Facebook დღეს Clubhouse-ის კონკურენტ აუდიო პროდუქტებს წარადგენს
დღეს ფეისბუქი ქოლგის — "social audio" ქვეშ გაერთიანებულ პროდუქტებს წარადგენს. ამის შესახებ Reuters იუწყება. სოციალური ქსელის გიგანტის გეგმები აუდიო ჩატის პლატფორმა Clubhouse-ისთვის კონკურენციის გაწევის მიზნითაა ნასაზრდოები. Facebook-ის გეგმებში შედის Rooms-ის (ანუ ფეისბუქის ვიდეოკონფერენციების პროდუქტის) აუდიო ვერსიის ამუშავება. ეს Clubhouse-ის მსგავსი პროდუქტი, როგორც ანგარიშიდან ვიგებთ, სოციალური ქსელის მომხმარებლებს მისცემს საშუალებას მოუსმინონ გამომსვლელებს და მათთან აუდიო კომუნიკაციის დამყარებაც შეძლონ.
გარდა ამისა, ცნობილია რომ ფეისბუქი აამოქმედებს პროდუქტს, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას მისცემს ხმოვანი შეტყობინებები სიახლეების ზოლში დაპოსტონ (აუდიო პოსტები), ასევე, აღმოაჩინონ პოდკასტები (Spotify-სთან დაკავშირებული პროდუქტით).
მიუხედავად იმისა, რომ ამ პროდუქტების შესახებ დღეს საღამოს უფრო მეტს გავიგებთ, მათი გამოყენება ჯერ შესაძლებელი არ იქნება.
აღსანიშნავია, რომ Facebook-მა, მიმდინარე თვეში, უკვე დაიწყო ახალი აპლიკაციის Hotline საჯარო ტესტირება. აქ კრეატორებს შეუძლიათ აუდიო კომუნიკაცია დაამყარონ მსმენელთან და მათგან რეალურ დროში მიიღონ კითხვებიც. ეს კითხვა-პასუხის პლატფორმა აუდიო, ტექსტუალური თუ ვიდეო კომუნიკაციის ელემენტებს აერთიანებს და სოციალური მედიის გიგანტის ექსპერიმენტის ნაწილია.
Clubhouse ჯერ მხოლოდ ერთი წლისაა, მისი მოხმარების ბუმმა კი თითქოს იკლო, თუმცა "მეორე ტალღას" Android ვერსიის გამოჩენის შემდეგ ელიან. ერთი რამ კი ფაქტია — ამ ახალბედა აპლიკაციამ შეძლო და მსოფლიო ტექნოლოგიურ გიგანტებს აუდიო კომუნიკაციაზე მოთხოვნა და COVID-19-ის პირობებში თუ მის გარეშე, ურთიერთობის ამ ფორმის პოტენციალი დაანახა. ფეისბუქი კი, სხვა სოციალური მედიების მსგავსად (მაგალითად, ტვიტერი), ცდილობს ახალი პროდუქტებით აუდიო კომუნიკაციის ბაზარზე მნიშვნელოვან მოთამაშედ იქცეს.
კომენტარები