ერეკლე შიშნიაშვილი Huawei-ის მანქანური დასწავლის მკვლევარი გახდა — როგორია კომპანიაში მუშაობა
ერეკლე შიშნიაშვილი, ამიერიდან, მიუნხენში, Huawei-ის ოფისში, მანქანური დასწავლის მკვლევრის პოზიციაზე იმუშავებს. ამჟამად ის Huawei-ის Intelligent Cloud Technologies გუნდის წევრია და კომპანიაში გამოყენებული ალგორითმების გაუმჯობესებას, საკუთარი ხედვის შეთავაზებასა და იდეების რეალიზებას ცდილობს.
ერეკლე სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის (საქართველო) კურსდამთავრებულია. სტუდენტობის პერიოდში კი, პირველი კურსის დასრულებისთანავე, სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ "დელტაში" მუშაობდა, პარალელურად კი ხვეწდა საკუთარ პროექტებს, როგორებიცაა პირველი ქართული Text-To-Speech სისტემა, ჟესტური ენის ამოცნობის სისტემა, ქართველი მხატვრების სტილის შესწავლა და მათი სპეციფიკური ფილტრის შექმნა და ა.შ. გარდა ამისა, ერეკლეს გამოცდილება მანქანური დასწავლის ინჟინრად მუშაობასაც უკავშირდება:
"ვიყავი MaxinAI-ის მანქანური დასწავლის ინჟინერი და აქ ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე, ბევრ საინტერესო პროექტზე მუშაობისას", — გვიყვება ის.
ერეკლე შიშნიაშვილის გერმანული გამოცდილება კი მაგისტრატურის საფეხურზე, მიუნხენის უნივერსიტეტში ჩაბარებით დაიწყო. აქ ის, სწავლის პარალელურად, სტარტაპ Filics-ში, რობოტიკის ინჟინრად მუშაობდა, კინემატიკისა და ნავიგაციის მიმართულებით. ამის შემდეგ კი მან Huawei-ში გადაწყვიტა კარიერის გაგრძელება.
"Huawei–ში სტანდარტულად გავაგზავნე რეზიუმე, დამიბარეს გასაუბრებაზე, გავიარე რამდენიმე გასაუბრება და მიმიწვიეს მანქანური დასწავლის მკვლევრის პოზიციაზე. აქ, ჩემი კომპეტენციებიდან, საჭიროა კვლევების სწრაფად და ღრმად გაანალიზება, მათი იმპლემენტაციის უნარი. საკმაოდ მრავალმხრივი ცოდნაა საჭირო, რადგან ერთ პროექტში გამოყენებული მეთოდი რამდენიმე სხვადასხვა სფეროდან იღებს ალგორითმის იდეას და აერთიანებს. ასევე საინტერესოა, რომ რა მიმართულებებითაც ვმუშაობთ, ყველგან საკმაოდ ღრმა და დეტალურ მათემატიკურ ცოდნას ითხოვენ", — ამბობს ერეკლე შიშნიაშვილი.
მიუხედავად ერეკლეს მრავალმხრივი გამოცდილებისა, როგორც მასთან საუბრიდან ჩანს, დიდ კომპანიაში მუშაობა მისთვის მოულოდნელ სიახლეებს მაინც უკავშირდება. მთავარი კი ისაა, რომ ის მალე შეძლებს Huawei-ის ახალ პროდუქტებში საკუთარი ხედვები და იდეები განახორციელოს.
"დიდ კომპანიაში მუშაობა ყოველთვის მაინტერესებდა, თუმცა მოლოდინს გადააჭარბა. ძალიან კარგი გუნდია. არ მეგონა თუ ასეთი უშუალო და კომფორტული სიტუაცია დამხვდებოდა. ვფიქრობდი, დიდ კომპანიებში უფრო სტრესული გარემო იქნებოდა. ყოველდღიურად ძალიან ბევრს ვსწავლობ და გარშემო ყველა მზად არის ნებისმიერ კითხვაზე გიპასუხოს. უფროსებისგან არ იგრძნობა ამპარტავნული დამოკიდებულება, პირიქით, ძალიან სასიამოვნოა მათთან მუშაობა. პროექტებიც, თავისთავად, ძალიან საინტერესოა, მით უმეტეს ახალ საკითხებზე ვმუშაობთ, რაც ართულებს საქმეს. პრობლემები, რომლებსაც ახალ პროექტზე მუშაობისას ვხვდებით, არ იძებნება ინტერნეტში და შესაბამისად, შეუძლებელია სხვისი ნაწვალებით მარტივად გამოვძვრე. ეს კი ძალიან სასარგებლოა — ახლის კეთებისას ძალიან ბევრს ვსწავლობ და ყველა დეტალის სათითაოდ გაანალიზება კიდევ უფრო მავითარებს", — ერეკლე შიშნიაშვილი.
კომენტარები