ესხმიან მასპინძელ უჯრედებს, რომ მათი ინსტრუმენტები მიითვისონ და გამრავლება შეძლონ", — ამბობს იასინ სოუილმი, კვლევის მთავარი ავტორი. ეს თავდასხმა სწორედ ისაა, რაც ადამიანის უჯრედებში და დნმ-ში კვალს ტოვებს. ეს სწორედ ისაა, რამაც დღეს, 20 000 წელზე დიდი ხნის წინანდელი ეპიდემიის შესახებ ინფორმაცია შემოგვინახა.
მკვლევრებმა კორონავირუსის ამ უძველესი "თავდასხმის" ამსახველი ანაბეჭდი ჩინეთში, იაპონიასა და ვიეტნამში, ხუთ სხვადასხვა პოპულაციაში იპოვეს. სავარაუდოა, რომ ეპიდემია სწორედ ამ ქვეყნებში იყო გავრცელებული. თუმცა, აღსანიშნავია, რომ აღმოსავლეთ აზიის ყველა ქვეყნის მაცხოვრებლების გენომები მეცნიერებს არ შეუსწავლიათ.
აღსანიშნავია, რომ სოულიმის თქმით, ამ პოპულაციაში ინფიცირებულ ჯგუფს სასარგებლო მუტაცია განუვითარდა, რომელიც მათ კორონავირუსისგან დაცვაში დაეხმარა.
"ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში და ზემოქმედების პირობებში, ეს ძალიან მკაფიო ნიშანს ტოვებს შთამომავლების გენომებში. და ეს სწორედ ის ხელწერაა, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ უძველესი ეპიდემიებისა და მათი მიმდინარეობის დროის განსასაზღვრად", — ამბობს იასინ სოუილმი CNN-თან საუბრისას.
უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად გენომის შესწავლისა, მეცნიერებმა არ იციან, თუ როგორ გამოიარა 20 000 წელზე დიდი ხნის წინ, აღმოსავლეთ აზიის მოსახლეობამ კორონავირუსის ეპიდემია. რადგან ჯერჯერობით უცნობია, ეს ეპიდემია სეზონურ გრიპს ჰგავდა თუ ახლანდელ COVID-19-ის მსგავსი იყო.
თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.
კომენტარები