Moderna-ს ვაქცინამ თინეიჯერებში 100%-იანი ეფექტიანობა აჩვენა
გასულ თვეს Pfizer-მა და BionTech-მა გამოაცხადეს, რომ მათი ვაქცინა 12-15 წლის ბავშვებში COVID-19-ის წინააღმდეგ 100%-ით ეფექტიანი აღმოჩნდა. ვაქცინამ FDA-ს ნებართვაც მიიღო.
ახლა, Moderna-მ განაცხადა, რომ მათი COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა 12-17 წლის მოზარდებში 100%-ით ეფექტიანია და რომ მას კლინიკურ კვლევებში რაიმე მნიშვნელოვანი საფრთე არ გამოუვლენია.
კვლევაში, რომელსაც TeenCOVE კვლევა ეწოდება, 12-დან 18 წლამდე ასაკის 3 700 მონაწილე იყო ჩართული. მათ ორ მესამედს ვაქცინა გაუკეთეს, დანარჩენ ერთ მესამედს კი — პლაცებო.
მეორე დოზით აცრიდან ორი კვირის შემდეგ, კვლევამ აჩვენა, რომ ვაქცინირებულთა ჯგუფში COVID-19-ის არც ერთი შემთხვევა არ გამოვლენილა, პლაცებოს ჯგუფში კი ამ ვირუსით ინფიცირების 4 შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან გამომდინარე, მკვლევრებმა დაასკვნეს, რომ ვაქცინა 100%-ითაა ეფექტიანი. ვაქცინირებულთა ჯგუფში რაიმე ახალი საფრთხე არ გამოვლენილა, გარდა ისეთი გავრცელებული გევრდითი ეფექტებისა, როგორებიცაა თავის ტკივილი, დაღლილობა, სხეულის ტკივილი და შეციება.
"ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა ის ფაქტი, რომ mRNA-1273 მაღალეფექტიანი აღმოჩნდა მოზარდებში COVID-19-ის პრევენციის საქმეში. კვლევის შედეგებს FDA-სა და გლობალურ მარეგულირებლებს ივნისის დასაწყისში წარვუდგენთ და ვაქცინის ავტორიზაციას მოვითხოვთ მოზარდებში", — განაცხადა თავის პრეს რელიზში სტეფან ბანსელმა, Moderna-ს მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა.
Moderna ვაქცინას 18 წელს ზემოთ ადამიანებისთვის უკვე მიღებული აქვს ავტორიზაცია. ახლა, როგორც ბანსელმა აღნიშნა, კომპანია გეგმავს თავისი ახალი აღმოჩენების შედეგები აშშ-ს საკვებისა და წამლების ადმინისტრაციას — FDA-ს და სხვა მარეგულირებლებს მიაწოდოს.
ზოგადად, ბავშვები, როგორც ჩანს, უკეთესად უმკლავდებიან COVID-19 ინფექციას — მათში სიმპტომები ან უმნიშვნელოდ, ან საერთოდ არ ვლინდება. თუმცა, ვაქცინა ბავშვებს უკეთ დაიცავს ვირუსის სერიოზული შემთხვევებისგან და მათგან სხვა ადამიანების დაინფიცირების პრევენციასაც მოახდენს.
კომპანიამ განაცხადა, რომ ისინი ჯერ კიდევ აგროვებენ მონაცემებს ამ ასაკობრივ ჯგუფში Moderna ვაქცინის უსაფრთხოების შესახებ და კვლევის მონაწილეებზე მეთვალყურეობას მეორე დოზის მიღებიდან 12 თვის მანძილზე გეგმავენ. ამავდროულად, ისინი ვაქცინის ეფექტიანობას 6 თვის ბავშვებში იკვლევენ.
კომენტარები