მარსზე ეკიპაჟიანი ხომალდის გასაშვებად, რომელიც უკანაც შეძლებს დაბრუნებას, კაცობრიობას ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევის დაძლევა მოუწევს. თუმცა, ასეთი მისია არც ისე შორეულ გეგმას წარმოადგენს. ამ ამბის მთავარი მონაწილეები — NASA და SpaceX ერთად მუშაობენ საერთაშორისო კოსმოსური სადგურის მისიებზე და ამავდროულად, საინტერესო იდეები აქვთ იმის შესახებაც, თუ როგორი უნდა იყოს ეკიპაჟიანი მისია მარსზე.

მასა და ზომა

მთავარ გამოწვევას იმ ტვირთის (კოსმოსური ხომალდი, ხალხი, საწვავი, მარაგი და ა.შ.) მასა წარმოადგენს, რომელიც მისიის განხორციელებისთვის არის საჭირო. ზოგადად, ტვირთის მასა პროცენტულად ძალიან მცირე ნაწილს წარმოადგენს მისიის ფარგლებში გასაშვები ტრანსპორტისა. მაგალითად, Saturn V რაკეტა, რომელიც მთვარეზე Apollo 11-ის გასაშვებად გამოიყენეს, 3 000 ტონას იწონიდა, მაგრამ მან დედამიწის დაბალ ორბიტაზე მხოლოდ 140 ტონის (საწყისი მასის 5%) გაშვება მოახერხა, მთვარეზე კი — 50 ტონის (საწყისი მასის 2%-ზე ნაკლები).

მასის შეზღუდვა განსაზღვრავს მარსის კოსმოსური ხომალდის ზომას და იმასაც, თუ რის გაკეთებას შეძლებს იგი კოსმოსში. თითოეული მანევრის შესრულებაზე გარკვეული რაოდენობის საწვავი იხარჯება.

SpaceX მომავალში Starship-ის ეკიპაჟიანი მისიისთვის ხომალდთან ერთად საწვავის ტანკერის გაშვებას გეგმავს, რომელიც Starship-ს კოსმოსშივე მოამარაგებს.

ფოტო: scitechdaily.com

დრო

კიდევ ერთი გამოწვევა, რომელიც ასევე საწვავთანაა დაკავშირებული, არის დრო.

ხომალდები, რომლებიც ეკიპაჟის გარეშე სხვა პლანეტებისკენ მიემართებიან, ხშირად დანიშნულების ადგილამდე მისაღწევად კომპლექსურ ტრაექტორიებს გადიან. ისინი პლანეტების გარშემო ეფექტიანი მოგზაურობისთვის გარკვეულ მანევრებს ასრულებენ, რომლებიც მათ სამიზნე პლანეტამდე მისაღწევად საკმარისი მომენტის შეძენაში ეხმარება.

აღნიშნული მანევრების საშუალებით ხომალდები დიდი რაოდენობით საწვავს ზოგავენ, თუმცა, სანაცვლოდ, დანიშნულების ადგილამდე მისაღწევად წლები სჭირდებათ. ცხადია, ეკიპაჟიანი მისიისთვის ეს არც ისე ხელსაყრელი გამოსავალი იქნება.

კოსმოსური მისიებისთვის, საწვავის დაზოგვის მხრივ, ყველაზე ეფექტიანი ჰომანის ტრაექტორიაზე მოძრაობაა. ამ გზით, დედამიწიდან მარსამდე მისაღწევად 259 დღე (8-9 თვე) არის საჭირო და მისი განხორციელება ყოველ ორ წელიწადში ერთხელაა შესაძლებელი იქიდან გამომდინარე, რომ მარსი და დედამიწა მზის გარშემო განსხვავებულ ორბიტებზე მოძრაობენ.

Space X-ის მტკიცებით, მარსამდე მიღწევა ბევრად ადრე — ექვს თვეშიც არის შესაძლებელი, თუმცა ამისთვის მეტი საწვავი იქნება საჭირო.

უსაფრთხო დაშვება

დავუშვათ, ეკიპაჟიანმა ხომალდმა მარსზე მშვიდობით ჩააღწია. შემდეგი გამოწვევა პლანეტის ზედაპირზე დაშვებაა.

დედამიწაზე, კოსმოსური ხომალდის დაშვება, ატმოსფეროსთან ურთიერთქმედების შედეგად, ნელდება. ეს მას საშუალებას აძლევს, უფრო უსაფრთხოდ დაეშვას ჩვენი პლანეტის ზედაპირზე.

თუმცა, მარსის ატმოსფერო, დედამიწის აიროვან გარსთან შედარებით, 100-ჯერ უფრო თხელია. ეს იმას ნიშნავს, რომ წითელ პლანეტაზე უსაფრთხო დაშვებისთვის დამატებითი ზომების მიღებაა საჭირო.

აღსანიშნავია, რომ აქამდე ჩატარებული მისიებში, მარსზე დასაშვებად ზოგ შემთხვევებში უსაფრთხოების ბალიშები (NASA-ს Pathfinder მისია), ზოგში კი დამხმარე ძრავები (NASA-ს Phoenix მისია) გამოიყენეს. ამ უკანასკნელისთვის, რა თქმა უნდა, დამატებითი საწვავია საჭირო.

ცხოვრება მარსზე

მარსზე ერთი დღე 24 საათსა და 37 წუთს გრძელდება. თუმცა, ალბათ, ეს ერთადერთი ხელმოსაჭიდი მსგავსებაა ამ პლანეტასა და დედამიწას შორის.

იქიდან გამომდინარე, რომ მარსის ატმოსფერო ძალიან თხელია, მას არ აქვს სითბოს შენარჩუნების ისეთივე უნარი, როგორიც დედამიწის ატმოსფეროს. ამიტომ, წითელი პლანეტა დღე-ღამურად მკვეთრი ტემპერატურული ექსტრემუმებით ხასიათდება.

მარსზე ტემპერატურის მაქსიმალური მაჩვენებელი 30℃-ა, რაც საკმაოდ ნორმალური ტემპერატურაა ადამიანებისთვის, თუმცა, აქ მინიმალური ტემპერატურა -140℃-ს აღწევს . ამ პლანეტაზე საშუალო ტემპერატურა -63℃-ა. ზამთრის საშუალო ტემპერატურა დედამიწის სამხრეთ პოლუსზე არის დაახლოებით -49℃.

ამიტომ, მარსზე საცხოვრებელი ადგილის შერჩევისას მეცნიერებს ბევრი რამ უნდა გაითვალისწინონ. მათ იმაზე ფიქრიც მოუწევთ, თუ როგორ მოახერხებენ ღამით ტემპერატურის დარეგულირებას.

მარსზე გრავიტაცია დედამიწის გრავიტაციის სულ რაღაც 38%-ს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ იქ ადამიანები თავს უფრო მსუბუქად იგრძნობენ. მისი ატმოსფერო კი უმეტესად ნახშირორჟანგისა და შედარებით მცირე კონცენტრაციით — აზოტისგანაც შედგება. აქედან გამომდინარე, ამ პლანეტაზე დედამიწელისთვის სუნთქვა უბრალოდ შეუძლებელია.

მომავალში SpaceX წითელ პლანეტაზე რამდენიმე მისიის გაგზავნას გეგმავს, რომელთა ფარგლებშიც პლანეტაზე სათბურის, მზის პანელებისა და საწვავის საწარმოო ხელსაწყოების გადატანას გეგმავენ.

დედამიწაზე უკვე გააკეთეს რამდენიმე სიმულაცია იმის გასარკვევად, თუ როგორ გაუმკლავდებოდნენ ადამიანები მარსულ გარემოში ცხოვრებას.

ფოტო: scitechdaily.com

დედამიწაზე დაბრუნება

ბოლო გამოწვევას კი დედამიწაზე ეკიპაჟის უსაფრთხოდ დაბრუნება წარმოადგენს.

დედამიწის დაბალ ორბიტამდე მოღწევის, შემდეგ ხომალდის სიჩქარე გარკვეულ ნიშნულამდე უნდა შემცირდეს, რისთვისაც ისევდაისევ დამატებითი საწვავია საჭირო.

იმ შემთხვევაში, თუ ხომალდი თავისუფლად შემოვა დედამიწის ატმოსფეროში, მაშინ ატმოსფერო გარკვეულწილად შეანელებს მას. თუმცა, აქ საჭიროა იმაში დარწმუნებაც, რომ ატმოსფეროს მაღალი ტემპერატურა ხომალდის დაწვას არ გამოიწვევს.

ეს ყველაფერი კი მხოლოდ ნაწილია იმ გამოწვევებისა, რომელთა წინაშეც მარსის ეკიპაჟიანი მისია დგას. თუმცა, დღემდე არსებული ტექნოლოგიური მიღწევები მისი განხორციელების საშუალებას ნამდვილად იძლევა. უბრალოდ, მეტი დრო და ფინანსებია საჭირო იმისთვის, რომ მეცნიერებმა ყველაფერს მოუყარონ თავი, წარმატებით გაუშვან ადამიანები მარსზე და მშვიდობით დააბრუნონ უკან.