აღმოაჩინეს ადამიანის უძველესი საფლავი, რომელიც 78 000 წლით თარიღდება
კენიაში აღმოჩენილი ნამარხი, რომელიც დაახლოებით 78 000 წლით თარიღდება, ახლა ადამიანის უძველეს საფლავად ითვლება.
საფლავი პანგა-საიდის მღვიმის გათხრების შედეგად აღმოაჩინეს, რომელიც მომბაზას ჩრდილოეთით მდებარეობს. აღმოჩენის შესახებ ინფორმაცია ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა.
"როგორც კი სამარხს მივაგენით, მივხვდით, რომ ის განსაკუთრებული იყო." ამბობს მკვლევარი ნიკოლ ბოივინი.
აღმოჩენილი ჩონჩხი მოხრილ მდგომარეობაში იყო. ექსპერტიზით დადგინდა, რომ ჩონჩხი 3 წლის ბავშვს ეკუთვნოდა. მას სახელიც დაარქვეს — Mtoto, რაც "ბავშვს" ნიშნავს.
"თავის ქალა და კბილები კარგად იყო შემონახული, ასევე საოცრად იყო დაცული ხერხემლისა და ნეკნების არტიკულაცია." — განაცხადა პროფესორმა მარია მარტინონ-ტორესმა, ესპანეთის ადამიანის ევოლუციის ეროვნული კვლევითი ცენტრის (CENIEH) დირექტორმა.
პირველად საფლავში ძვლები 2013 წელს იპოვეს, ხოლო მთელი საფლავი სრულად 2017 წელს აღმოაჩინეს. ახლა კი, კვლევამ აჩვენა, რომ ორმო განზრახ იქნა გათხრილი და შემდეგ მას მიწა დააყარეს. რაც შეეხება ჩონჩხის თავს, ის სავარაუდოდ, რაღაცაში იყო გახვეული. ეს ყველაფერი მიანიშნებს, რომ დაკრძალვა კონკრეტული რიტუალის ფარგლებში მოხდა.
კვლევამ აჩვენა, რომ აქამდე აღმოჩენილ ნიმუშებთან შედარებით, ეს ადამიანის ყველაზე ძველი საფლავია და ის სავარაუდოდ, ჰომო საპიენსს ეკუთვნის.
"ეს ადასტურებს, რომ ჰომო საპიენსისა და ნეანდერტალელების მიერ მიცვალებულთა ინჰუმაცია კულტურული პრაქტიკაა. მსგავსი აღმოჩენა მნიშვნელოვანია, რათა გავიგოთ ჩვენი სახეობის ისტორია და წარმომავლობა." — ამბობენ მკვლევრები.
კომენტარები