აშშ-ში შობადობის მაჩვენებელი სწრაფად იკლებს
ისედაც შემაშფოთებელი ტენდენცია პანდემიამ უფრო დააჩქარა
აშშ-ში შობადობის მაჩვენებლის შემცირება მკვლევრებს დიდი ხნის მანძილზე აშფოთებდა, ახალი მონაცემები კი ადასტურებს, რომ კორონავირუსით გამოწვეულმა პანდემიამ ეს პროცესი საგრძნობლად დააჩქარა.
CDC-ს მიერ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებული მონაცემები აჩვენებს, რომ აშშ-ში შობადობის მაჩვენებელი უკვე ზედიზედ მეექვსე წელია იკლებს. New York Times-ის მიხედვით, მკვლევრების ნაწილი ფიქრობდა, რომ პანდემია ამ მაჩვენებელზე დადები გავლენას მოახდენდა, თუმცა, 2020-მა წელმა საპირისპირო შედეგი გვიჩვენა.
NYT აღნიშნავს, რომ ქვეყნის მასშტაბით 2020 წელს, 2019 წელთან შედარებით, შობადობა 4%-ით შემცირდა. დეკემბერში კი ეს რიცხვი გაორმაგდა და 8% გახდა, რაც აშკარად მიანიშნებს, რომ COVID-19-მა ქვეყნის დემოგრაფიაზე აშკარად დიდი ეფექტი იქონია.
ნიუ ჰემფშირის უნივერსიტეტის დემოგრაფმა, კენეტ ჯონსონმა, NYT-ს განუცხადა, რომ გასული წლის მანძილზე აშშ-ს 25 შტატში სიკვდილიანობამ შობადობას გადააჭარბა. 2019 წელს ასეთი სტატისტიკა მხოლოდ 5 შტატში აღინიშნებოდა.
"შობადობა ახლა იმაზე დაბალია, ვიდრე ოდესმე", — უყვება ჯონსონი NYT-ს. გლობალური მოვლენებიდან გამომდინარე გასაკვირი არაა, რომ 2020 წელს ეს მაჩვენებელი მკვეთრად დაეცა. NYT-ს მიხედვით, მსგავსი სტატისტიკა ფიქსირდებოდა დიდი დეპრესიის დროსაც. თუმცა, ამ შემთხვევას განსაკუთრებით შემაშფოთებელს ხდის შობადობის შემცირების ხანგრძლივობის მაჩვენებელიც. მიუხედავად იმისა, რომ 2008 წლის გლობალური ფინანსური კრიზისის შემდეგ ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდა, შობადობამ მაინც განაგრძო კლება.
კომენტარები