Clubhouse-მა ანდროიდ ვერსიაზე მუშაობა დაიწყო
Clubhouse-მა Android აპლიკაციების დეველოპერი — Mopewa Ogundipe დაიქირავა. ამით კი ცხადი ხდება, რომ სტარტაპი იწყებს მუშაობას აპლიკაციის ანდროიდ ვერსიაზე. ამაზე დეველოპერის ტვიტიც მეტყველებს. ამ დეველოპერს აქამდე (2014 წლიდან) უმუშავია Instagram-ში, Khan Academy-სა და Medium-ში.
როგორც ჩანს, ექსკლუზიურად iOS-ის მომხმარებელთათვის ხელმისაწვდომი აპლიკაციით სარგებლობას მალე Android-ის მომხმარებლებიც შეძლებენ.
აღსანიშნავია, რომ ახალბედა სოციალურმა ქსელმა უკვე 10 მილიონ მომხმარებელს მიაღწია. რაც საკმაოდ სწრაფი ზრდაა ამ ტიპის აპლიკაციისთვის. აქვე შეგიძლიათ თვალი შეავლოთ, როგორ გაიზარდა მისi მომხმარებელთა რიცხვი, მხოლოდ iOS ვერსიის ხელმისაწვდომობის მიუხედავად.
- 2020 წლის სექტემბერი: 2 000 გადმოწერა;
- 2020 წლის ოქტომბერი: 18 000 გადმოწერა;
- 2020 წლის ნოემბერი: 71 000 გადმოწერა;
- 2020 წლის დეკემბერი: 994 000 გადმოწერა;
- 2021 წლის იანვარი: 2 400 000 გადმოწერა;
- 2021 წლის 1-18 თებერვალი: 6 700 000 გადმოწერა.
Clubhouse 2020 წლის მარტში გამოვიდა, თუმცა, როგორც ვხედავთ, 2021 წლის პირველი ორი თვე მისთვის გადამწყვეტი აღმოჩნდა. მომხმარებელთა რაოდენობა ზრდას არ წყვეტს, აპლიკაციის გამოყენების სურვილს გამოთქვამენ Android-ის მომხმარებლებიც. საპასუხოდ, სოციალური ქსელი, სადაც მხოლოდ აუდიო კომუნიკაციის დამყარებას შეძლებთ, განაწყენებული ანდროიდის მომხმარებლების შემორიგებაზე უკვე მუშაობს.
აპლიკაციის ანდროიდ ვერსიაზე მუშაობას სტარტაპის თანადამფუძნებლები პოლ დევისონი და როჰან სეტი იანვარში, Andreessen Horowitz-ისგან მიღებული ინვესტიციის საფუძველზე გეგმავენ. ამ დროს ახალმა სოციალურმა ქსელმა, დაახლოებით, 100 მილიონი დოლარი მოიზიდა, რამაც Clubhouse-ს ბაზარზე 1 მილიარდიანი ღირებულება მოუტანა.
Clubhouse-ის მომხმარებელთა რიცხვი სწრაფად იზრდება. ხოლო ანდროიდ აპლიკაციის შექმნა კი, ცხადია, ამ ტენდენციაზე მხოლოდ პოზიტიურად აისახება.
ასევე იხილეთ:
კომენტარები