Microsoft Edge ბრაუზერს მხარდაჭერა დღეს შეუწყდება. აღნიშნული ეხება არა ახალ ქრომიუმზე დაფუძნებულ ეჯს, არამედ ძველს, რომელმაც Internet Explorer 11 ჩაანაცვლა. Microsoft მას დღეს Legacy Edge-ს ეძახის.

მხარდაჭერის შეწყვეტის შესახებ მაიქროსოფტმა განცხადება აგვისტოში გააკეთა და ეს დღეც დადგა. Legacy Edge აღარ მიიღებს არც უსაფრთხოებისა და არც სხვა სახის განახლებას. შესაბამისად, მის მომხმარებლებს სხვა ბრაუზერის ძებნა მოუწევთ.

Legacy Edge პირველად Windows 10-ს მოჰყვა და ის სისტემის მთავარი ბრაუზერი იყო. 2020 წლის იანვარში მაიქროსოფტმა ახალი, ქრომიუმზე დაფუძნებული Edge გამოუშვა და ლეგასი ჩაანაცვლა.

Legacy Edge აპრილში, ვინდოუსის განახლებასთან ერთად წაიშლება ჩვენი კომპიუტერებიდან.