10 მხატვრული ფილმი, რომელიც მეცნიერებას შეგაყვარებს
ხელოვნება და მეცნიერება ხშირად ერთმანეთთან არის დაკავშირებული. ბევრი ძალიან ცნობილი მეცნიერი არ მალავს და აღნიშნავს, რომ მასზე ბავშვობაში ნანახმა ფილმმა თუ წაკითხულმა წიგნმა ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ზოგი იმასაც ამბობს, რომ მეცნიერება ხელოვნების გავლენის გამო აირჩია.
ამის პარალელურად, უამრავი ხელოვანია, რომელიც მეცნიერებაში მომხდარი პროგრესით და სიახლეებით საზრდოობს. ისინი ხელოვნების ნიმუშებს სწორედ სამეცნიერო პოსტულატებზე აგებენ, რაც ფართო მასებში მეცნიერების პოპულარიზაციას ახერხებს. მაგალითად, სულ რამდენიმე წელია რაც გაჩნდა ხელოვნების ისეთი მიმდინარეობა, როგორიც ბიოარტია. ბიოარტი მეცნიერებას და ხელოვნებას აკავშირებს ერთმანეთთან. ბიოარტისტები მეცნიერების გამოყენებით ისეთ ხელოვნების ნიმუშებს ქმნიან, რომლებიც, პირდაპირი მნიშვნელობით, ცოცხალია.
თუმცა, მეცნიერების მასობრივ პოპულარიზაციას მხატვრული ფილმები და წიგნები ახდენენ. დღევანდელ სტატიაში სწორედ ასეთ ფილმებზე მოგიყვებით.
2001: A Space Odyssey
ჩვენს სიას სამეცნიერო ფანტასტიკის საკულტო ფილმით "2001 წლის კოსმოსური ოდისეით" ვხსნი.
ფილმი 1968 წელს გამოვიდა, მაგრამ მისი ეფექტური გრაფიკა და შთამბეჭდავი კადრები დღესაც გაოცებას იწვევს. ცალკე საკითხია თავად კოსმოსური ხომალდი, რომელიც ზედმეტად რეალურია. ამ ყველაფრის შემყურეს, გაგიჭირდება იმის დაჯერება, რომ ფილმი 53 წლის წინ გადაიღეს.
ფილმის შესაქმნელად რეჟისორმა, სტენლი კუბრიკმა, მისი დროის ერთ-ერთ საუკეთესო ფანტასტთან, მწერალ ართურ კლარკთან ითანამშრომლა. სწორედ კლარკის ფანტაზიას ეკუთვნის ხელოვნური ინტელექტი HAL, რომელმაც ადამიანები იმაზე დაგვაფიქრა თუ რამდენად კომპლექსური შეიძლება იყოს მომავლის რობოტიკა. ის პარადოქსი, რასაც "კოსმოსურ ოდისეაში" HAL აწყდება, აქამდე, ალბათ, მხოლოდ აიზეკ აზიმოვის მოთხრობებში იყო გაშლილი და კინემატოგრაფიაში ნამდვილად ახალი სიტყვა გამოდგა.
კიდევ უფრო შორს წაგვიყვანს კონკრეტული ტექნოლოგიები, რაც ფილმმა პირდაპირ იწინასწარმეტყველა. ამის მაგალითია "პლანშეტები", რომლებსაც ფილმის პერსონაჟები იყენებენ. ერთი სიტყვით, "კოსმოსური ოდისეა" ის ფილმია, რომლის ნახვის შემდეგ აუცილებლად გაგიჩნდება შეკითხვები, რომელზე პასუხის მიღებაც მხოლოდ მეცნიერებიდან შეგვიძლია.
The Theory of Everything
შეკითხვები ვახსენეთ და სწორედ ისინი აწუხებს შემდეგი ფილმის მთავარ პერსონაჟს. "ყველაფრის თეორია" 2014 წელს გამოვიდა და ფილმი ყველასთვის ცნობილ ფიზიკოსზე, სტივენ ჰოკინგზე გვიყვება. მეცნიერს მსახიობი ედი რედმეინი განასახიერებს, რომელმაც ამ როლში ოსკარი და ოქროს გლობუსი მიიღო.
ჰოკინგი შეიძლება ბევრისთვის გაუგებარ ფორმულებზე და სამეცნიერო კონცეფციებზე მუშაობდა, მაგრამ ისიც ჩვეულებრივი ადამიანი იყო — ემოციებით და ცხოვრებით. ფილმი სწორედ ამ ორის, მეცნიერების და ადამიანურობის კარგი სინთეზია.
შეიძლება ვერ ვხვდებოდეთ თუ რა არის ფიზიკის უნიფიკაციის, იგივე ყველაფრის თეორია, მაგრამ თავად მის არსებობაზე ინფორმაციის ქონაც უკვე საქმეა. ეს ფილმი სწორედ ამას აკეთებს, გვაცნობს ერთ-ერთ საუკეთესო ფიზიკოსს და მარტივ და გასაგებ ენაზე გვიყვება იმაზე თუ რაზე მუშაობდა ის.
აღსანიშნავია, რომ ჰოკინგზე ფილმი 2004 წელსაც გადაიღეს, მაგრამ ის შედარებით ნაკლებადაა ცნობილი. ამის ერთ-ერთი მიზეზი, ალბათ, ის არის, რომ "ყველაფრის თეორია" მეცნიერის ყოველდღიურობას უფრო ახლოდან გვიჩვენებს და შესაბამისად, მეცნიერების მიმართაც უფრო მარტივი "შემოვლითი" გზით ვინტერესდებით.
The Imitation Game
რამდენ ადამიანს სმენია ალან ტიურინგზე? ალბათ, 2014 წლამდე ბევრად ნაკლებს, ვიდრე შემდეგ. 2014 წელს ფილმი "იმიტაციის თამაშები" გამოვიდა, რომელმაც ფართო აუდიტორიის ყურადღება მიიქცია.
ფილმი მეოცე საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მეცნიერზე, მათემოატიკოსზე და კომპიუტერული მეცნიერების ნამდვილ გენიოსზე მოგვითხრობს. ალან ტიურინგი იყო ერთ-ერთი პირველი მეცნიერი, რომელმაც დასვა შეკითხვა — შეძლებენ თუ არა მანქანები ფიქრს? მან ამის გასარკვევად სპეციალური მეთოდიც შემოგვთავაზა, მას დღეს ტიურინგის ტესტს ვეძახით.
ფილმი სწორედ ამ მეცნიერის ცხოვრებაზე და მის მნიშვნელობაზე გვიყვება. გარდა სამეცნიერო მოღვაწეობისა, ფილმი გვიჩვენებს თუ რამდენად დიდი როლი ჰქონდა ტიურინგს და მის გამოგონებებს მეორე მსოფლიო ომში ფაშისტური გერმანიის დამარაცხებაში. ამასთან, ფილმში ნაჩვენებია ტიურინგის ცხოვრება და ის, თუ როგორ ცუდად დააფასეს ის მისმა თანამედროვეებმა.
ერთი სიტყვით, "იმიტაციის თამაშები" ნამდვილად ის ფილმია, რომლის ყურებისას არ მოიწყენთ და ამასთან, ძალიან ბევრ საინტერესო და რეალურ ფაქტს შეიტყობთ.
Agora
ალეხანდრო ამენაბარის ფილმი "აგორა", მეცნიერების ნამდვილ "პროპაგანდას" ეწევა. ფილმი მეოთხე საუკუნეში მცხოვრები მეცნიერი ქალის, ჰიპათიას ისტორიაზე მოგვითხრობს. ჰიპათია ისტორიული ფიგურაა და ის მათემატიკოსი, ასტრონომი და ფილოსოფოსი იყო.
ჰიპათია პტოლემეს სამყაროს გეოცენტრულ აღქმას და ჰელიოცენტრულ იდეებს სწავლობს. ის ხვდება, რომ სამყარო დედამიწის გარშემო ვერ იტრიალებს და არსებული დოგმების წინააღმდეგ ილაშქრებს. ეს ყველაფერი კი მეოთხე საუკუნეში მცხოვრები ქალისთვის, რომელიც რელიგიური ფანატიკოსებით და დოგმატიკოსებით არის გარშემორტყმული, მარტივი საქმე ნამდვილად ვერ იქნებოდა.
ამის პარალელურად, ჰიპათია მეცნიერების და ცოდნის სიმბოლოს "ალექსანდრიის ბიბლიოთეკის" დაცვას ცდილობს. ფილმი საკმაოდ მძიმე სანახავი და ემოციურია. ჩემი აზრით, ეს არის ფილმი, რომელიც მთავარ პერსონაჟთან ერთად, თავად მეცნიერებასაც გვაყვარებს. შეიძლება მაყურებელს მეცნიერება დიდად არ აინტერესებდეს, მაგრამ ფილმის ყურებისას ჰიპათიას და მეცნიერების მხაერეს აუცილებლად დადგება.
Interstellar
ინტერსტელარი რეალურ მეცნიერებზე არ მოგვითხრობს და ერთი შეხედვით არც დღეს აქტუალურ სამეცნიერო თემებს ეხება. თუმცა, ის რომ რაღაცას ყოველდღიურობაში ვერ აღვიქვამთ, სულაც არ ნიშნავს, რომ ეს მეცნიერებისთვის და კაცობრიობისთვის უმნიშვნელოა.
კი, შავი ხვრელები, დროში მოგზაურობა — პარადოქსები ეს თითქოს ყველაფერი ფანტასტიკაა, თუმცა რეალურად მათ უკან ავტორიტეტული მეცნიერები და სამეცნიერო თეორიებია. ამაზე მეტყველებს ისიც, რომ "ინტერსტელარის" რეჟისორმა, კრისტოფერ ნოლანმა, ფილმის გადაღებებში თანამედროვეობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფიზიკიოსი, კიპ თორნი ჩართო.
ფილმმა მოახერხა და ფართო აუდიტორიას მარტივად გააცნო მნიშვნელოვანი თეორიები, მაგალითად, ფარდობითობის თეორია. დღეს ყველამ, ვისაც "ინტერსტელარი" აქვს ნანახი, იცის, რომ დრო ფარდობითია და მისი მსვლელობა დამოკიდებულია იმაზე თუ სად იმყოფები. ეს მხოლოდ ერთი მაგალითია იმისა, თუ რატომ არის "ინტერსტელარი" ის ფილმი, რომელიც ძალიან კარგი სანახავია და ამასთან მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებელიც.
The Martian
მარსის კოლონიზაცია ეს ის თემაა, რომელზეც ყველას გვსმენია, მაგრამ რამდენად რეალურია ის? რა პირობებში მოუწევთ პირველ "მარსელებს" ცხოვრება? მარსზე საიდან გვექნება საკვები?
ეს ის შეკითხვებია რაზეც რიდლი სკოტის ფილმი "მარსელი" პასუხების გაცემას ცდილობს. "მარსელი" ენდი ვეირის იგივე სახელწოდების რომანის ეკრანიზაციაა. წიგნმა, ისევე როგორც ფილმმა, ძალიან დიდი ყურადღება დაიმსახურა.
ფილმში მთავარ როლს მეთ დეიმონი თამაშობს და ის პლანეტა მარსზე შემთხვევით დარჩენილ კოსმონავტს განასახიერებს. მნიშვნელოვანია, რომ ფილმი შორეულ მომავალზე არ არის და ის თუ როგორ ცდილობს პლანეტაზე მარტო დარჩენილი კოსმონავტი გადარჩენას და მოსავლის მოყვანას, ძალიან რეალურია.
ერთი სიტყვით, ეს ფილმი მარსის კოლონიზაციით დაინტერესებული ადამიანებისთვის ნამდვილი მისწრებაა. ხოლო ის, ვინც მარსის თემატიკით არ არის დაინტერესებული, ამ ფილმის ყურების შემდეგ, დიდი ალბათობით, მაინც დაინტერესდება.
Apollo 13
მარსი უკვე ვახსენეთ, ახლა მთვარის ჯერია. მით უმეტეს რომ მარსისგან განსხვავებით, მთვარეზე ადამიანი უკვე ნამყოფია. "Apollo 13" 1995 წელს გადაღებული ფილმია, რომელშიც მთავარ როლს ყველასათვის ცნობილი მსახიობი, ტომ ჰენკსი ასრულებს.
ფილმი რეალურ მოვლენებზეა დაფუძნებული და მთვარეზე მესამედ დაჯდომის მცდელობაზე მოგვითხრობს. წარმატების შემთხვევაში "აპოლო 13" მესამე მისია იქნებოდა, რომელიც მთვარეზე დაჯდებოდა. თუმცა, ტექნიკური გაუმართაობის გამო, ეს არ გამოვიდა. მეტიც, კოსმოსში გაშვებული კოსმონავტები უკან დასაბრუნებლები გახდნენ.
ფილმში კარგად არის ნაჩვენები კოსმონავტების ფსიქოლოგიური მდგომარეობა და მათი მთვარეზე დაჯდომის ჟინი. ფილმს არც ტექნიკური ფაქტორები აკლია."Apollo 13" ნახვის შემდეგ ყურადღებიან მაყურებელს მთვარის მისიებზე უამრავი რამ ეცოდინება.
პირადად მე ამ ფილმა გამიჩინა მთვარის მიმართ ინტერესი. ჩემთვის ეს იყო ფილმი, რომლის შემდეგაც მთვარეზე და მის მისიებზე უამრავი დოკუმენტური ფილმი ვნახე.
First Man
მთვარეზე ვერშემდგარი მისია ვახსენეთ, ამიტომ შემდგარსაც ვერ დავივიწყებთ. ნილ არმსტრონგზე და მთვარეზე ადამიანის პირველ ნაბიჯზე ყველას გვსმენია, მაგრამ რამდენად ვიცით, რა იყო ამ ყველაფრის უკან?
ფილმი "First Man" 2018 წელს გამოვიდა და პოპულარობაც მალევე მოიპოვა. შეიძლება მეცნიერება დიდად არ გაინტერესებდეს, მაგრამ ვის არ მოუნდება ნახოს ფილმი, სადაც ადამიანი, როგორც სახეობა, მთვარეზე ფეხს პირველად ადგამს?!
ფილმი მოგვითხრობს თუ რა ხდებოდა Apollo 11-ის მისიამდე და როგორ შესრულდა ის. ნილ არმსტრონგის როლს რაიან გოსლინგი ასრულებს. ფილმით ვიგებთ, თუ როგორი ცხოვრება ჰქონდა ადამიანს, რომელმაც მთვარეზე პირველი ნაბიჯი დადგა.
ეს სწორედ ის ფილმია, რომელიც კაცობრიობის იმ ნაბიჯზე მოგვითხრობს, რომელიც ერთი შეხედვით, არაფრით გამორჩეულია, მაგრამ რეალურად მის უკან უამრავი მეცნიერის საუკუნოვანი შრომაა.
Contact
როდესაც საქმე უცხოპლანეტელებს ეხება, ბევრი ფილმი გვახსენდება, მაგრამ მათგან ცოტა თუა ისეთი, რომელიც რეალურ მეცნიერებასთან არის ახლოს. "Contact" სწორედ ასეთ უმცირესობაშია და ჩემი აზრით, ის ერთ-ერთი საუკეთესო ფილმია, რაც ამ თემატიკაზე გადაუღიათ.
ფილმი 1997 წელს გამოვიდა და მისი რეჟისორი რობერტ ზემეკისია. სამეცნიერო ფანტასტიკის მოყვარულები ამ რეჟისორის მიმართ პოზიტიურად ვართ განწყობილი, მაგრამ არანაკლებ ვაფასებთ კარლ სეიგანს, რომელიც ყველასთვის ცნობილი მეცნიერი და გარკვეულწილად ფანტასტიც იყო.
"კონტაქტი" 1985 წელს, სწორედ კარლ სეიგანმა დაწერა და შემდეგ უკვე რობერტ ზემეკისმა ის ფილმად აქცია. ფილმში მთავარ პერსონაჟს — ელი ეროუს ჯოდი ფოსტერი განასახიერებს. მთავარი პერსონაჟი მეცნიერია, რომელიც უცხო ცივილიზაციის კვალს აღმოაჩენს. მისი არავის სჯერა, მაგრამ ის თავისი აღმოჩენის დასამტკიცებლად ყველაფერს აკეთებს.
კარლ სეიგანი ძლიერი მეცნიერი იყო, შესაბამისად, არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ როგორც რომანი, ისე ფილმი მეცნიერებასთან საკმაოდ ახლოს დგას. ისევე, როგორც ეს "აგორაში" ხდება, რთულია "კონტაქტის" ყურებისას მთავარი პერსონაჟი არ შეგიყვარდეს. მასთან ერთად კი ყველა ის სამეცნიერო თეორია თუ ხედვა გიყვარდება, რისიც მთავარ პერსონაჟს ასე სჯერა.
Primer
დაბოლოს, ფილმი, რომლის რეჟისორი, სცენარისტი, პროდიუსერი, მემონტაჟე, გამფორმებელი და მთავარი პერსონაჟი ერთი ადამიანია. დიახ, ეს ყველაფერი ერთმა ადამიანმა, შეინ კარუტმა ქნა. Primer-ის ბიუჯეტი 7000 დოლარია, არ გეჩვენებათ, ზუსტად ეგ არის.
ჩამოთვლილი იმაზე მეტყვლებს, რომ ფილმი სამოყვარულო უნდა იყოს და ალბათ, შეინის ნათესავების გარდა, არც არავის დააინტერესებს. საქმეც იმაშია, რომ არა! დროში მოგზაურობაზე უამრავი ფილმი გადაღებულა, მაგრამ ცოტა თუა ისეთი საინტერესო, დაძაბული და რაც მთავარია, რეალური, როგორც Primer.
ფილმის შემქმნელი, შეინ კარუტი რეალურ ცხოვრებაში მათემატიკის მაგისტრია და პროგრამისტად მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. აქედან გამომდინარე, ფილმი მეცნიერული თვალსაზრისით კარგად გამართულია და რაც მთავარია, სიუჟეტიც იმდენად ჩახლართულია, რომ ყურებისას ორი წამითაც ვერ მოიწყენ.
ერთი სიტყვით, ჩვენს ათეულს ამ ფილმით ვასრულებთ. Primer იმის მაგალითია, თუ როგორ შეიძლება მეცნიერების და ხელოვნების სიყვარულმა ადამიანს სულ რაღაც 7000 დოლარად ძალიან მაგარი ფილმი გადააღებინოს.
კომენტარები