ქართულმა სტარტაპმა "ედუფეიმ" 300 000 ლარის ოდენობის ინვესტიცია მიიღო
სტარტაპმა "ედუფეიმ", პირველივე საინვესტიციო რაუნდში პროდუქტის განვითარებისა და ქართული ბაზრის ათვისებისთვის 300 000 ლარის კერძო ინვესტიცია მოიზიდა, რითაც კომპანიის გუნდი ასევე მოემზადება აზიურ და შუა აღმოსავლეთის ბაზარზე გასასვლელად.
ედუფეი არის სწავლის გადასახადის ავტომატიზაციის ვებპლატფორმა კერძო საგანმანათლებლო ორგანიზაციებისა და საფასურის გადამხდელისთვის. პლატფორმა სკოლებს, უნივერსიტეტებსა და სხვა ნებისმიერი ტიპის ფასიან სასწავლებლებს სთავაზობს ჩარიცხვების მენეჯმენტისათვის სამართავ პროგრამას, ხოლო მშობლებსა და სტუდენტებს სწავლის გადასახადის დაფარვის მარტივ გზას.
საგანმანათლებლო ორგანიზაციების სამართავი პანელი ინტეგრირებულია ბანკებთან და "ედუფეი" საკუთარი ალგორითმით აანალიზებს მათ საბანკო ამონაწერს, საიდანაც აიდენტიფიცირებს თუ რომელმა გადამხდელმა, რომელ მოსწავლეს ჩაურიცხა თანხა.
კომპანიის გუნდი მალე გაუშვებს გადამხდელის ვებგვერდს და www.edupay.ge-დან, მხოლოდ მოსწავლის პირადი ნომრითაც კი მისცემს მათ საშუალებას, რომ შეამოწმონ მიმდინარე დავალიანება, სურვილის შემთხვევაში კი დაფარონ ის საბანკო ბარათით ან ონლაინ განვადებით. აღსანიშნავია, რომ ყველა გადამხდელს, პლატფორმა გადახდის თარიღამდე უგზავნის sms შეხსენებასა და ავტომატურად გენერირებულ ინვოისს.
"ედუფეი ჭრის ისეთ პრობლემებს, როგორიც არის გადასახადის იდენტიფიცირების გაწელილი პროცესები, სწავლის გადასახადის თარიღისა და დავალიანების დავიწყება, ვადაგადაცილების გამო გადამხდელისთვის დაკისრებული ჯარიმები და სხვა", — ამბობენ სტარტაპში.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, მათ უკვე დაიწყეს საკუთარი პლატფორმის ინტეგრაცია რამდენიმე ორგანიზაციასთან, რაც ჯამში 2500+ გადამხდელს აერთიანებს.
აღსანიშნავია, რომ სტარტაპი საკმაოდ სწრაფად მიიწევს წინ. მან ახლახან გაიარა Impact Hub Tbilisi-ის აქსელერაციის პროგრამა და პირველად ივნისის დასაწყისში გამოჩნდა ინვესტორების წინაშე, რის შემდეგაც არაერთ მოლაპარაკებას აწარმოებდა, საბოლოოდ კი, როგორც "ედუფეიში" ამბობენ, ამერიკის მოქალაქისგან მიიღო ინვესტიცია.
კომენტარები