აღმოაჩინეს გენი, რომელსაც დაზიანებული გულის უჯრედების აღდგენა შეუძლია
სიდნეიში გულის კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერთა გუნდმა გამოავლინა თევზის გენი, რომელსაც დაზიანებული გულის უჯრედების აღდგენა შეუძლია. საუბარია ზებრა თევზის გენზე, რომელიც გულის შეტევის შემდეგ, გულს ფუნქციონირების სრულად აღდგენაში ეხმარება.
"კონკრეტული გენი გულის უჯრედებს გაყოფის და გამრავლების საშუალებას აძლევს. შედეგად დაზიანებული გულის კუნთის სრული რეგენერაცია და გაჯანსაღება ხდება." — ნათქვამია პრესრელიზში.
მეცნიერებმა იცოდნენ, რომ მსგავსი შესაძლებლობა ზებრა თევზის ორგანიზმს ჰქონდა, მაგრამ ახლა გაიგეს თუ როგორ მუშაობს ის და კონკრეტულად რომელი გენია ამაზე პასუხისმგებელი. კვლევა ჟურნალ Science-ში გამოქვეყნდა.
"კვლევით დავადგინეთ გენი, რომელიც გულის დაზიანების შემდეგ, გულის კუნთის უჯრედებს გაყოფის და გამრავლების საშუალებას აძლევს. გენი გულის დაზიანების შემთხვევაში აქტიურდება და მის სრულად განკურნებას ახერხებს. სამწუხაროდ, ადამიანის შემთხვევაში, ეს ასე არ ხდება." — თქვა წამყვანმა მკვლევარმა, კაზუ კიკუჩიმ.
თუმცა, ზებრა თევზის გენის კომპლექსური შესწავლით, მისი გამოყენება შეიძლება ადამიანებშიც შევძლოთ.
"ამ პატარა თევზების გენებს უამრავი ადამიანის გადარჩენის პოტეცნიალი აქვთ". — ამბობენ მკვლევრები.
მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ მსგავსი გენები ოდესღაც ადამიანსაც უნდა ჰქონოდა, მაგრამ ევოლუციის პროცესში ისინი დაიკარგა. მეცნიერებას ახლა ამის მიზეზის გარკვევა სურს. ასეთ შემთხვევაში, გენური ინჟინერიის გამოყენებით, ადამიანის დაზიანებული გულის უჯრედების აღდგენა ბევრად მარტივი იქნება.
კომენტარები