NASA-ს ხომალდმა ასტეროიდ ბენუდან ნიმუშები შეაგროვა და დედამიწისკენ აიღო გეზი
2016 წელს NASA-მ ასტეროიდ ბენუსკენ კოსმოსური ხომალდი — Osiris-Rex გაუშვა, რომელმაც დანიშნულების ადგილს 2018 წელს მიაღწია, 2020 წლის ოქტომბერში კი მისი ზედაპირიდან ბოლო ნიმუშები შეაგროვა. ასტეროიდის გარშემო ორ წლიანი ფრენის შემდეგ, Osiris-Rex-მა დედამიწისკენ აიღო გეზი და ჩვენს პლანეტას 2023 წელს დაუბრუნდება.
არიზონას უნივერსიტეტის მეცნიერის, დანტე ლურეტას შეფასებით, კოსმოსური ხომალდის მიერ შეგროვებული ნიმუშები დაახლოებით 200-400 გრამს შეადგენს. Apollo-ს მთვარის ნიმუშების შემდეგ, NASA-სთვის ეს ყველაზე დიდი კოსმოსური ტვირთი იქნება. როგორც იცით, სააგენტოს ასტეროიდიდან მზის ქარისა და მტვრის ნიმუშები აქამდე არასდროს ჩამოუტანია, რასაც ვერ ვიტყვით იაპონიაზე — JAXA-მ ეს უკვე ორჯერ შეძლო, თუმცა ორივე შემთხვევაში მხოლოდ მცირე რაოდენობის ნიმუშების ჩამოტანა მოახერხა.
"ჩვენ ძალიან მივეჩვიეთ ბენუსთან ახლოს ყოფნას და ახალი ამაღელვებელი სურათებისა და მონაცემების მიღებას, რომლებსაც ასტეროიდთან ახლოს მოძრავი კოსმოსური ხომალდი გვიგზავნიდა", — აღნიშნა ლურეტამ.
Osiris-Rex დაახლოებით 300 კილომეტრით იყო დაშორებული მზის გარშემო მოძრავი ბენუსგან, როდესაც, ორშაბათს შუადღეს, მან საბოლოოდ ჩართო თავისი ძრავა და სწრაფად მოშორდა ასტეროიდს.
მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ნერჩენები, რომლებიც ხომალდმა ბენუს ბნელი, უხეში და ნახშირბადით მდიდარი ზედაპირიდან გასული წლის ოქტომბერში შშეაგროვა, მათ მზის სისტემის საიდუმლოებების ამოხსნაში დაეხმარება. აღსანიშნავია, რომ ასტეროიდი საშუალოდ 490 მეტრი სიგანიაა და 4.5 მილიარდი წლით თარიღდება.
მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ბენუ, რომელიც ერთ დროს შედარებით უფრო დიდი ასტეროიდის ნაწილი უნდა ყოფილიყო, მზის სისტემის საშენ მასალებს ინახავს. ისინი ფიქრობენ, რომ ასტეროიდის ნიმუშების შესწავლა მათ იმის გარკვევაში დაეხმარებათ, თუ როგორ ყალიბდებოდნენ პლანეტები და როგორ წარმოიშვა დედამიწაზე სიცოცხლე.
კოსმოსური ხომალდი შემდეგი ორი წლის მანძილზე ორჯერ შემოუვლის მზეს, 2023 წლის 24 სექტემბერს კი იუტას უდაბნოში დაუშვებს კაფსულას და 800 მილიონი დოლარის ღირებულების მისიას დაასრულებს. ხომალდი 2016 წელს კანავერალის კონცხიდან გაუშვეს.
ნიმუშების მიღების შემდეგ, მეცნიერების მათ შესწავლას იმ ლაბორატორიაში შეუდგებიან, რომელიც ჰიუსტონში, NASA-ს ჯონსონის კოსმოსური ცენტრის ქვემოთ არის განთავსებული — ეს ადგილი უკვე ასობით კილოგრამ მთვარის ნიმუშებს მასპინძლობს, რომლებიც Apollos-ს 12-მა ასტრონავტმა 1969-1972 წლებში შეაგროვეს.
მეცნიერები თავიდან ფიქრობდნენ, რომ Osiris-Rex-ზე 1 კილოგრამი ნიმუშები უნდა ყოფილიყო. ცოტა ხნის წინ მათ შეცვალეს თავისი შეფასება და 200-400 გრამამდე შეამცირეს ნიმუშების სავარაუდო მასა, თუმცა, ზუსტ რაოდენობას იქამდე ვერ დაადგენენ, სანამ კაფსულა მათ ხელში არ აღმოჩნდება.
NASA-ს ასტეროიდებთან დაკავშირებით კიდევ ბევრი საინტერესო პროექტი აქვს დაგეგმილი. კოსმოსური ხომალდი Lucy, რომლის გაშვებაც ოქტომბერში იგეგმება,იუპიტერთან ახლოს მდებარე ასტეროიდებს ჩაუფრენს, ხომალი Dart კი ნოემბერში გაეშვება და პლანეტარული დაცვის ტესტის ფარგლებში, ასტეროიდისთვის მიმართულების შეცვლას შეეცდება. შემდეგ, 2022 წელს Psyche კოსმოსური ხომალდი ამავე სახელწოდების უცნაური ასტეროიდისკენ გაემგზავრება. აღსანიშნავია, რომ ჩამოთვლილთაგან არც ერთი მისია არ ისახავს მიზნად დედამიწაზე ნიმუშების გამოგზავნას.
კომენტარები