Sony-ის რეკორდული მაჩვენებელი — გაყიდულია 8 მილიონი PS5
Sony-მ 7,8 მილიონი playstation 5 გაყიდა. როგორც კომპანიის მოხსენებიდან ვიგებთ, იაპონურ ტექნოლოგიურ გიგანტს საკმაოდ კარგი სტატისტიკა აქვს. 31 მარტის ჩათვლით მათ თითქმის 8 მილიონი ფლეისთეიშენი გაყიდეს, ხოლო Playstation Plus-ის გამომწერთა რიცხვმა 47,6 მილიონს მიაღწია, რაც წლიდან წლამდე 14,7%-იან ზრდას ნიშნავს. ფლეისთეიშენის ბიზნესი სონისთვის წელს ყველაზე მომგებიანი გამოდგა. კომპანიამ საკუთარი რეკორდი მოხსნა და გასული წლის მეოთხე კვარტლის მოგებამ 342,2 მილიარდი იენი, ანუ 3,14 მილიარდი ამერიკული დოლარი შეადგინა.
სონის მოხსენებიდან ვიგებთ, რომ კომპანიამ 4,5 მილიონი PS5 შარშან, წლის ბოლო კვარტალში, ხოლო 3,3 მილიონი წელს, იანვრიდან მარტის ჩათვლით, გაყიდა.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ ჩიპსეტების გლობალური დეფიციტის გამო სონის უჭირს Playstation 5-ების დაგეგმილი რაოდენობით წარმოება და დღეს მისი შოვნა საკმაოდ რთულია, ან გადამყიდველებთან გაცილებით ძვირი უნდა გადაიხადოთ.
ბაზრის ანალიტიკოსების თქმით, გამოსვლიდან 5 თვის განმავლობაში, PS5 ამერიკის მასშტაბით ყველაზე სწრაფად გაყიდვადი კონსოლი იყო, თუმცა წარმოების შეფერხებამ თავისი ქნა და 2021 წლის პირველ კვარტალში უპირატესობა Nintendo Switch-მა მოიპოვა.
სონიმ, PS5-ების პარალელურად, 2020 წლის ბოლო კვარტალში მილიონი PS4-ის გაყიდვაც შეძლო, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჯამურად იაპონურმა კომპანიმ უკვე 115,9 მილიონი ერთეული PS4 გაყიდა.
Sony-ს მოხსენებიდან ირკვევა ისიც, რომ PS5 მთელი მსოფლიოს მასშტაბითაც უფრო სწრაფად იყიდება ვიდრე ეს PS4-მა შეძლო 2014 წელს. დროის ერთნაირ მონაკვეთში 7,6 მილიონი PS4 გაიყიდა, ხოლო როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ, გაყიდული PS5-ების რაოდენობამ 7,8 მილიონს მიაღწია და თან ეს დეფიციტის პირობებში მოხდა.
კომენტარები