SpaceX-მა Starship-ის პირველი სატესტო ორბიტალური ფრენის გეგმები გაგვანდო
ამერიკის შეერთებული შტატების კომუნიკაციების ფედერალური ბიუროს ვებგვერდზე გამოჩნდა დოკუმენტი, რომლიდანაც ირკვევა, რომ SpaceX მალე Starship-ით პირველ სატესტო ორბიტალურ ფრენას განახორციელებს.
ორბიტაზე სატესტო გასვლა იქნება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი მანამ, სანამ SpaceX ადამიანებს მთვარეზე გაგზავნის. შეგახსენებთ, რომ Apollo-ს მისიის შემდეგ ადამიანს მთვარეზე ფეხი აღარ დაუდგამს. ილონ მასკის კომპანიისთვის ეს გაფრენა საკვანძო მომენტი იქნება.
ორბიტაზე გასასვლელად Starship-ის Super Heavy-ს გამოიყენებენ. ეს გიგანტური, 70 მეტრიანი გამშვებია. რაკეტა სამხრეთ ტეხასიდან აფრინდება, ხოლო დაშვება ჰავაის სანაპიროებთან მოხდება.
"გამშვები ნაწილის განცალკევებას 170 წამი დასჭირდება. გამშვები ნაწილი, განცალკევების შემდეგ, მექსიკის ყურისკენ დაიძვრება და სანაპიროდან 32 კილომეტრში დაეშვება", — ვკითხულობთ დოკუმენტში.
Starship განაგრძობს ფრენას ფლორიდის სრუტის ზევით, გავა ორბიტაზე და ამის შემდეგ, დაიწყებს მართვად უკან დაშვებას. ის ჰავაის კუნძულების ჩრდილო-დასავლეთით, აფრენის წერტილიდან 100 კილომეტრში დაეშვება.
კომენტარები