ნახეთ: მფრინავი მანქანების საჰაერო რბოლა — სპორტის მომავალი?
Formula 1 ჰაერში.
მსოფლიოში პირველი მფრინავი სარბოლო მანქანა დატესტეს. თებერვალში, Alauda Racing-მა, ავსტრალიურმა eVTOL სტარტაპმა Airspeeder Mk3 გვაჩვენა. ეს დრონის მსგავსი მფრინავი მანქანაა, ახლა კი ის პირველად გამოსცადეს.
კომპანიის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, თუ როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს მანქანების საჰაერო რბოლა, ხოლო Mk3 სპორტის შემდეგი თაობის დასაწყისადაა მოხსენიებული.
მფრინავი მანქანა შექმნილია რბოლისთვის, რომლის ფარგლებშიც ის ტურნირში, სახელად EXA შეძლებს მონაწილეობას. გუნდი იმედოვნებს, რომ ამ ტურნირის ჩატარებას მსოფლიოს მასშტაბით, სამი ღონისძიების სახით შეძლებს. თითოეულში კი სულ მცირე 4 გუნდი მაინც მიიღებს მონაწილეობას. "ისინი ერთმანეთს შეეჯიბრებიან ისეთ ადგილებში, რომლებიც ტრადიციული მოტოსპორტისთვის მიუწვდომელია", — ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ტურნირი უკვე იგეგმება და მასში, დასაწყისისთვის, Alauda-ს სამუშაო ჯგუფები მიიღებენ მონაწილეობას.
თუმცა, მონაწილეობის მიღება აქ ტრადიციული რბოლისგან განსხვავებულადაა აღქმული. მსგავსი რბოლისას პილოტები მანქანებში არ ისხდებიან. ისინი მფრინავ მანქანებს დისტანციურად, სიმულატორებში ყოფნისას მართავენ. მათ გუნდებს კი, როგორც ვიდეოდანაც ნახავდით, მოუწევთ რბოლის პროცესში მანქანებს ელემენტები გამოუცვალონ, რაც Formula 1-საც მოგაგონებთ.
მიუხედავად იმისა, რომ ამ მფრინავ მანქანას პილოტები (ჯერჯერობით) დისტანციურად მართავენ, Airspeeder Mk3 ნამდვილი პილოტების სამასპინძლოდაა შექმნილი. ის სულ რაღაც 130 კილოგრამს იწონის და 80 კილოს ტარება შეუძლია (რაც ადამიანი პილოტისთვის ნორმალური წონაა). გარდა ამისა, Mk3 სწრაფი მფრინავი მანქანაცაა — მას 0-დან 62 mph სიჩქარის აკრეფა 2.8 წამში შეუძლია.
კომენტარები