მეცნიერებმა ბირთვული შერწყმის ენერგიის რეაქტორების ყველაზე დიდი პრობლემა გადაჭრეს
გაერთიანებული სამეფოს ატომური ენერგიის ორგანომ (UKAEA) დღეს, 26 მაისს განაცხადა, რომ ქალემში (ოქსფორდშირი, გაერთიანებული სამეფო) ჩატარებული MAST Upgrade(Mega Amp Spherical Tokamak) ბირთვული შერწყმის ექსპერიმენტით, შესაძლოა, შერწყმის ენერგიის კომერციალიზაციის ყველაზე დიდი პრობლემა გადაჭრას.
55 მილიონი ევროს ღირებულების MAST მოწყობილობამ, 7 წლიანი მშენებლობის შემდეგ, მუშაობა 2020 წლის ოქტომბერში დაიწყო. ახლა კი, ქალემის მეცნიერების მიხედვით, მათ წარმატებით გამოსცადეს ინოვაციური გაფრქვევის სისტემა, რომელიც იმისთვის შეიქმნა, რომ მომავალში შესაძლებელი გამხდარიყო შერწყმის ენერგიაზე მომუშავე კომერციული ელექტროსადგურებისთვის აშენება.
ბირთვული შერწყმა დაფუძნებულია იმავე პროცესზე, რომლის შედეგადაც ვარსკვლავები სითბოსა და სინათლეს გამოასხივებენ. ამ პროცესზე მომუშავე ელექტროსადგურებს აქვთ პოტენციალი, მდგრადი გზით უზრუნველყონ თითქმის უსაზღვრო რაოდენობის ენერგია, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანს ხდის მას. აქედან გამომდინარე, ისეთი ქვეყნებს, როგორებიცაა საფრანგეთი, გაერთიანებული სამეფო და აშშ, დაგეგმილი აქვთ ბირთვული შერწყმის ენერგიაზე მომუშავე რეაქტორების პროტოტიპების შექმნა მომავალი რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში.
ტოკამაკ რეაქტორის (თერმობირთვული რეაქტორის სახეობა) გამოყენებით, ბირთვული შერწყმის ელექტროსადგურში წყალბადის ატომების შერწყმისთვის საჭირო პირობების შესაქმნელად გამოიყენებენ ცხელ პლაზმას, შერწყმის შედეგად კი გამოთავისუფლდება დიდი რაოდენობით ენერგია, რომელსაც შემდეგ ელექტროენერგიად გარდაქმნიან.
კომერციული გამოყენებისთვის ვარგისი ტოკამაკების შექმნისთვის ერთ-ერთი უდიდესი დაბრკოლებაა შერწყმის რეაქციის პროცესში გამოყოფილი ჭარბი სითბოს მოცილება. იმ შემთხვევაში, თუ ამ სითბოს მოცილება ეფექტიანად არ მოახდება, იგი დააზიანებს რეაქტორის შემადგენელ მასალებს, რაც შედეგად გამოიწვევს სადგურის სიცოცხლის ხანგრძლივობის შემცირებას.
ახალი მოწყობილობა, რომელიც მეცნიერებმა MAST ექსპერიმენტზე შეამოწმეს, არის გაფრქვევის სისტემა — Super-X დივერტორი, რომელიც ტოკამაკების ქმედითუნარიანობას გაახანგრძლივებს, და, შესაბამისად, გაზრდის ბირთვული შერწყმის კომერციულ სარგებელს.
"MAST Upgrade-ის აშენების მთავარი მიზანი იყო კომპაქტური შერწყმის სადგურებში გაფრქვევის პრობლემის გადაჭრა და, მგონი, წარმატებასაც მივაღწიეთ", — განმარტავს MAST Upgrade-ის მთავარი მეცნიერი, დოქტორი ენდრიუ კირკი.
"Super-X-ის საშუალებით შესაძლებელი გახდა გაფრქვევის სისტემაზე სითბოს ზემოქმედების შემცირება", — ამბობს კირკი. ბოლო შემოწმებებმა აჩვენა, რომ Super-X სისტემა მინიმუმ ათჯერ ამცირებს სითბოს ზემოქმედებას რეაქტორის მასალებზე.
ეს ტექნოლოგია წარმოადგენს წინ გადადგმულ დიდ ნაბიჯს ბირთვული შერწმის ენეგიაზე გადასვლისკენ, რაც ეფექტიანად უზრუნველყოფს დიდი რაოდენობით ელექტროენერგიას და კაცობრიობას საშუალებას მისცემს, მკვეთრად შეამციროს ატმოსფეროში ნახშირორჟანიგ გაფრქვევა.
კომენტარები