ქართული კომპანია Noxtton და ამერიკული სააგენტო Vision Millennium პარტნიორობას იწყებენ
ქართულ ტექნოლოგიურ კომპანია Noxtton-სა და ამერიკულ კრეატიულ სააგენტო Vision Millennium-ს შორის გრძელვადიანი პარტნიორობის ხელშეკრულება გაფორმდა. მხარეებმა მემორანდუმს ხელი 2021 წლის 18 მარტს მოაწერეს.
"ეს არის სტრატეგიული, ორმხრივ სარგებელზე დაფუძნებული პარტნიორობის ხელშეკრულება, რომელიც ხელს შუწყობს შეთანხმებაში მონაწილე კომპანიების სწრაფ ზრდასა და განვითარებას ტექნოლოგიების გლობალურ ბაზარზე", — ამბობენ Noxtton-ში.
კომპანიების წარმომადგენლების განცხადებით, Noxtton-ის წამყვანი, ტექნოლოგიური და საკონსულტაციო სერვისებისა და Vision Millennium-ის მსოფლიო კლასის პროდუქტის მოდელირებისა და ბრენდინგის გაერთიანების შედეგად, მოხდება მომხმარებლისთვის ღირებული და ბაზარზე გამორჩეული პროდუქტის შეთავაზება.
“ეს არის მრავალმხრივი თანამშრომლობის შეთანხმება, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს, ორგანიზაციები უზრუნველვყოთ კომპლექსური და ეფექტური ბიზნეს გადაწყვეტებით, რათა ხელი შევუწყოთ ბიზნესებს ტექნოლოგიური და ციფრული ინფრასტრუქტურის სრული პოტენციალის ათვისებაში”, —ამბობს გივი ჩხარტიშვილი, Noxtton-ის დამფუძნებელი.
Vision Millennium-ის შესახებ
Vision Millennium წარმოადგენს კრეატიული სააგენტოს, რომელიც მუშაობს ბრენდ კონტენტისა და კომერციული ვიდეორგოლების შექმნაზე, ასევე, ახორციელებს პროდუქტის 3D მოდელირებასა და ვიზუალიზაციას. სააგენტოს სათავო ოფისი ვაშინგტონში მდებარეობს, თუმცა კომპანიის სერვისები ხელმისაწვდომია აზიის ქვეყნებშიც. Vision Millennium-ის პორტფოლიო მსოფლიოს მასშტაბით განხორციელებულ 65-ზე მეტ პროექტს ითვლის, სააგენტო თანამშრომლობს ისეთ წამყვან ბრენდებთან, როგორებიც არის: BALR, Jaguar, Goldman Sachs, LVMG, TRENCH LONDON, G&H… .
Noxtton-ის შესახებ
Noxtton-ი ქართული მრავალპროფილური ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით სამი ქვეყნის ბაზარზე ოპერირებს, Noxtton-ის სერვისები კი 10-ზე მეტ ქვეყანაში არის ხელმისაწვდომი. ორგანიზაცია ბიზნეს კორპორაციებს, არასამთავრობო სექტორსა და სტარტაპებს მრავალფეროვანი ტექნოლოგიური და საკონსულტაციო სერვისებით უზრუნველყოფს. კომპანიის პორტფოლიო 100-ზე მეტ ლოკალურ და გლობალურ პროექტს ითვლის. Noxtton თანამშრომლობდა სხვადასხვა ინდუსტრიის ისეთ ლიდერებთან, როგორებიც არის: EBRD GULF, VEON, Red Cross და სხვა.
კომენტარები