უცნაური შორეული ობიექტი კოსმოსიდან ულტრა დაბალი სიხშირის სიგნალებს აგზავნის
მკვლევრების აზრით, ეს ობიექტი კოსმოსურ მედუზას ჰგავს
მკვლევრებმა შორეული გალაქტიკების კლასტერში არსებული მედუზის ფორმის ობიექტიდან მომავალი ულტრა დაბალი სიხშირის რადიოსიგნალები დააფიქსირეს.
ScienceNews-ს მიხედვით, ეს მისტიკური ობიექტი დედამიწიდან 340 მილიონი სინათლის წლის დაშორებით, Abell 2877 გალაქტიკების კლასტერში მდებარეობს. The Astrophysical Journal-ში გამოქვეყნებული მოხსენების ავტორებმა ულტრა დაბალი სიხშირის რადიოსიგნალებისა და ობიექტის მკაფიო ფორმის დასაფიქსირებლად დასავლეთ ავსტრალიის Murchison Widefield Array (MWA) რადიო ტელესკოპი გამოიყენეს.
"როდესაც მონაცემების შესწავლა დავიწყეთ, სიხშირის შემცირების შედეგად გამოიკვეთა მოჩვენების მსგავსი მედუზის ფორმის სტრუქტურა გამოიკვეთა", — განაცხადა თავის პრეს რელიზში ტორენს ჰოჯსონმა, მოხსენების მთავარმა ავტორმა და პერტის რადიო ასტრონომიული კვლევების საერთაშორისო ცენტრის PhD კანდიდატმა.
მკვლევრებმა ობიექტს "USS jellyfish", ანუ ულტრა მკვეთრი სპექტრის რადიო სიგნალების მედუზა უწოდეს.
340 მილიონი წლით დაშორებული ობიექტიდან მომავალი რადიოსიგნალების შესწავლა დიდ გამოწვევას წარმოადგენს.
"მედუზის უძველესი ისტორიის გასაგებად კოსმოსური არქეოლოგიის ჩატარება მოგვიწია", — თქვა ჰოჯსონმა თავის პრეს რელიზში.
თუმცა, მეცნიერებმა შეიმუშავეს თეორია იმის შესახებ, თუ საიდან უნდა მოსულიყო ეს მედუზა. თეორიის მიხედვით, მედუზის წყარო ზემასიური შავი ხვრელია, რომელმაც, დაახლოებით ორი მილიარდი წლის წინ, "პლაზმის მძლავრი ნაკადები" წარმოშვა.
"პლაზმა თანდათან უმოქმედო, წყნარ ფაზაში გადავიდა", — ამბობს ჰოჯსონი. "შემდეგ კი, სულ ცოტა ხნის წინ, სავარაუდოდ, ორი რამ მოხდა — პლაზმამ დაიწყო შერევა და, ამავდროულად, სისტემაში დაბალენერგეტიკულმა ტალღებმა გაიარეს. ამან კვლავ გააცოცხლა პლაზმური მედუზა".
საბედნიეროდ, კოსმოსური მედუზის შესახებ ახალი ინფორმაციის გასაგებად დიდხანს არ მოგვიწევს მოცდა. ამის იმედს ახალი Square Kilometre Array (SKA) ტელესკოპი იძლევა, რომლის მშენებლობაც უკვე დაიწყო. მკვლევრები ფიქრობენ, რომ რადიო ტელესკოპი მათ ობიექტზე მეტი მონაცემების მოპოვების საშუალებას მისცემს.
"SKA-ს მგრძნობელობა რამდენიმე ათასჯერ მეტი იქნება MWA-სთან შედარებით და რეზოლუციას ბევრად უკეთესი ექნება. აქედან გამომდინარე, მისი ამოქმედების შემდეგ, შესაძლოა, ბევრი სხვა მისტიური რადიო მედუზა აღმოვაჩინოთ", — განაცხადა თავის პრეს რელიზში მოხსენების თანა ავტორმა და ჰოჯსონის ზედამხედველმა, პროფესორმა მელანი ჯონსონ-ჰოლიტმა.
SKA ტელესკოპო მკვლევრებს სამყაროს პირველი გალაქტიკების დანახვის საშუალებასაც მისცემს.
კომენტარები