აშშ-ში გენეტიკურად მოდიფიცირებული კოღოების გაშვებას იწყებენ — რას ნიშნავს ეს
სოფელი ისლამორადა ფლორიდა-კისის არქიპელაგზე, 32 კილომეტრზე გადაჭიმულ კუნძულზეა გაშენებული. კუნძული იმდენად ვიწროა, რომ ხშირად ზოგ ადგილზე, სახით ოკეანისკენ თუ დადგებით, უკან მობრუნებისასაც ოკეანეს დაინახავთ.
ერთ დღესაც ამ კუნძულზე ორი უნიფორმიანი კაცი გამოჩნდა, რომლებმაც მოსახლეობას თავი კოღოების კონტროლის სამსახურის წარმოამდგენლებად გააცნეს და "მავნებლების კონტროლის" დოკუმენტზე სთხოვეს ხელის მოწერა. ამ უკანასკნელის მიხედვით, როგორც აღმოჩნდა, ხელმომწერებმა თანხმობა განაცხადეს ექსპერიმენტში მონაწილეობაზე, რომლის ფარგლებშიც, ბრიტანული კომპანია Oxitec, ფლორიდა-კისზე ნახევარი მილიონი გენეტიკურად მოდიფიცირებული კოღოს გაშვებას აპირებს.
პროექტის მიზანი ადგილობრივი სისხლისმწოველი და დაავადების გადამტანი კოღოების პოპულაციის განადგურებაა.
Oxitec გარემოსდაცვით სააგენტოსთან (EPA) და ადგილობრივ მთავრობასთან თანამშრომლობით, გარემოში OX5034 გენის მატარებელ ნახევარი მილიონი გენეტიკურად მოდიფიცირებული კოღოს გაშვებას გეგმავს. პროექტის განხორციელების ნებართვა EPA-მ 2020 წლის მაისში, ექსპერიმენტული გამოყენების ნებართვის (EUP) საშუალებით გასცა, რომელიც კომპანიას აძლევს უფლებას, საველე პირობებში გამოსცადოს ახალი მავნებლები. ოპონენტები კი ფიქრობენ, რომ კომპანია ადგილობრივ მოსახლეობას ცუდად შემოწმებული გენმოდიფიცირებული კოღოების გამოსაცდელ პეტრის თეფშად იყენებს.
Oxitec-ის მიხედვით, OX5034 გენის მატარებელი მამალი კოღოები, რომლებიც ადამიანებს არ კბენენ, დედალ კოღოებთან შეწყვილდებიან და შთამომავლობას ამ გენს გადასცემენ. ეს უკანასკნელი კი მათ დედალ ნაშიერებს სრულწლოვნების ასაკამდე მიღწევის საშუალებას არ მისცემს. კომპანიის წარმოდენით, რაც უფრო მეტად გამრავლდებიან გენმოდიფიცირებული კოღოები ამ ადგილებზე, მით უფრო შემცირდება დედალი დაავადების გადამტანი კოღოების რიცხვი და დროთა განმავლობაში, მათი პოპულაციები განადგურდება.
კოღო Aedes aegypti, რომლის გამოყენებასაც ექსპერიმენტში აპირებენ, ფლორიდა-კისის კოღოების პოპულაციის სულ რაღაც 2-4%-ს შეადგენს, თუმცა კოღოს ნაკბენთან დაკავშირებული დაავადებების უდიდესი ნაწილი სწორედ მათ უკავშირდება. Oxitec-ის მიხედვით, მათი ექსპერიმენტის მიზანი მწერების საშუალებით გადამდები დაავადებების გავრცელების პრევენციაა იმ პოპულაციების გაქრობით, რომლებიც მათ გავრცელებას იწვევენ. ასეთი დაავადებებია დენგე და ზიკა.
იმ შემთხვევაში, თუ ეს ექსპერიმენტი იმუშავებს, მაშინ მავნებლების პოპულაციების გაქრობას ასევე დადებითი ეფექტი ექნება ადგილობრივ მწერებზე, როგორებიც არიან ფუტკრები და პეპლები. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ Oxitec-მა ეს ექსპერიმენტი დაახასიათა როგორც გარემოში ქიმიური პესტიდიცების გაფრქვევის შემცირების გზა, ფლორიდა-კისის კოღოების კონტროლის საბჭო პესტიციდების გამოყენების შემცირებას სულაც არ გეგმავს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს ექსპერიმენტი წარმატებული გამოდგება, ადგილობრივ მოსახლეობას მაინც იმავე რაოდენობის პესტიციდების გამოყენება მოუწევს კოღოების სხვა უთვალავი სახეობების გასაკონტროლებლად, რამდენას აქამდე იყენებდნენ.
Oxitec ირწმუნება, რომ ექსპერიმენტი არანაირ საფრთხეს არ შეიცავს. მიუხედავად ამისა, მეცნიერების ნაწილი ფიქრობს, რომ კომპანიის მიერ გამოშვებულმა გენმოდიფიცირებულმა კოღოებმა და ამავე სახოების ველურმა პოპულაციებმა, შესაძლოა, გენეტიკური ჰიბრიდები შექმნან, რომლებიც თავისუფლად გავრცელდებიან გარემოში. კომპანიის მიხედვით, მათი კოღოები OX5034 გენის ორ ასლს შეიცავენ, რომლისგანაც შთამომავლობას მხოლოდ ერთს გადასცემენ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამ ტერიტორიაზე სულ უფრო მცირე რაოდენობის კოღო იქნება გენის მატარებელი იქამდე, სანამ საერთოდ არ გაქრება ეს პოპულაცია.
იმ შემთხვევაში, თუ გამოჩნდებიან დედალი ჰიბრიდი კოღოები, რომლებიც ზრდასრულობის ასაკს მიაღწევენ და გამრავლდებიან, მაშინ ეს ექსპერიმენტი წარუმატებელი იქნება. ამის შესახებ EPA-ს წარმომადგენელმა, კენეტ ლეიბმა განაცხადა, რომ ასეთი კოღოს დაფიქსირების შემთხვევაში, ექსპერიმენტი შეწყდება.
2013-15 წლებში ბრიტანულმა კომპანიამ მსგავსი ექსპერიმენტი ჩაატარა ბრაზილიაში, სადაც ჯერ OX513A გენის, საბოლოოდ კი OX5034 გენის მატარებელი კოღოები გაუშვეს. მიუხედავად იმისა, რომ Oxitec-მა ეს წარმატებულ ექსპერიმენტად შერაცხა, იელის უნივერსიტეტისა და ბრაზილიის რამდენიმე დაწესებულების მეცნიერებმა ჟურნალ Nature Scientific Reports-ში კვლევა გამოაქვეყნეს, რომელშიც ამტკიცებდნენ, რომ კოღოების ნაწილი შეჯვარდა და გენეტიკური ჰიბრიდების ახალი პოპულაცია შექმნა, რომლებიც ველურ პირობებშიც თავისუფლად ცხოვრობდნენ.
Oxitec-ის მარეგულირებელი ორგანოს ხელმძღვანელმა, ნათან როუზმა განაცხადა, რომ OX513A გენის მატარებელი დედალი კოღოების ნაწილი მართლაც გადარჩა ბრაზილიაში, OX5034 გენის მატარებელ დედალ კოღოებს კი ამის შანსი უბრალოდ არ ჰქონდათ.
ექსპერიმენტის წინააღმდეგ გარემოსდაცვითი აქტივისტები და ფლორიდა-კისის ადგილობრივი მაცხოვრებლები გაერთიანდნენ. ჩრდილო კაროლინას სახელმწიფო უნივერსიტეტის გენური ინჟინერიისა და საზოგადოებრივი ცენტრის თანა-დირექტორის, ჯენიფერ კუზმას თქმით, მთელი პროცესის ყველაზე პრობლემატურ ასპექტს ის წარმოადგენს, რომ ადგილობრივებს არჩევანის გაკეთების უფლება არ აქვთ, იმის შესახებ, უნდათ თუ არა ამ ექსპერიმენტში მონაწილეობის მიღება.
მეცნიერების აზრით, რომლებიც ექსპერიმენტში არ მონაწილეობენ, EPA-ს ექსპერიმენტის დაშვების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე რამდენიმე საკითხი უნდა განეხილა. მათი ინფორმაციით, EPA-ს Oxitec-ისგან არ მოუთხოვია გამოკვლევების ჩატარება დახურულ გარემოში, რაც რეალურად აჩვენებდა, თუ რამდენად იმუშავებდა ეს ექსპერიმენტი კონტროლირებად გარემოში იქამდე, სანამ მათ ველურ პირობებში გაუშვებდნენ.
დახურულ გარემოში ჩატარებული ექსპერიმენტი იქნებოდა იმ პროცესების წინასწარი დემონსტრაცია, რაც, Oxitec-ის რწმუნებით, ფლორიდა-კისზე განვითარდება. იმ შემთხვევაში კი, თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით არ განვითარდებოდა, მაშინ ეს კომპანიას შეცდომების დანახვის და პრობლემების გამოსწორების საშუალებას მისცემდა იქამდე, სანამ რეალურად ექნებოდათ რაიმეს გამოსწორების შანსი. ლეიბის მიხედვით, დახურულ გარემოში ექსპერიმენტი გამიზნულად არ ჩაატარეს, რადგან სააგენტო ამის საჭიროებას ვერ ხედავს.
Oxitec-ის გენმოდიფიცირებული კოღოების კვერცხები, რომელთა გაშვებაც ფლორიდა-კისში იგეგმება, მოიცავს როგორც დედალ, ასევე მამალ კოღოებს. მაგრამ, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, OX5034 გენის მატარებელი მდედრები, ლარვობის პერიოდშივე დაიხოცებიან. იმისთვის, რომ ამ მწერებმა მოზარდობის ასაკს მიაღწიონ, საჭიროა წამალი ტეტრაცილინი, რომელიც ფართოდ გამოიყენება სოფლის მეურნეობაში ანტიბიოტიკის სახით, განსაკუთრებით კი იმ ტერიტორიაზე, სადაც ციტრუსები მოჰყავთ.
EPA-მ ბრიტანულ კომპანიას აუკრძალა კოღოების გაშვება 500 მეტრის რადიუსში იმ ადგილებიდან, სადაც ტეტრაცილინი გამოიყენება. ეს მანძილი იმაზე ბევრად მეტია, რასად ტიპიური Aedes სიცოცხლის მანძილზე გადის. თუმცა, სააგენტოს კომპანიისთვის გაშვების ადგილას წყლის შემადგენლობის ანალიზი არ მოუთხოვია.
ყველა სიკეთესთან ერთად, ჯერ დანამდვილებით ისიც კი არაა ცნობილი, შეამცირებს თუ არა ეს ექსპერიმენტი დაავადების გადატანას, თუ უბრალოდ ისედაც ინვაზიური სახეობის კოღოს გაამრავლებენ გარემოში. კუზმას აზრით, არსებობს შესაძლებლობა, რომ Oxitec-ის კოღოებისა და ველური კოღოების ჰიბრიდებმა უფრო აქტიურად შეუწყონ ხელი დენგეს გავრცელებას — ამ შესაძლებლობის შემოწმებისთვის კი, მისი ინფორმაციით, თავი არავის შეუწუხებია.
"ვეცადე რისკების შეფასების დოკუმენტი მეპოვა იქამდე, სანამ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებდნენ, თუმცა ვერ შევძელი. დამოუკიდებელი სამეცნიერო შეფასებისთვის შესაძლებლობა არ დაგვიტოვეს", — განუცხადა კუზმამ Futurism-ს.
მიუხედავად იმისა, რომ EPA-ს რისკების შეფასების დოკუმენტი ახლა გასაჯაროვებულია, კუზმა აღნიშნავს, რომ მონაცემები, რომლის საფუძველზეც ეს დოკუმენტი შეიქმნა, ისევ მიუწვდომელია და არც ერთ სამეცნიერო გამოცემაში არაა გამოქვეყნებული. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ Oxitec-ის ტექნოლოგია საშიშია, ან რომ იგი არ მუშაობს. თუმცა, კომპანიას ისიც არ დაუდასტურებია, რომ იგი უსაფრთხოა, ამის შეცვლა კი არც EPA-ს და არც სახელმწიფო სააგენტოს არ უცდია.
"ახლა, როდესაც გვაქვს წვდომა მონაცემების ნაწილსა და სამეცნიერო შეფასებაზე, მარეგულირებებლ პროცესებში ბევრი საზრუნავი გამოიკვეთა", — ამბობს დანა პერილსი, გარემოსდაცვითი ჯგუფის — დედამიწის მეგობრების მენეჯერი. "თუმცა, ჯერ ძალიან გვიან არაა. EPA-მ სასწრაფოდ უნდა შეაჩეროს ეს ექსპერიმენტი, რადგან ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც გენეტიკურად მოდიფიცირებულ მწერებს ასეთ მასშტაბებზე უშვებენ და იმისთვის, რომ ყველაფერმა კარგად ჩაიაროს, მაქსიმალური პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ და რაც შეიძლება გააზრებულად გადავდგათ ეს ნაბიჯი".
აღსანიშნავია ისიც, რომ მამალი Aedes aegypti კოღოებს თავადვე შესანიშნავად შეუძლიათ დაავადების გავრცელება, ადამიანის კბენის გარეშეც კი. 2017 წლის კვლევის მიხედვით, მათ შეუძლიათ დააინფიცირონ, ან თვითონვე დაინფიცირდნენ დედალ კოღოებთან შეწყვილებისას. ერთდროულად, ამ სახეობის ნახევარი მილიონი წარმომადგენლის გაშვებამ, შესაძლოა, საშიში დაავადებების უფრო აქტიურად გავრცელება გამოიწვიოს, ვიდრე აქამდე. ეს ყველაფერი კი გაზრდის იმის შანსს, რომ ნებისმიერი გადარჩენილი ველური დედალი კოღო იქნება ამ საშიში ვირუსის მატარებელი.
იმ შემთხვევაში კი, თუ ექსპერიმენტი იმუშავებს და ის მოხდება, რასაც Oxitec ამტკიცებს, მაშინ ჩვენ აღმოვჩნდებით მავნებლებთან გამკლავების ახალი, საოცარი ეპოქის ზღვარზე. ექსპერიმენტის წარმატების შემთხვევაში და მაშინაც, თუ შესაძლებელი იქნება მსგავსი ტექნოლოგიის შექმნა სხვა სახეობის მწერებისთვისაც, ისეთ სამყაროში ამოვყოფთ თავს, სადაც მეცნიერები შეძლებენ, გენეტიკური ინჟინერიის საშუალებით, ისეთი საშინელი დაავადებების გავრცელებასთან გამკლავებას, როგრიცაა მალარია და დენგე.
თუმცა, ამ ყველაფერს, შესაძლოა, ცუდი ეკოლოგიური შედეგი მოჰყვეს, ან, შეიძლება, ექსპეტიმენტმა სულ სხვა გზით გვაჩვენოს ცუდი უკუშედეგი. ეს უბრალოდ არ ვიცით, რადგან ამის გასარკვევად საკამრისი მონაცემები არაა ხელმისაწვდომი და როგორც მეცნიერები ამბობენ, არც საკმარისი კვლევებია ჩატარებული.
სხვა თუ არაფერი, აშკარაა, რომ ტექნოლოგიები იმაზე სწრაფად ვითარდება, ვიდრე რეგულაციები, რომლებიც მათ კონტროლს ისახავს მიზნად, რაც დიდ პრობლემას წარმოადგენს.
კომენტარები