ახალი იარაღი სამხედრო დრონებს მიკროტალღებით ჩამოაგდებს
ლოს ანჯელესში დაფუძნებულმა სტარტაპმა — Epirus-მა იარაღი შექმნა, რომელიც მტრის დრონების გუნდის მოსაშორებლად მაღალენერგეტიკულ მიკროტალღებს იყენებს.
New Scientist-ის მიხედვით, იარაღი სახელად Leonidas საკმარისად პატარა ზომისაა და მისი ტრანსპორტირება ჩვეულებრივი სატვირთო მანქანითაც შეიძლება.
"ჩვენი სისტემები საშუალებას გვაძლევს, სურვილისამებრ გავაფართოვოთ ან დავავიწროვოთ სხივი და მივმართოთ იგი ნებისმიერი მიმართულებით. ამ სხივების საშუალებით ხდება მტრის დრონების გაუვნებლება. სულ ესაა", — უყვება New Scientist-ს Epirus-ის აღმასრულებელი დირექტორი, ლეი მედენი.
ამჟამად Epirus უფრო პატარა მოწყობილობაზე მუშაობს, რომლის გადატანასაც ადამიანები მიწაზე თავისუფლად, ტრანსპორტის გარეშე შეძლებენ.
წლის დასაწყისში, აშშ-ს მთავრობის უცნობი კლიენტისთვის გამართულ დემო დღეზე, სისტემამ 66 სამიზნის მოცილება შეძლო — ერთი თავდასხმის დროს იგი ერთდროულად რამდენიმე დრონს აუვნებლებდა.
იარაღი Leonidas მყარ აგრეგატულ მდგომარეობაში მყოფი გალიუმის ნიტრიდის გამოსხივების წყაროების მთელ წყებას იყენებს — იგივე ტექნოლოგია მუშაობს თანამედროვე 5G საკომუნიკაციო მოწყობილობებშიც.
"იარაღის გამოყენებისას ძალიან მნიშვნელოვანია სიზუსტე, რადგან, თუ იგი ოდესმე ააცილებს მიზანს, ამან შესაძლოა ელექტროენერგიის ინფრასტრუქტურის დაზიანება გამოიწვიოს და ადამიანების ელექტრონულ მოწყობილობებს გაუჩინოს ცეცხლი", — განუცხადა ჟურნალს თავდაცვისა და უსაფრთხოების კვლევითი ორგანიზაცია RUSI-ს მკვლევარმა, ჯასტინ ბრონკმა.
იმის გათვალისწინებით, რომ დრონებმა, სამხედრო სფეროდან დაწყებული, მიტანის სერვისით დასრულებული, ძალიან ბევრგან ჰპოვეს გამოყენება, სავარაუდოდ, გაიზრდება მოთხოვნა ისეთ მოწყობილობებზე, რომლებიც არასასურველ მფრინავ ობიექტებს თავიდან მოიცილებენ.
მაგალითად, მსგავსი სისტემას 2018 წლის ბოლოს გამოდგებოდა, როდესაც, მოულოდნელად, თაღლითურმა დრონებმა მთელი საერთაშორისო აეროპორტი გამოიყვანეს მწყობრიდან.
კომენტარები