ნახეთ: გია დვალის ახალი ლექცია ბნელი ენერგიის ბუნების შესახებ — ვიდეო
ქართველ მეცნიერთა საერთაშორისო საზოგადოების ორგანიზებით, 23-25 აპრილს კოსმოლოგიის და მაღალი ენერგიების ფიზიკის თემაზე სიმპოზიუმი გაიმართა, რომელშიც საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მოღვაწე არაერთი მეცნიერი მონაწილეობდა. გამომსვლელებს შორის იყო გია დვალი, რომელიც სიმპოზიუმის დამსწრეების წინაშე 23 აპრილს წარსდგა, მოხსენებით რომელიც ბნელი ენერგიის ბუნებას ეხებოდა.
NEXT.On.ge-იზე ღონისძიება წინასწარაც დავაანონსეთ, თუმცა მათ, ვინც სიმპოზიუმზე დასწრება ვერ მოახერხეთ, გთავაზობთ გია დვალის ვიდეომოხსენების ჩანაწერს, რომელიც ქართველ მეცნიერთა საერთაშორისო საზოგადოების YouTube არხზე გავრცელდა.
სიმპოზიუმი ჯერ კიდევ მიმდინარეობს და 25 აპრილს, 19 საათზე დასრულდება.
გია დვალმა 1985 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სადაც მიენიჭა მაგისტრის ხარისხი ფიზიკაში. 1992 წელს მიიღო დოქტორის ხარისხი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ე. ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტში. 1992-93 წლებში იყო თეორიული ფიზიკის საერთაშორისო ცენტრის (ICTP, ტრიესტი, იტალია), ხოლო 1993-95 წლებში — პიზის უნივერსიტეტის პოსტდოქტორანტი, 1995-97 წლებში — ბირთვული კვლევის ევროპული ცენტრის (CERN) მკვლევარი, 1997-98 წლებში – ICTP-ს პროფესორი, 1998 წლიდან არის ნიუ-იორკის უნივერსიტეტის პროფესორი.
დვალს მიღებული აქვს დ. და ლ. პაკარდების (1999), ა. სლოუნის (2000), ნიუ-იორკის მერის (2001) ჯილდოები მეცნიერებასა და ტექნოლოგიაში მიღწეული წარმატებისათვის. 2007 მიიღო ნიუ-იორკის უნივერსიტეტის „სილვერს სახელობის პროფესორის“ წოდება, ხოლო 2008 წელს მიენიჭა ჰუმბოლდტის პრემია.
დვალის კვლევის სფეროა ელემენტარული ნაწილაკების თეორია, კოსმოლოგია, კვანტური გრავიტაცია და ადრეული სამყაროს ევოლუცია.
კომენტარები