ნახეთ: მოტივტივე ტაიკონავტები ახალთახალ კოსმოსურ სადგურზე ატარებენ დროს
ჩინურ სოციალურ ქსელზე გავრცელებულ ახალ ვიდეოზე სამ ჩინელ ასტრონავტს დაინახავთ, რომლებიც ქვეყნის Tiangong-3 კოსმოსური სადგურის პირველ ნაწილზე, Tianhe მოდულზე ცხოვრობენ.
ვიდეოში ვხედავთ, როგორ ძინავს ეკიპაჟს სადგურზე, როგორ ჭამენ, იღვიძებენ და ზოგადად, როგორ ასრულებენ ყოველდღიურ საქმეებს თავიანთ კაბინაში, ტივტივის მდგომარეობაში.
სამი ტაიკონავტი (ჩინელი ასტრონავტი) სადგურზე გასულ კვირას, 17 ივნისს ჩავიდნენ. ეს 2016 წლის შემდეგ პირველი შემთხვევაა, როდესაც ჩინეთმა კოსმოსში ასტრონავტები გაუშვა.
ეკიპაჟი აქ სამ თვეს გაატარებს — BBC-ის მიხედვით, ეს ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი ეკიპაჟიანი მისიაა. ისინი ახალ კოსმოსურ სადგურს კიდევ ორი მოდულის დამატებისთვის მოამზადებენ. ამ მოდულების გაშვება ორბიტაზე მომავალ წელს იგეგმება.
Associated Press იუწყება, რომ გუშინ ტაიკონავტებს ჩინეთის პრეზიდენტ, სი ძინპინი ესაუბრა და მათ კოსმოსში გამგზავრება მიულოცა.
"ჩვენ ყველას ძალიან გვიხარია იმის დანახვა, რომ კარგ ფორმაში ხართ და სამუშაო პროცესი კარგად მიმდინარეობს", — ეუბნება ძინპინი ასტრონავტებს. "ჩინეთის კოსმოსური ინდუსტრიისთვის კოსმოსური სადგურის მშენებლობა ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია და იგი პიონერულ წვლილს შეიტანს კაცობრიობის მიერ კოსმოსის მშვიდობიანად ათვისებაში".
2022 წლის ბოლომდე, დამატებით რვა გაშვების ფარგლებში, სადგურს ლაბორატორიის მოდულები, საჭირო მარაგი და ეკიპაჟის წევრები დაემატებიან.
"პეკინში თქვენს ტრიუმფალურ დაბრუნებას ველოდებით", — მიმართა ასტრონავტებს სი ძიპინმა.
კომენტარები