ვიდეოთამაშები ისე ვითარდება, რომ მისთვის სახელის გადარქმევა მოგვიწევს — Neuralink-ის თანადამფუძნებელი
ვიდეოთამაშები სულ უფრო იხვეწება. დღეს თითქმის ფოტორეალისტური გრაფიკის და უამრავი გასაოცარი სამყაროების შექმნის საშუალება გვაქვს. ამას ემატება ვირტუალური რეალობის ტექნოლოგიები, რაც კომპიუტერულ თამაშებს კიდევ უფრო დამაჯერებელს ხდის.
თუმცა, როგორც ჩანს, ეს ყველაფერი არ არის. Neuralink-ის თანადამფუძნებლის და დირექტორის, მაქს ჰოდაკის თქმით, ვიდეოთამაშები ისე ვითარდება, რომ მისთვის სახელის გადარქმევაც მოგვიწევს. ჰოდაკს მიაჩნია, რომ "ეს" უბრალოდ "ვიდეოთამაშები" ვეღარ იქნება, საუბარია საერთოდ ახალ შესაძლებლობებზე, ბევრად უფრო კომპლექსურზე, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია. ეს არის ნერვული იმპლანტები, რაც ტვინის და კომპიუტერის დაკავშირებას მოიცავს.
"ჩვენ ახალ ეტაპზე გადავდივართ. ნერვული იმპლანტები ადამიანის და კომპიუტერის ურთიერთობას ბოლომდე შეცვლიან. შესაბამისად, "ვიდეოთამაშზე" უკეთესი ტერმინი დაგვჭირდება.“ — ამბობს ჰოდაკი.
ჰოდაკი ახალ შესაძლებლობებზე საუბრობს, სადაც თამაშს არა მხოლოდ ვუყურებთ, არამედ, მასთან ტვინით და სენსორებით ვართ დაკავშირებული. ასეთი ვიდეოთამაშები, თუ რასაც მას ვუწოდებთ, თანამედროვე კომპიუტერული თამაშებისგან ნამდვილად განსხვავებული იქნება და მისი რეალური სამყაროსგან გარჩევა ბევრად რთული იქნება.
იგივეს ფიქრობს, Neuralink-ის კიდევ ერთი დამფუძნებელი, ილონ მასკი. მას მიაჩნია, რომ Neuralink ციფრულ სამყაროში რევოლუციას მოახდენს და მასთან კიდევ უფრო დაგვაკავშირებს. მან ცოტა ხნის წინ, გამოაცხადა, რომ კომპანიას ტვინის იმპლანტიანი მაიმუნი ჰყავს, რომელიც ვიდეოთამაშებს ართმევს თავს.
მსგავსი მაიმუნი შეიძლება ის არ არის, რაზეც ჰოდაკი საუბრობს, მაგრამ თავად ფაქტი მიგვანიშნებს, რომ Neuralink ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს. საინტერესოა, რა იქნება ვიდეოთამაშების მომავალი, როგორც ჩანს, შეიძლება ეს სიტყვა ხმარებიდან ამოვარდეს კიდევაც.
კომენტარები