რუსეთის პატარა ქალაქში ლურჯი ძაღლები გამოჩნდნენ
რუსეთი ყველამხრივ უცნაური ქვეყანაა. თან რაც უფრო აღმოსავლეთით მიდიხართ, "უცნაურობის კოეფიციენტი" აშკარად იზრდება. ამჯერად, ძერჟინკში არსაიდან ლურჯ ძაღლებს გადააწყდნენ.
თავდაპირველად ყველა გაოცებული იყო, თუმცა ცხოველთა უფლებების დამცველმა ორგანიზაციებმა მალევე ივარაუდეს, რომ ლურჯი შეფერილობა ცხოველებმა, სავარაუდოდ, მავნე ქიმიკატებისგან მიიღეს.
Moscow Times-ის მიხედვით, ქალაქ ძერჟინსკში მიტოვებული ქარხანაა, რომელიც ჯერ კიდევ 2015 წელს გაკოტრდა, თუმცა, როგორც ჩანს, ქარხანაში საღებავი ქიმიკატები, მაგალითად, სპილენძის სულფატი დარჩა. სავარაუდოდ, ქუჩის ძაღლები ზამთარში ამ ქარხანას აფარებენ თავს და შემთხვევით, ზემოხსენებულ ქიმიკატებთან კონტაქტში შევიდნენ.
როგორც არ უნდა იყოს, ლურჯი შეფერილობა მათი ჯანმრთელობისთვის დიდად კარგი ამბავი არაა. დიდი ალბათობით საღებავი ჯანმრთელობისთვის მავნე ნივთიერებებს შეიცავს, რაც ძაღლებში ქავილის და წვის შეგრძნებას განაპირობებს.
ძერჟინსკის ადგილობრივი წარმომადგენლების მითითებით, ძაღლები ვეტერინარიულ კლინიკაში წაიყვანეს, სადაც მათ ანალიზები უტარდებათ. კარგი ამბავი კი ისაა, რომ 2 ძაღლს უკვე ახალი პატრონი გამოუჩნდა.
კომენტარები