აღმოაჩინეს მექანიზმი, რომელიც შიმშილის შეგრძნებას "აქრობს"
"მუდმივი" შიმშილის შეგრძნება ბევრ ადამიანს აწუხებს. ამ პრობლემის მოგვარებას ცხოვრების წესის შეცვლა და სპეციალური დიეტები სჭირდება — ზოგჯერ მედიკამენტური ჩარევაც. თუმცა, მსგავს მედიკამენტებს ზოგჯერ გვერდითი ეფექტები აქვს და ძალიან ეფექტიანი არ არის.
სწორედ ამ პრობლემის გადასაჭრელად, გამოქვეყნდა ახალი კვლევა, რის თანახმადაც, შესაძლოა, მივიღოთ წამლები, რომლებიც ზედმეტი შიმშილის შეგრძნებას "გათიშავენ".
კვლევაში ვეიზმანის სამეცნიერო ინსტიტუტის, ლონდონის და იერუსალიმის უნივერსიტეტების მკვლევრები მონაწილეობდნენ. მათ შეისწავლეს თუ როგორ აღიქვამს ტვინი შიმშილს და ის მელანოკორტინის (MC4) რეცეპტორებთან დააკავშირეს.
ეს რეცეპტორები ბავშვებში ჭარბწონიანობის გამომწვევ მიზეზადაც ითვლება. მეცნიერები აქტიურად მუშაობენ ისეთი წამლების შესაქმნელად, რომლებიც ამ რეცეპტორებზე გავლენას იქონიებს, მაგრამ საკითხის კარგად არ ცოდნის გამო, წამლებში ხშირია გვერდითი ეფექტები.
ახლა კი, მკვლევრებმა კრიოგენული ელექტრონული მიკროსკოპის გამოყენებით, MC4 რეცეპტორის 3D სტრუქტურა შეიმუშავეს. ეს მელანოკორტინის რეცეპტორების ფუნქციონირების შესასწავლად ძალიან მნიშვნელოვანია.
კვლევამ აჩვენა, რომ სეტმელანოტიდი (Imcivree), რომელსაც ჭარბჭონიანობასთან საბრძოლველად იყენებენ, მოქმედებს MC4-ზე და ეს საჭიროების შემთხვევაში, ამ რეცეპტორების "გათიშვის" საშუალებას მოგვცემს.
"ახლა ამ პროცესზე ბევრად მეტი ვიცით, შესაბამისად, ცოდნის მიზანმიმართულად გამოყენება შეგვიძლია. ეს დაგვეხმარება შევიმუშაოთ ისეთი წამლები, რაც ზედმეტი შიმშილის შეგრძნებას შეამსუბუქებს და ამასთან, გვერდით ეფექტებსაც თავიდან ავიცილებთ." თქვა დოქტორმა მორან შალევ-ბენამმა, ერთ-ერთმა მკვლევარმა.
კომენტარები