ფიზიკოსები ჭიის ხვრელებში უსაფრთხოდ მოგზაურობის ახალ იდეას გვთავაზობენ
ჭიის ხვრელები ჰიპოთეტური კოსმოსური პორტალებია. მისი გამოყენებით, თეორიულად, შესაძლებელია სივრცის ერთი წერტილიდან მეორე წერტილში მომენტალურად გაჩენა. ასეთ დროს თქვენ გზას "ამოკლებთ" და არ გიწევთ უსაზღვროდ დიდი მანძილის გავლა.
ეს ყველაფერი თეორიებია, მაგრამ რა მოხდება თუ ამ ყველაფერს მართლა შევძლებთ?
როდესაც ამაზე ვსაუბრობთ, ხშირია სპეკულაციები, მაგრამ თუ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებულ კვლევას დავუჯერებთ, მსგავსი ჭიის ხვრელების გამოყენება შეიძლება მართლა შევძლოთ და ეს არ იქნება ისეთ შორეულ მომავალში, როგორც ერთი შეხედვით წარმოგვიდგენია.
მკვლევართა ორმა ცალკეულმა ჯგუფმა შემოგვთავაზა ახალი თეორიები იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება ჭიის ხვრელის დასტაბილურება, რომ მასში გავლა შევძლოთ. ორივე ნაშრომი ჟურნალ Physical Review Letters-ი გამოქვეყნდა.
ჭიის ხვრელები სამეცნიერო ფანტასტიკისთვის საყვარელი ინსტრუმენტია. ამ ჟანრის ფილმებში თუ წიგნებში, ასეთ პორტალებს ხშირად იყენებენ, თუმცა, რეალურ სამყაროში მათი არსებობა ჯერ კიდევ არ არის დამტკიცებული. ამის გარდა, არსებობს გრავიტაციული კოლაფსის პრობლემა და ის რომ ასეთი ჭიის ხვრელები შეიძლება წამიერად იშლებოდეს.
ამიტომ, ზოგიერთი თეორეტიკოსი უარყოფითი ნივთიერების, იგივე ეგზოტიკური მატერიის გამოყენებას გვთავაზობს და მიაჩნიათ, რომ ამით ჭიის ხვრელს შევინარჩუნებთ და მისი კოლაფსირება აღარ მოხდება.
თუმცა, როგორც ხოსე ბლასკეს-სალცედო და მისი კოლეგები ვარაუდობენ, ეგზოტიკური მატერია შეიძლება საერთოდაც არ დაგვჭირდეს. მათ ნიმუშში, მატერია ფერმიონებისგან — ელემენტარული ნაწილაკებისგან შედგება, რასაც ბევრი მატერიის საშენ მასალადაც მოიხსენიებს ხოლმე.
ფერმიონების მასისა და მუხტის შეცვლით, ბლაზკეს-სალცედო ამტკიცებს, რომ "გავლადი" ჭიის ხვრელები ნამდვილად იარსებებს. თუმცა, ეს იმ შემთხვევაში, თუ ჭიის ხვრელში მთლიანი მუხტის თანაფარდობა საერთო მასასთან უფრო დიდია ვიდრე შავი ხვრელების მიერ თავდაპირველად დადგენილი თეორიული ზღვარი.
მიუხედავად ამისა, ჩნდება კიდევ ერთი პრობლემა — შემოთავაზებული ჭიის ხვრელები მხოლოდ მიკროსკოპული იქნება და იქ ადამიანის "გავლა" შეუძლებელი უნდა იყოს.
თუმცა, კვლევაში სალცედოს და მის კოლოეგებს ამ პრობლემის გადაჭრის შესაძლებლობები უფრო დიდი ჭიის ხვრელებისთვისაც აქვთ წარმოდგენილი. მათი ხუთგანზომილებიანი ჭიის ხვრელი, როგორც ნაშრომშია აღწერილი, ადამიანს თეორიულად წამში მთელი გალაქტიკის დაფარვის საშუალებას აძლევს.
ასევე მნიშვნელოვანია დროის ფენომენი, რის მიხედვითაც უშუალოდ ჭიის ხვრელში "მოგზაურისთვის" ერთი წამი გავა, ხოლო ხვრელის გარეთ მყოფთათვის ეს ათასობით წელი შეიძლება იყოს. ამიტომ არის, რომ ჭიის ხვრელებს დროში მოგზაურობის გულშემატკივრები და ზოგადად ფანტასტები ხშირად მიმართავენ ხოლმე.
კომენტარები