ასტრონომებმა შავი ხვრელის ყველაზე დეტალური ფოტო გამოაქვეყნეს
2019 წელს ასტრონომებმა შავი ხვრელის პირველი ფოტო გამოაქვეყნეს. ეს მოვლენა მეცნიერთა საზოგადოებამ ერთ-ერთ უდიდეს მიღწევად მონათლა. ახლა კი, მკვლევართა იმავე გუნდმა გამოაქვეყნა იმავე ობიექტის — Messier 87 (M87)-ის ცენტრში მდებარე შავი ხვრელის სრუალიად ახალი ფოტო. M87 ზეგიგანტური გალაქტიკაა, რომელიც დედამიწიდან 53 სინათლის წლის დაშორებით მდებარეობს.
ახალი სურათი, რომელიც მეცნიერებმა Event Horizon Telescope (EHT) თანამშრომლობის ფარგლებში გადაიღეს, ასახავს შავ ხვრელს პოლარიზებულ სინათლეში — სხვა სიტყვებით, მასზე ვხედავთ შავი ხვრელის მაგნიტურ ველებს. აღსანიშნავია, რომ EHT-ში 200 მეცნიერია გაწევრიანებული. უპრეცედენტო დაკვირვებებისთვის ისინი ტელესკოპების გლობალურ ქსელს იყენებენ.
"ეს სურათი უმნიშვნელოვანეს ინფორმაციას შეიცავს იმის შესახებ, თუ როგორ იქცევიან მაგნიტური ველები შავი ხვრელის გარშემო და რა გავლენა აქვს კოსმოსის ამ კომპაქტურ რეგიონს მაღალენერგეტიკული ნაწილაკების ნაკადებზე, რომლებიც მთელ სივრცეშია გადაჭიმული", — განაცხადა მონიკა მოშჩიბროცკამ, EHT-ს პოლარიმეტრიის სამუშაო ჯგუფის კოორდინატორმა და ასისტენტ პროფესორმა ნიდერლანდების რედბუდის უნივერსიტეტიდან.
პოლარიზებულ სინათლეში აღნიშნული შავი ხვრელის დანახვის შედეგად, შესაძლებელი გახდა ამ ობიექტის უფრო დეტალურად შესწავლა და მისი მაგნიტური ველის ძალწირების რუკის შედგენაც.
ფილტრების გავლის შემდეგ სინათლე პოლარიზდება, რაც მეცნიერებს საშუალებას აძლევს, შეამცირონ არეკლილი თუ პირდაპირ წამოსული სინათლე სხვა უფრო ნათელი ობიექტებიდან. პოლარიზებულ სინათლეში შავი ხვრელის დაფიქსირების შედეგად, მათ შეძლეს აღნიშნული ობიექტის უფრო მაღალი დეტალურობით შესწავლა.
ახალმა სურათმა, შესაძლოა, მნიშვნელოვნად შეცვალოს ჩვენი წარმოდგენა შავი ხვრელების შესახებ და მეცნიერებს მაღალენერგეტიკული ნაწილაკების ნაკადების შესწავლაშიც დაეხმაროს.
იმ ნივთიერებებისგან, რომელსაც შავი ხვრელი ჩაიჭერს და კოსმოსში გაიტყორცნის, ფორმირდება მაღალენერგეტიკული ნაწილაკების ნაკადები, რომლებიც M87 გალაქტიკის ცენტრიდან 5 000 სინათლის წლის მანძილზეა გადაჭიმული. ეს ნაკადები ასტრონომებისთვის დღემდე წარმოადგენს გალაქტიკურ პაზლს და ისინი იმედოვნებენ, რომ ახალი ფოტო მათ ამ თავსატეხის ამოხსნაში დაეხმარება.
კომენტარები