როგორია ახალგამოსული OnePlus 9 Pro და OnePlus 9 — მონაცემების განხილვა
გასულ კვირებში ინფორმაცია OnePlus-ის ახალი სმარტფონების შესახებ აქტიურად ვრცელდებოდა. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავი კომპანიამ თვითონ გაგვანდო და კამერების ლეგენდარულ მწარმოებელთან, Hasselblad-თან, სამწლიანი თანამშრომლობის შესახებ გვამცნო.
სმარტფონების შესახებ სასაუბრო საკმაოდ ბევრია, ამიტომ მათი განხილვა სათითაოდ დავიწყოთ.
OnePlus 9 Pro
Oneolus 9 Pro სმარტფონების ახალი ხაზის ყველაზე ძლიერი წარმომადგენელია.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება ახალი კამერებია, რომელთა შექმნაშიც OnePlus-ს Hasselblad ეხმარებოდა და 9 Pro-ში ამ კამერათა საუკეთესო კომბინაციაა წარმოდგენილი. შვედური კამერების მწარმოებლის მთავარი დავალება ფერთა კორექციის გამოსწორება იყო.
მთავარი კამერა Sony-ს IMX 789 სენსორს იყენებს. მისი ზომა 1/1,43 ინჩია და გაფართოება 48 მეგაპიქსელს შეადგენს.
სენსორს 12 ბიტიანი RAW ფორმატის ფოტოსურათების გადაღებაც შეუძლია.
სმარტფონის კამერის აპლიკაციაში არსებული Hasselblad Pro რეჟიმი ფოტოსურათისათვის სწორი პარამეტრების შერჩევაში დაგეხმარებათ.
მთავარ კამერას 8K ვიდეოს გადაღება 30 fps-ით შუეძლია, აქვეა 4K გადაღების რეჟიმიც, რომლითაც 120 fps-იანი შენელებული ვიდეოების გადაღებაც შეიძლება.
სმარტფონის უკან ჯამში ოთხი კამერაა. ამ ოთხიდან ერთ-ერთი მონოქრომულია და მთავარ კამერას შავ-თეთრი კადრების გადაღებაში ეხმარება.
ულტრაფართო კამერაც სონის სენსორს იყენებს. ამჯერად IMX766 გვაწონებს თავს. მისი ზომა 1/1,56 ინჩია და გაფართოება 50 მეგაპიქსელს შეადგენს. კამერას ავტოფოკუსიც აქვს, რაც მაკრო ფოტოგრაფიის საშუალებასაც გვაძლევს და ფოკუსირების მანძილად 4 სანტიმეტრს გვპირდება.
სმარტფონის ოთხ კამერას შორის პერისკოპული სენსორი არ შედის, თუმცა მას ტელეფოტო ლინზა ანაცვლებს 8 მეგაპიქსელითა და 3,3x ოპტიკური ზუმით.
OnePlus 9 Pro-ში ახალ, Fluid Display 2,0-ს შევხვდებით. ეს 6,7 ინჩიანი, 120 ჰერციანი LTPO პანელია, რომელიც გვპირდება, რომ 50%-ით უფრო ენერგოეფექტური იქნება. დაზოგვა ახალი ფუნქციის ხარჯზე ხდება, რომელიც სმარტფონს საშუალებას აძლევს ცვალოს განახლების სიხშირე 1Hz-დან 120-მდე საჭიროებისამებრ. თუ თქვენ რაიმეს კითხულობთ ან უბრალოდ Always On Display არის ჩართული, მაშინ ის 1Hz-ს გამოიყენებს, თუ ფილმს ჩართავთ 24 ჰერცზე გადავა, ხოლო თუ Fortnite-ის თამაშს გადაწყვეტთ 90 ჰერცზეც თავისუფლად იმუშავებს.
ეკრანის გაფართოება 1440p+ შეადგენს და პიკური სინათლე 1 300 ნიტს აღწევს.
რაც შეეხება სმარტფონის ჩიპსეტს — OnePlus 9 Pro აღჭურვილია Snapdragon 888 პროცესორით, უსწრაფესი LPDDR5 ოპერატიული მეხსიერებითა და ასევე ძალიან სწრაფი UFS 3.1 შიდა მეხსიერებით.
ოპერატიული მეხსიერება 8 გიგაბაიტიდან იწყება და 12-მდე ადის. შიდა მეხსიერების მხრივ კი სმარტფონის ორი ვარიანტი გვაქვს, 128 გიგაბაიტიანი და 256-იანი.
ახალ ეკრანთან და კამერებთან ერთად OnePlus-მა უსადენო დამუხტვის ახალი შესაძლებლობებიც წარმოგვიდგინა. ახალ უსადენო დამტენს სმარტფონის დატენვა, 50 ვატით, 1-დან 100%-მდე, სულ რაღაც 43 წუთში შეუძლია. ახალი დამტენის საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ მასში ორი კოჭაა, რომელიც 25-25 ვატით ტენის სმარტფონში არსებულ ორ ცალ-ცალკე მყოფ ელემენტს. დიახ, არ მოგესმათ, OnePlus 9 Pro-ს ორი ელემენტი აქვს, ჯამურად 4500 მილიამპერი მოცულობით. მათი დატენვა ერთდროულად, პარალელური დამუხტვით შეიძლება, სწორედ ამიტომ სმარტფონი განუზომლად სწრაფად იტენება. აღსანიშნავია, რომ ამ უსადენო დამტენის ყიდვა ცალკე მოგიწევთ.
თუმცა, თუ უბრალოდ კაბელით დატენვაზეც თანახმა ხართ, მაშინ თქვენთვის კარგი ამბავი გვაქვს. OnePlus 2021 წლის ტრენდს არ აყვა და სმარტფონს დამტენი ყუთშივე მოჰყვება.
სადენით დამუხტვის შემთხვევაში, რიცხვები კიდევ უფრო განსაცვიფრებელია. სმარტფონს 65W სწრაფი დამუხტვის ფუნქცია აქვს და 1-დან 100%-მდე ასვლას სულ რაღაც 29 წუთს ანდომებს.
რაც შეეხება ვიზუალს, სმარტფონი ორივე მხრიდან შუშითაა შესრულებული, დამცავ შრედ Gorilla Glass შუშა გვხვდება.
სმარტფონი სამ ფერშია წარმოდგებილი — Morning Mist ვერცხლისფერია მცირედით შავში გარდამავალი. Stellar Black სოლიდურ შავ ფერს გვთავაზობს, თუმცა ისიც პრიალა ზედაპირით იქნება და თითის ანაბეჭდები მარტივად დაეტყობა. სწორედ ამ უკანასკნელი მიზეზის გამო, ყველაზე საინტერესო ფერი Pine Green აღმოჩნდა.
მწვანე ფერის შემთხვევაში, OnePlus-მა შუშა სხვანაირად დაამუშავა, მას არც ანარეკლი ექნება და არც ანაბეჭდებს მიიკრავს, რაც ალბათ, დამეთანხმებით, რომ ყველაზე კარგი გადაწყვეტილებაა.
სმარტფონი წყლისგან და მტვრისგან IP68 სერთიფიკატითაა დაცული.
OnePlus 9
OnePlus 9-მ კამერის სხვა მოდული მიიღო, თუმცა Hasselblad მწარმოებელთან ამ შეთმხვევაშიც მუშაობდა. მთავარ სენსორად აქ შედარებით ძველი IMX689 არის წარმოდგენილი 1/1,43 ინჩითა და 48 მეგაპიქსელი გაფართოებით.
9 Pro-სგან განსხვავებით აქ არ გვაქვს გამოსახულების ოპტიკური სტაბილიზაცია (OIS). ვიდეო გადაღებისას ისევ ვხვდცებით 8K 30 fps რეჟიმს, თუმცა 4K 120 fps ხელმიუწვდომელია და მაქსიმუმ 60 fps-ით შეგვიძლია გადაღება. აღსანიშნავია, რომ Hasselbad Pro Mode ისევ ჩვენ განკარგულებაში იქნება.
კარგი ამბავი ისაა, რომ ფართთოკუთხოვანი კამერა ამ შემთხვევაშიც იგივე, 50 მეგაპიქსელიანი IMX 766 სენსორია.
OnePlus 9-ს სულ სამი კამერა ექნება, მესამე მონოქრომული ლინზაა, რაც ცოტა გაუგებარი გადაწყვეტილებაა, რადგან ტელეფოტო ლინზის შენარჩუნება უფრო ლოგიკური გადაწყვეტილება იქნებოდა.
სმარტფონის ეკრანი, ამ შემთხვევაში, პირველი თაობის Fluid Display იქნება, 120 ჰერციანი განახლების სიხშირით, თუმცა ადაპტირებადობის გარეშე. ეკრანის ზომა 6,55 ინჩს შეადგენს და მისი გაფართოება 1080p+ იქნება. პიკური სინათლე 1 100 ნიტს მიაღწევს.
9 Pro-ს მგავსად, აქაც Snapdragon 888 ჩიპსეტს ვხვდებით, LPDDR5 ოპერატიული და UFS 3.1 შიდა მეხსიერებით.
საბაზისო მოდელს 65 ვატიანი სადენიანი დამუხტვის ფუნქციაც ექნება, თუმცა უსადენოდ მხოლოდ 15 ვატით შევძლებთ მის დატენვას.
OnePlus-ის ორივე ახალ მოდელს ორმაგი სტერეო დინამიკები ექნება. წინა კამერადაც ერთსა და იმავე 16 მეგაპიქსელიან IMX 471 სენსორს გამოიყენებენ, რომელსაც ფიქსირებული ფოკუსი და f/2,4 ექნება.
OnePlus 9 ასევე სამ ფერში, Winter Mist, Arctic Sky, Astral Black იქნება ხელმისაწვდომი.
ფასები
OnePlus 9 Pro 8/128 გიგაბაიტიანი ვერსია 970 დოლარი ეღირება, ხოლო 12/256-ის ფასი 1070 დოლარიდან დაიწყება.
OnePlus 9 შედარებით იაფი ღირს, მისი საწყისი ფასი 730 დოლარია, ხოლო 12/256 გიგაბაიტიანი ვერსია 830 დოლარი ეღირება
კომენტარები